თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადიაკვნოს შესასვლელთან, თეთრი მარმარილოს ფილის ქვეშ განისვენებს წმიდა იოანე მანგლელის ნეშტი. ჩვენში, სამწუხაროდ, ბევრმა არამცთუ ამ საფლავის, თვით წმინდანის შესახებაც არაფერი იცის. არადა, ჩვენს დიდი წინაპრებს დიდი სასოება ჰქონდათ მისდამი. იმიტომაც დაუკრძალავთ სიონის ტაძარში მირონმწთოლარე მისი სხეული, რომ დაეცვა სამეუფო ქალაქი და სრულიად საქართველო.
წმინდა იოანე 1666 წელს დაბადებულა თავად გიორგი სააკაძის ოჯახში (ეს სხვა გიორგია, დიდი მოურავი არ გეგონოთ). ერისკაცობაში იოსები რქმევია. მორწმუნე მშობლებს კეთილი თესლი ჩაუდიათ იოსების სულში და ისიც უდაბნოში წასულა მის ასაღორძინებლად.
დავით-გარეჯის ბერთუბნის მონასტერში აღზრდილა იოსები. იქვე აღუკვეცავთ ბერად და იოანე უწოდებიათ. „მრავალი წელი დაჰყო ქვებსა შინა ბერთუბნისასა“. ცრემლით მოურწყავს სამყოფელი თვისი. ძალზე ლმობიერი გული ჰქონია. დიდად მოწყალე ყოფილა გლახაკთა და სნეულთა მიმართ. შემდგომში, უკვე მღვდელმონაზონს, მრავალი გლახაკი და ობოლი აღუზრდია „საფასითა და შრომითა თვისითა“. ზოგი სამღვდელო ხარისხამდე სრულყო, ზოგი ერისკაცად დარჩა.
პირუთვნელი იყო წმიდა იოანეს მსჯავრიც. ირანის შაჰმა საქართველოში განმგებლად გათათრებული იესე გამოგზავნა, რომელიც ტახტზე 1714 წელს ავიდა. რჯულშეცვლილი მეფე ცდილობდა, დაეთრგუნა ქრისტიანობა და მის წილ უცხო რჯული გაევრცელებინა. ისე გათავხედდა, თავის დედისძმას, ქაიხოსრო ამირეჯიბს, ცოლი წაართვა. „კათალიკოს-ეპისკოპოზთა და უმეტესად იოანე სააკაძემ“ მკაცრად ამხილეს, მაგრამ იესემ არად ჩააგდო წმინდა მამათა შეგონება. უთქვამს, მაჰმადიანი ვარ, ჩვენში კი ასეთი წესიაო. მერე ქართლში ვახტანგ VI-ის ძე ბაქარი გამეფდა და იესე ციხეში ჩასვა.
ბაქარმა შეამჩნია იოანეს ნიჭი, მისი ავტორიტეტი, განსწავლულობა და მანგლისის კათედრაზე ეპისკოპოსად აკურთხებინა. მანგლისის ეპარქია მალე ოსმალებმა მოსრეს და წმინდა იოანე იძულებული გახდა, ხირსის მონასტერში გახიზნულიყო. მერე კი...
ეპარქია დაკარგა, მაგრამ სამკალი უკეთესი პოვა; აღიჭურვა სახარებით, ჯვრით და დაადგა გზას. ჯერ კახეთი მოვლო ქადაგებით, შემდეგ დაღესტანში გადავიდა. თავისი ცხოვრებითა და სასწაულებით მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. 1724 წელს დარუბანდში ჯერ ხის სამლოცველო აღმართა, მერე კი მის ადგილას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ქვის ეკლესია ააგო. დაღესტანში თერთმეტი სასულიერო პირი ახლდა თან, თავისივე გამოზრდილნი. აქ მრავალი ლეკი შემატებია მის სამწყსოს. ისეთი სახელი გაუვარდა წმინდა მღვდელმთავარს, თვით პეტრე დიდის ყურამდეც მისულა მისი ამბავი. იმპერატორსა და ვახტანგ VI-ს ნივთიერი შემწეობაც აღმოუჩენიათ ღირსი მამისთვის.
1737 წელს იოანემ დაღესტანში მოწაფეები დატოვა და ასტრახანში, სამების მონასტერში დასახლდა. იმჟამად იქ იმყოფებოდნენ ვახტანგ მეექვსე და ემიგრანტი ქართველებიც. დიდი ნუგეში მოჰგვარა მათ წმინდა მამის გვერდით ცხოვრებამ. წმინდა იოანემ ასტრახანშიც ააშენა ტაძარი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე აკურთხა. შემდგომ ეს ტაძარი რუსეთი მთავრობამ მონასტრად გადააკეთა.
ასტრახანში შეიტყო, რომ ყიზლარში მრავალი ქართველი ესახლა, ეკლესია კი არ ჰქონდათ. შეებრალა წმინდა მამას ქრისტეს მცირე სამწყსო და დასახმარებლად მიაშურა. მალე მან ყიზლარში ჯვართამაღლების ეკლესია ააგო და იქვე სკოლაც გახსნა, სადაც მქადაგებლებსა და მისიონერებს ამზადებდნენ. განსაკუთრებით იღვაწა ღირსმა მამამ ოსებისა და ინგუშების მოსაქცევად. მან იოსებ სამებელთან (ქვაბულიძესთან) ერთად შეადგინა პროექტი, რომელიც წმინდა სინოდს წარუდგინეს. 1746 წელს სინოდმა პროექტი დაამტკიცა. ამგვარად დაარსდა ოსეთის ქრისტიანობის აღდგენის კომისია, რომლის წევრებსაც მიეცათ ჯამაგირი და არსებობისა და ქადაგების საშუალება. მისია ძირითადად ქართველი სამღვდელოებისგან შედგებოდა. მათ კარგად იცოდნენ ოსური ენა და ხალხის ზნე-ჩვეულება. მისიას გარდაცვალებამდე წმინდა იოანე ხელმძღვანელობდა.
მრავალი სული მოიქცა ქრისტესკენ. ღირსი მამის ლოცვით მრავალს მიემადლა კურნება ხორციელ თუ სულიერი სნეულებათაგან. ნიშ-სასწაულებით სიცოცხლეშივე განადიდა უფალმა თავისი მსახური. მისი სულიერი შვილები ჰყვებოდნენ: ერთხელ, წირვისას, როცა სამღვდელონი წმინდა ტრაპეზის წინ იდგნენ და იგალობებოდა „წმიდაო ღმერთო“, ტრაპეზიდან ჯვარი მღვდელს უნდა აეღო და მღვდელმთავრისთვის მიერთმია ამბორის საყოფად, მაგრამ მას ლოცვა ჯერ არ დაესრულებინა, ამიტომ წმინდა იოანემ გაიწოდა ხელი ჯვრის ასაღებად. ყველამ დაინახა, რომ პატიოსანი ჯვარი წმინდა ტრაპეზიდან ერთი მტკაველის სიმაღლეზე აიწია და მიეგება „ხელსა წმიდისა მის მღვდელმთავრისასა... მან აკურთხა ერი იგი მორწმუნე“.
ბევრი იღვაწა წმინდა მამამ უცხოტომელთა მოსაქცევად... დამაშვრალ მოხუცს კი მაინც სამშობლო ეფიქრებოდა და ენატრებოდა. ანდერძად დაიბარა, გარეჯში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში დაესაფლავებინათ.
1751 წლის 28 მარტს, 85 წლისა, გარდაიცვალა წმინდა იოანე და ყიზლარში, თავისსავე აშენებულ ჯვართამაღლების მონასტერში დაკრძალეს. საქართველოში ნეშტის წამოსვენება გზის სიძნელის გამო ვერ მოუხერხებიათ. ერთი წლის შემდეგ, გადმოცემის თანახმად, წმინდა მღვდელმთავარი იმპერატრიცა ელისაბედს გამოსცხადებია და უთხოვია, სამშობლოში გაეგზავნათ. მაშინ წმინდანის ძმას, ჰუსართა პოლკის გადამდგარ პორუჩიკს თავად ნიკოლოზ სააკაძეს, ნება დართეს, წმინდანის ნეშტი საქართველოში გადმოესვენებინა. სინოდის კურთხევითა და თეიმურაზ მეორის ბრძანებით, ცხედარი სიონის ტაძარში დაკრძალეს, „მრავლითა ლამპრებითა და ლიტანიობითა პატივ-სცეს. ირგვლივ ღმრთისმშობლის სალხინებელისა აღუშენეს ლუსკუმა კეთილი“.
მეფე გიორგი XII-მ ორგზის გაახსნევინა წმინდა იოანეს საფლავი. პირველად - როცა მისი ძე ილია სახადით გახდა ავად. მკურნალებმა სნეულება უკურნებელად მიიჩნიეს. მაშინ, მეფის ბრძანებით, პარაკლისი გადაიხადეს და ლუსკუმიდან ამოღებული წმინდანის თითი პირსა და თვალებზე დაადეს სნეულს. იმავე წამს, მხილველთა გასაკვირად, ილია საღ-სალამათი წამოდგა. მეორედ ლუსკუმა მაშინ გახსნეს, როცა მეფის ასული თამარი დასნეულდა. წმინდანის ნაწილთან მიახლების შემდეგ მანაც მიიღო კურნება. ამ ორი სასწაულის გამო მეფე გიორგის წმინდა იოანეს ვერცხლის მოოჭვილი ხატი შეუწირავს მისი საფლავისთვის.
ერთხელ ერთი მღვდელმონაზონი ისე დასნეულდა, მკურნალთაგან მისი განკურნება ვერავის უდვია თავს. მიწოლილა ბერი სარეცელზე და უნუგეშოდ ატირებულა. ჩასძინებია და ძილში უხილავს, რომ სიონის ტაძრის კარიბჭეში იდგა თავმოდრეკილი, ღვთისმშობლისადმი მლოცველი. ამ დროს წარმოუდგა წმინდა იოანე, რომელიც მანტიით შემოსილი იდგა ღვთისმშობლის ხატთან. ყოვლადწმიდა ქალწულის ხატიდან ნათელი მოდიოდა და მღვდელმთავარს ეფინებოდა. წმინდა იოანე ღვთისმშობელს უკან მდგომ სნეულს უჩვენებდა და მის შეწყალებას ევედრებოდა. დედა ღვთისამაც „მოხედნა სნეულსა მას და განანათლა გული და გონება მისი“.
გაღვიძებულმა ბერმა თავი უკეთ იგრძნო, საჭმელიც კი მოითხოვა, ხოლო მცირე ხნის შემდეგ სრულიად განიკურნა.
ორსაუკუნე-ნახევარია, რაც წმინდა იოანე მანგლელი ზეციური საქართველოს მკვიდრი შეიქმნა და მეოხად ექცა მიწიერ სამშობლოს. ღვთისგან განდიდებულს, რაღა აკლია, თუ არა ჩვენი, მისთა შვილთა, პატივისცემა და სიყვარული! წმინდაო მამაო იოანე, ღვთისაგან განდიდებულო და ჩვენ უღირსთაგან მივიწყებულო, შეგვეწიე ცოდვილებს!
ნანახია: (304)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას