logo.png

9 აპრილის ტრაგედიას შეწირული 21 გმირი! – დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სისხლიანი დღე

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. ზუსტად 34 წლის წინათ თბილისში, დილის 04.00. საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა.

მიტინგის დაშლისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულთაგან 16 ქალია, აქედან ერთ-ერთი ელისო ჭიპაშვილი ფეხმძიმედ იყო. თამარ ჭოველიძე, ეკა ბეჟანიშვილი და ნათია ბაშალეიშვილი კი საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლობდნენ.

9 აპრილის დემონსტრაციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მისი გამოსლვა იყო. ამ მოთხოვნით პირველი გამოსვლები თბილისში ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბერში დაიწყო. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 1989 წლის 4 აპრილს განახლდა. ამ დღეს მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის აქცია დარბევამდე გრძელდებოდა.

21 გმირი, საბჭოთა რეჟიმის, დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირენ. ეს ადამიანები თავისუფლებასა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ.

ეს გმირები არიან: ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის.

ნანახია: (236)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას