logo.png

ღვთის შემეცნებისთვის

შეიძლება იყოს text გამოსახულება

(ფოტოზე: მაცხოვარი, სვანეთის მუზეუმი)

ღმერთის შემოქმედი ხელი ყველგან ჩანს.

ღვთის არსებობა მრავალი სახითაა განცხადებული სამყაროში, როგორც შემოქმედი თავის შემოქმედებაში, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული, კანონთა კანონზომიერებაშია განწონილი, რომელსაც, თავის მხრივ, კანონმდებელი სჭირდება. კანონმდებელი გონიერი არსებაა და ყოველივე გონებით შექმნილს ადამიანიც გონითვე აღიქვამს, შეიმეცნებს მის კანონზომიერებებს, სწავლობს და ასკვნის, რომ სამყარო ამა თუ იმ კანონის პრინციპით მოქმედებს. ყველანაირი სიცოცხლე დედამიწაზე გენეტიკაში არსებული ინფორმაციითაა განსაზღვრული, რის საშუალებითაც ყველა სახეობის ინდივიდუალურობა შენარჩუნებულია. ამავე დროს გასაოცარი კანონზომიერებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული ყველა ცოცხალი არსება.

გენეტიკური მეცნიერების განვითარებამ ცხადყო, რომ ერთი სახეობიდან მეორის წარმოშობა შეუძლებელია, გარდამავალი ფორმები არ არსებობს. ყველა სახეობა თვითმყოფადია და ამა თუ იმ სახეობის გენური კოდი არ უშვებს ამ კონკრეტული სახეობის სახეცვლილებას. ხელოვნურად ჩარევის შემთხვევაშიც კი ახალი სახეობის წარმოშობა ვერ ხერხდება და გენეტიკის დარღვევის შედეგად მიიღება ანომალია, სიმახინჯე. ბუნებრივად ევოლუციური გზით სახეობათა განვითარება შეუძლებელია. სახეობის შიგნით ცვლილება გარემო პირობების მიხედვით, ბუნებრივია, ხდება, მაგრამ იგი ინარჩუნებს თავის სახეობას. ეს მრავალმა მეცნიერულმა კვლევამ ცხადყო. არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელი სურათი დახატა საიმისოდ, რომ გარდამავალი ფორმები არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში არქეოლოგიურ გათხრებისას გაცილებით მეტი გარდამავალი ფორების ნაშთები უნდა ჩანდეს ყველა სახეობაში, წარმოგიდგენიათ რა რაოდენობა უნდა ყოსეს დანალექებში, თუმცა ესეთი რამ არ არსებობს ასე, რომ ევოლუციონიზმი მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა. ის მოსაზრება, რომ ადამიანის წარმოშობა თავისთავად და ბუნებრივად მოხდა, მცდარია და შეუძლებელი. ადამიანმა ყოველივე ზემო აღნიშნულზე დაკვირვების შედეგად შეუძლებელია არ გაიაზროს, რომ ასეთი ჰარმონიული ურთიერთობა სამყაროში წინასწარვე დადგენილი და განსაზღვრული კანონების გარეშე შეუძლებელია თავისთავადი იყოს. მას დიდი აზროვნების, შემოქმედებითი გონის ხელი ატყვია. მთელი სამყარო მის მიერ დადგენილ კანონებს ვერ სცილდება. ეს ძალზე აშკარად ჩანს ადამიანის არსებიდან გამომდინარე, რომელიც თავისი ბუნებით, შესაძლებლობებით ცხადყოფს ღმრთის არსებობას. ადამიანის მრავალ უნართა შორისაა აზროვნება, შემეცნება, აღქმა ყოველივესი, რაც მის ირგვლივ არსებობს, ისეთად, როგორც ის არის თავისი არსებით. როცა ადამი არქმევდა სახელებს ყოველივე გარემომცველს, უფალი არსად ახდენდა შესწორებას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამი არსებითად იგებდა, იაზრებდა თითოეულ საგანსა და მოვლენას. აქ ლაპარაკია არა მარტო ფიზიკურ, მატერიალურ სფეროზე, არამედ სულიერ, გონებრივ წარმოსახვაზე, რომელიც აბსოლუტურად არამატერიალურია.

ადამიანს, როგორც სუბიექტს, შეუძლია შეიმეცნოს ობიექტი, იაზროვნოს აბსტრაქტულად, გააანალიზოს ყოველივე და უწოდოს მას სახელი. რაზედაც ის აზროვნებს, ყოველივე რეალურად არსებულია და პირიქით, რაც კი არსებულია, ყველაფერზე შეუძლია მას იაზროვნოს. ადამიანის უნარი – იაზროვნოს ღმრთის შესახებ, იმაზე მიუთითებს, რომ უფალი არსებობს. ამ თემაზე მსჯელობისას იგი შეიძლება უარყოფით დასკვნამდე მივიდეს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ იგი რაღაცაზე მსჯელობს, ფიქრობს, კამათობს, იმაზე მეტყველებს, რომ ის უკვე რეალურად არსებულია, რადგან ადამიანს არ გააჩნია არარსებულზე მსჯელობის უნარი.

მატერიალისტები ადამიანს მხოლოდ ფიზიკურად განიხილავენ და სულის არსებობას უარყოფენ. მასთან ერთად უარყოფენ ღვთის არსებობასაც. თუ ადამიანი მხოლოდ მატერიაა, მაშინ მას მხოლოდ მატერიალური აზროვნება უნდა გააჩნდეს და ვერ სცილდებოდეს მას, მაგრამ რეალობა სხვაგვარია, რადგან ადამიანს აქვს უნარი, იაზროვნოს აბსოლუტურად არამატერიალურ სფეროზე, როგორიცაა სიკეთე, სიყვარული, ბედნიერება და, უპირველეს ყოვლისა, აზროვნება თავად ღმერთზე. მას აქვს განცდა საკუთარი თავისა, როგორც სულის მქონესი. ეს ყოველივე კი უცხო და არაბუნებრივია მატერიისათვის და იმაზე მეტყველებს, რომ ამგვარი აზროვნება სულის თვისებაა, სული კი საწყისს აუცილებლად სულისგანვე, ანუ ღვთისგან იღებს.

კაცობრიობის ისტორიის რომელ პერიოდსაც არ უნდა გადავხედოთ, განცდა ღმრთისა ყველა ტომისა და ხალხის წარმოდგენაში არსებობდა, ის იყო ყოველ ადამიანში, თუმც კი ხშირად მათი დამოკიდებულება უფლის მიმართ იყო მცდარი. ღმერთი ერთია თავისი ბუნებითა და არსით, მაგრამ ადამიანის აღქმა, უმრავლეს შემთხვევაში, არასწორია. ხშირად იგი რაიმე სხვას აკუთვნებს ღმრთაებრიობას. ასეთია წარმართული რელიგიები, რომელთათვისაც დამახასიათებელია ციური სხეულების, სტიქიური მოვლენების გაღმერთება. ეს ადამიანური უნარის – ღმრთის შემეცნების სხვა მხარეს მიმართვაა, რაც მის დამცრობას იწვევს და მეტად სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მას.

დღევანდელ დღესაც ხშირია ამგვარი შეხედულება. არსებობს მრავალი რელიგია და თითოეულ მათგანში აზრთა სხვადასხვაობა და განშტოება, რაც ღმრთის არასწორი აღქმით აიხსნება. ღმერთი თავისი არსებით ერთია რამდენადაც თავად უფალი განუცხადებს ადამიანს თავის თავს, იმდენად შეიძლება მისი აღქმა, მაგრამ მას, ვისაც განეცხადება უფალი, დიდი დრო სჭირდება საკუთარი თავის შესამზადებლად, რათა შეძლოს ღმრთის განცხადების აღქმა, როგორც ეს მოსეს შემთხვევაში მოხდა. მას ორმოცი წელი დასჭირდა საიმისოდ, რომ ღმრთის განცხადების გაგება შესძლებოდა. მის ხუთწიგნეულში გადმოცემულია ღმრთის მიერ სამყაროს შექმნა, რომელსაც მრავალი წმიდა მამა განმარტავდა, მათ შორის წმიდა მღვდელმთავარი გრიგოლ ნოსელი.

წინასწარმეტყველი მოსე შესაქმეს შემდეგნაირად იწყებს: “დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაი და ქვეყანაი”. წმ. გრიგოლ ნოსელი ამ სიტყვებს ასე განმარტავს: “ყოვლის შემძლე ღმერთმა თავისი ბრძნული და ძლიერი ნებით არსთა შექმნას საფუძვლად დაუდო ერთობლივად ყოველივე ის, რითაც წარმოიქმნება ნივთი, ესენია: სიმსუბუქე, სიმძიმე, სიმკვრივე, გაიშვიათებულობა, სირბილე, სიმტკიცე, სისველე, სიხმელე, სიცივე, სიმხურვალე, ფერი, სახე, გარეშემოწერილობა, მანძილი. მისი განსაზღვრით ყოველი მათგანი თავისთავად მცნებაა და შიშველი აზრი. არა თუ რომელიმე მათგანი თავისთავად ნივთია უკვე, არამედ როდესაც ისინი ურთიერთს თანხვდებიან, მაშინ წარმოიქმნება ნივთი”. წმინდა მამა თვლის, რომ ღმერთმა შექმნა ჯერ იდეალური სამყარო, რომელიც წამში შემოიცვა საღვთო თვალმა. მატერიალური სამყაროს შესაქმე მოსდევს მას განვითარების თანმიმდევრული კანონზომიერებით. მატერია შედეგია იმ თვისებებისა, რომელსაც ჩვენ გრძნობადი აღქმით შევიცნობთ. ეს გრძნობადი თვისებები, რომლებიც თავისთავად არამატერიალურები არიან, წარმოადგენენ მატერიის კომპონენტებს. ჩვენ მატერიას აღვიქვამთ, როგორც გრძნობადობას და სხეულებრიობას, რომელიც განსაზღვრულია რაოდენობრიობით, განფენადობით, მასით, სახით. უფრო ღრმა ანალიზი ცხადყოფს, რომ გრძნობისმიერად აღქმადი თვისებები, რომლებითაც აღჭურვილია მატერია, წარმოადგენს შიშველ ცნებებს. ეს ცნებები თავისთავად გონისეულნი არიან და, ამდენად – არამატერიალურნი. აქედან გამომდინარე, ის, რასაც მატერია ანუ სხეულებრიობა წარმოადგენს, ესაა გონისეული პრინციპების შეკავშირება, მათი თანხვდომა. ხსენებულ თვისებათა ერთიანობა შეადგენს მატერიის არსებას.

დასაბამი გრიგოლ ნოსელის განმარტებით მოასწავებს მთლიანობას და უდროობას. მსგავს აზრს გამოთქვამს ბასილი დიდიც: ,, დასაბამი განუყოფელ არს და განუშორებელი”. ყოველივე ღვთის მიერ შექმნილი, რომელიც მის გონებაში შეიქმნა, ექვს დღეში განხორციელდა ღვთის მადლში, როგორც ხილული, არსებული, განივთებული სამყარო. ის დღევანდელ დღესაც ღვთისმიერ მადლში განაგრძობს არსებობას.

მთელი შემოქმედება უფლისა, ნებისმიერი არსება, რომელიც სულდგმულობს სამყაროში, თავისთავად, უსიტყვოდ მეტყველებს თავის შემოქმედზე. მრავალფეროვნება სიცოცხლისა ღაღადებს თავის დამბადებელზე და ადიდებს მას. განივთებულ სამყაროში მხოლოდ ადამიანს შეუძლია იაზროვნოს და აღიქვას ყოველივე ის, რაც ღვთის მიერაა შექმნილი და რაც მის ირგვლივ არსებობს. ყოველივე ეს უფალთან აახლოვებს და მასზე ფიქრისას ეხმარება ადამიანს, მთავარია, გულისყურით შეხედო სამყაროს, ბუნებას, სიცოცხლეს, საკუთარ თავს რომელიც გარს გაკრავს და ყველაფერი ერთად აუცილებლად მიგიყვანს მის შემოქმედთან.

წმიდა მამათა სწავლების მიხედვით მოამზადა საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მჭედლიშვილმა.

 

ნანახია: (219)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას