(ფოტოზე: გაბრიელ მთავარანგელოზი, ყინწვისის ტაძრის ფრესკა)
შესაქმის წიგნის პირველივე მუხლი გვამცნობს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცა და ქვეყანა.“ აქ ლაპარაკია არა ხილულ ცაზე, არამედ უხილავ ზეცაზე, ანგელოზთა სამყაროზე.
ღვთის მიერ შექმნილ არსებათა უმაღლეს საფეხურზე სხეულის არმქონე სულები – ანგელოზები დგანან, რომელნიც თვალისთვის უხილავად მოქმედებენ და თითოეული ჩვენგანის სწორი ცხოვრებისთვის იღწვიან.
წმიდა წერილში ხშირად იხსენიაბიან ანგელოზები. თუმც კი მათი სამყაროს დაწვრილებით აღწერას წმინდა წერილში ვერ ნახავთ.
იობის წიგნში ვკითხულობთ: „ოდეს შექმნილ იქმნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი“, რაც შემდეგს ნიშნავს: როდესაც უფალი ხილულ სამყაროს ქმნის, შემოქმედს უკვე ემსახურებიან ანგელოზები.
წმიდა მამათა სწავლების თანახმად, ანგელოზთა შექმნა წინ უსწრებდა მატერიალური სამყაროსა და ადამიანის შექმნას.
როდესაც წმიდა დავით მეფსალმუნე ამბობს, რომ უფალმა შექმნა თავისი ანგელოზები სულებად და თავისი მსახურები – ცეცხლის ალად, ამით ხაზგასმულია მათი სიმსუბუქე, ცეცხლოვანება, სიმხურვალე, მგზნებარება საღმრთო მისწრაფებასა და მსახურებაში, ამასთანავე, ყოველგვარი ნივთიერი აზრისგან მათი განშორებულობა.
სიტყვა „ანგელოზი“ ბერძნული წარმოშობისაა და მაცნეს, მოამბეს ნიშნავს. ამასთანავე განიმარტება, როგორც წარგზავნილი მსახური. მთელი მათი ცხოვრება ღვთისადმი მსახურებასა და მოღვაწეობას წარმოადგენს. ანგელოზები გონიერი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა.
როგორც წმიდა მამა იოანე დამასკელი გვასწავლის: „ანგელოზები როგორც გონებანი, შესაბამისად, გონისეულ ადგილებში არიან იმგვარად, რომ სადაც ებრძანებათ, იქ იმკვიდრებენ და იქ მოქმედებენ გონისეულად.
როგორც აღინიშნა, ანგელოზები უხილავი არსებები არიან, მაგრამ როდესაც ისინი ღვთის ნების აღსასრულებლად ადამიანებს ეცხადებიან, ისეთ სახეს ღებულობენ, როგორსაც მათ ღმერთი უბრძანებს, რადგან ანგელოზის სახეც გამოცხადების ჟამს გარკვეულ მინიშნებებს ემსახურება.
ანგელოზები ადამიანებზე აღმატებული არსებანი არიან, თავისი სულიერი ძალებით ჩვენზე მაღლა დგანან.
როგორც მოციქულთა თავი პეტრე გვასწავლის: „მათი ძალა და შესაძლებლობა ყოველგვარ მიწიერ უფლებას აჭარბებს. თუმცკი, ამის მიუხედავად, მათ თვისებებსა და შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი.
როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, ისინი ვერ წვდებიან საღმრთო არსების სიღრმეებს: „ეგრეცა ღმრთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან“. ისინი ღმერთს იმდენად ჭვრეტენ, რამდენადაც ეს ძალუძთ, სწორედ შემოქმედის ჭვრეტაა მათი საზრდო. ნათელმოსილება ანგელოზების ბუნებრივი მდგომარეობა არაა. იგი მათ სულიწმიდისაგან აქვთ მიღებული. ამის მსგავსადვე, საკუთარი ბუნებით კი არ წინასწარმეტყველებენ, არამედ ღმერთის მადლის ძალით.
წმიდა მახარებელ ლუკასთან ანგელოზთა შესახებ ვკითხულობთ: „არცაღა მერმე სიკვდილად ხელ ეწიფების“.
წმიდა მამა იოანე დამასკელი გვასწავლის, რომ ანგელოზი უკვდავია არა თავისი ბუნებით, არამედ ღვთაებრივი მადლით.
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (248)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას