ადამიანის სამოთხისეული მდგომარეობის დაკარგვის შემდეგ განუწყვეტლივ განიცდის შიმშილს ღვთის მადლისას, ის საუკუნეების განმავლობაში ელოდა იმ აღთქმის აღსრულებას, რომელიც სამოთხეში დაბრუნებაა, სამოთხისეული მდგომარეობის აღდგნა. ძველი აღთქმის ისტორიიდან ჩანს, რომ ვისაც უფრო მეტი რწმენა აქვს, მას უფრო მეტად სწყურია უფალთან ურთიერთობა „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!“(ფსალმუნი 41,2.). თუმცა ამ მადლისა და სიხარულის მიღება უფლის მოწყალებასა და განგებაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს სიხარული და მადლი მოიტანა უფლის განკაცებამ, რომელსაც ხუთი ათას წელზე მეტია, ელოდებოდა ადამიანი. სწორედ ამ სიხარულს ახარებს ღვთისმშობელს ანგელოზი: „და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა“ (ლუკა 2,10). ამ საღვთო სიხარულითვეა აღვსილი ღვთისმშობელი მარიამი, რომელმაც დაუტევნელი დაიტია და ამბობს: „და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა“ (ლუკა 1, 46-47).
მაცხოვრის განკაცებითა და უფალთან შერიგებით უდიდეს სიხარულს იღებს ყველა ის ადამიანი, ვისაც ცოცხალი რწმენა აქვს. უფლის განკაცება, ადამიანებთან მოსვლა, არსებითად, საღვთო სიხარულის მოტანაა. ამ სიხარულს დედის წიაღში განიცდის იოანე ნათლისმცემელი, როდესაც ღვთისმშობელი მოინახულებს ელისაბედს: „რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა“ (ლუკა 1,44). ყველა ადამიანი, ვინც ცოცხალი სარწმუნოებისაა, განიცდის ამ სიხარულს, რადგან ქრისტეში ნათლობით დაბადების შემდეგ, ზიარების საიდუმლოთი თავად ღმერთს ეზიარება, რითაც ცოდვის შედეგიდან გამომდინარე, სულიერი შიმშილის დაკმაყოფილება ხდება. და რაც უფრო მეტად სწყურია უფლის მადლი კაცს, უფრო მეტად განიცდის საღვთო სიხარულს, აი რას ამბობს ამ საიდუმლოს შესახებ ღირსი იოანე დამასკელი: „მას „მიღება“ ეწოდება იმიტომ, რომ მისი საშუალებით ჩვენ საკუთარ თავში თვით ღმერთს ვიღებთ; მასთან „შეერთება“ კი იმიტომ ჰქვია, რომ მისი საშუალებით ქრისტეს ვუერთდებით და თანაზიარნი ვხდებით როგორც მისი ხორცის, ისე ღვთაებრიობის". რწმენით და ზიარების საიდუმლოთი, რომლითაც ზეციური სიხარულით და მადლიერებით ივსება ადამიანი და მისი გონება თავისუფლდება წარმავლობის, უიმედობის, სიცოცხლის არსის გაურკვევლობის ტკივილისგან, სიკვდილისგან და გონების ეშმაკის წყვდიადში მყოფობისგან. ადამიანი რწმენით, ღვთის განცდით, გონების ნათელმოსილებით იაზრებს, რომ ღვთის შვილია, უფლის ქმნილებაა და გამოხსნილია ქრისტეს მიერ სიკვდილის ტყვეობისაგან, რომ სულისთვის სიკვდილი არ არსებობს და ის მარადიულად უფალთან ერთად იქნება, რასაც აქვე, ეკლესიის წიღში ზიარებით იწყებს. მას არამიწიერი სიხარული და მადლიერება ახლავს თან, რომელიც ადამიანის განღმრთობის დასაწყისის გამო ხდება და ეს განცდა აღარასდროს მთავრდება, თუ თავად ადამიანი არ იტყვის მასზე უარს. „დაფიქრდი იმ ერთ ნიჭზე, რომლის მთელი ღირებულება ცხადდება მაშინ, როდესაც შენში სამი რამ შეერთდება: ამ ნიჭის მთელი დიდებულების შეცნობა, სიყვარული იმის მიმართ, ვინც ამ ნიჭს მოგმადლებს, და შემეცნება მის მიერ მოტანილი სარგებელისა. ეს სამი სასწაულებრივი რამ არის სწორედ ნიჭი, რომელიც ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოთი გვეძლევა“ (წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი).
ზიარებით ადამიანი განიცდის საღვთო სიხარულს, მადლიერებას, სიმდაბლეს, სიყვარულს, სიბრძნეს, მაგრამ აქაც საღვთო სიხარულის განცდას სულიერი მდგომარეობა და დამტევნელობა განსაზღვრავს. ვინც უფრო ახლოს მიდის უფალთან, ის უფრო მეტად განიცდის სიხარულს უფალთან ზიარებისას რადგან მას შეუძლია ეზიაროს ღმერთს და თვითონ გახდეს ვითარცა ღმერთი. ამის შესახებ ბრძანებს სწორედ ღირსი ისიდორე პელუზიელი: „ღვთაებრივი საიდუმლოების მიღებას „ზიარება“ იმიტომ ეწოდება, რომ მისი საშუალებით გვებოძება ერთობა ქრისტესთან და მისი მეუფების თანაზიარნი ვხდებით“. საიდუმლო, რომელიც გვიბოძა უფალმა ყველა მადლის სრულყოფილებაა და ყოველგვარი მადლი მოგვცა პურისა და ღვინის გარდაქცევით, ევქარისტიით. ბასილი დიდისა და წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგიებში საუბარია იმ ნეტარი ადამიანების შესახებ, რომლებიც საღმრთო ლიტურგიით, ქრისტესთან შეერთებით იღებენ მარადიულ მადლს, როგორც ბრძანებს ამაზე ნიკოლოზ კავასილა: „მაშინ ეს ნეტარნი ერთმანეთსა და ქრისტეს ისე შეუერთდებიან, როგორც სხეულის ნაწილებია შეერთებული თავთან და ერთმანეთთან“. ერთი პურითა და ერთი ბარძიმით ზიარებით ისინი ერთობაში მოდიან, როგორც უფლის ლოცვაშია ნათქვამი: „რაითა იყვნენ ერთი, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ" (იოანე 17, 2), ამიტომ ვინც ქრისტიანს უწოდებს თავს, ის არც ერთ შემთხვევას უფალთან ზიარებისას არ უნდა აკლდებოდეს. თუ არ გაქვს საღვთო მადლის განცდა, მაშინ ადამიანი არ ეზიარება სწორედ, ვერ იღებს მადლს. ამ მიზეზით არ უნდა დაშორდეს უფალს და უარი არ უნდა თქვას უფალთან ზიარებაზე, არამედ ეძიოს, რა არის მასში ამის მიზეზი. უზიარებლობა კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის, თავისივე ნებით შორდება უფალს, მიდის იმ მდგომარეობამდე, როგორშიც ადამი იყო, სამოთხეშივე რომ აღარ ისმენდა უფლის სიტყვას, გაურბოდა და ემალებოდა ღმერთს, იქ, სამოთხეშივე განიცდიდა ტკივილს. ასევეა ყველა ნათელღებული, მაგრამ ზიარებას მოკლებული ადამიანი. შეიძლება რომ ადამიანმა უარი უთხრა ღმერტს ასეთი სიყვარულზე, რომლის მიზანიც მხოლოდ ერთი რამ არის –შეუერთდეს შენს ცოდვილ სულს! ადამიანებს კი არ გვსურს შეერთება ყოველივეზე აღმატებულ მადლთან! შემოქმედი ასეთ მხურვალე სიყვარულს ავლენს, მიწა კი – ასეთ სიცივეს?! უფალმა ინება შენში დავანება და შენ თავის ტაძრად გაქცია, შენ კი, უმადური ქმნილება, მას კარებს უხურავ და არ გსურს, იგი შენში შემოუშვა!
„ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს“ (კორინთელთა 1, 6,19). პავლე მოციქულის ეს სიტყვა ყველასთვის სასიხარულო და აღმაფრთოვანებელი უნდა იყოს, რადგან ადამიანი სულიწმიდა ღმერთის სამკვიდრებელი გახადა, რაც მაცხოვრის განკაცებამ მოგვიტანა, რასაც ნათლობის მეშვეობით ვიღებთ, რაც საღვთო სიბრძნისა და განგებულების მუწდომლობის გამოცლინებაა. შეგვეწიოს უფალი, ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე, რათა სურვილი ამ საღვთო სიხარულის განცდისა არ გაგვინელდეს და არ მოგვკლებოდეს, რადგან ეკლესიის წიაღში სწავლობს ადამიანი უფალთან ერთად მარადიულ სიხარულში ყოფნას და ცხოვრებას. დაგვლოცოს ღმერთმა ჩვენთან არს ღმერთი!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.
ნანახია: (309)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას