logo.png
Vanoo Shoshiashvili

ხარება

სამი ლოცვა ხარება დღეს წასაკითხი – 7 აპრილს ხარების დიდებული დღესასწაულია -  საქართველოს იმედი

დედოფალმა ელენემ IV საუკუნეში ააგო ტაძარი იმ ადგილას, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა ღვთისმშობელს და მასთან ერთად, მთელ კაცობრიობას, მაცხოვრის შობა. აღმოჩენილია ამ ტაძრის სვეტები, რომელთაგან ერთ-ერთზე ამოტვიფტულია სიტყვები: გიხაროდენ მარიამ! სწორედ ამ სიტყვებით მიესალმა მთავარანგელოზი მარიამს. ადრეულ საუკუნეებში შობის დღესასწაულის წინა პერიოდში იდღესასწაულებოდა ხარება. თეოდოტე ანკვირელი (V ს.) გვაწვდის ამის შესახებ ცნობას. ამბროსიანული სადღესასწაულო თვენის მიხედვით, 18 დეკემბერს იყო დაწესებული ეს დღესასწაული. ანუ ქრისტეს ჩასახვის (ხარება) და შობის დღესასწაულები, ფაქტიბრივად, გაერთიანებული იყო. 4-5 საუკუნეების წყაროებში არსად არ გვხვდება მითითება ხარების დღესასწაულის გაზაფხულზე აღნიშვნის შესახებ, გარდა სომხური სადღესასწაულო ტრადიციისა, რომლის მიხედვითაც სომხეთში ხარების დღესასწაული (ავედუკ) 7 აპრილს იყო დაწესებული.

ერთ-ერთი პირველი, ვინც გვაწვდის ცნობებს ხარების დღესასწაულის შესახებ, აბრაამ ეფესელია (მეექვსე საუკუნის შუა წლები). შესაბამისად, გრიგოლ ნეოკესარიელის და ათანასე ალექსანდრიელის მოწმობები ნაყალბევად მიიჩნევა. პირველი ცხადი მოწმობა დღესასწაულის 25 მარტს (7 აპრილს) აღნიშვნის შესახებ, პასქალურ ქრონიკაშია დაცული (624). მასში ნათქვამია, რომ წმიდა მამებმა დააწესეს ეს დღესასწაული 25 მარტს, თუმცა წმიდა მამების კონკრეტიზაცია არ ხდება.

აღსანიშნავია, წინაპირობები, რომელთა მიხედვითაც დღესასწაული დაწესდა მარტში და არა აპრილში. ერთ-ერთი წინაპირობა იყო შობის დღესასწაული, რომელიც იდღესასწაულებოდა 25 დეკემბერს, 9 თვე რომ გადავთვალოთ უკან, 25 მარტს მივიღებთ. ასევე, აპოკრიფული წიგნების მიხედვით, ქრისტე 25 მარტს აღესრულა ჯვარზე, ანუ იმ დღეს, როცა მისი ჩასახვა მოხდა (ხარება). ამავე ტრადიციის მიხედვით, სამყაროს პირველი დღე არის 25 მარტი, ამას აკავშირებდნენ ხარებასთან, რომელიც არის კაცობრიობის გამოხსნის დასაწყისი. ამას ვკითხულობთ ხარების ტროპარშიც, რომელიც ასე იწყება: “დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს”. ანასტასი ანტიოქიელი ამაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა მარტში, შესაბამისად, ქრისტეც მარტში ჩაისახა ღვთისმშობლის წიაღშიო. სწორედ ანასტასი ანტიოქიელმა თქვა პირველად, რომ სწორედ ხარების დროს მოხდა ქრისტეს ჩასახვა ღვთისმშობლის წიაღში და მას ეყრდნობიან უკვე სხვა მამები, როდესაც იგივეს ასწავლიან.

არსებობს გარკვეული სახის დანამატები სახარებისეულ თხრობაზე ხარების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი დანამატი წარმოდგენილია ვინმე მონაზონ ეპიფანეს მიერ (Χ-ΧΙ სს.), რომლის მიხედვითაც, ღვთისმშობელი ჯერ კიდევ ტაძარში ყოფნის დროს, 12 წლის ასაკში იღებს გამოცხადებას. მის წინ გაჩნდა ნათელი და საკურთხევლიდან გამოსული ხმა გაიგო: შენ შობ ძეს! მონაზონი ეპიფანე წერს, რომ ღვთისმშობელმა ეს გამოცხადება მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ გააცხადა. თუმცა, იგივე ეპიფანე მეორე თხრობასაც გვთავაზობს ხარების შესახებ, რომელიც უკვე იოსებ დამწინდველის სახლში ხდება.

როდესაც ღვთისმშობელი პასუხობს მთავარანგელოზ გაბრიელს, “აჰა მხევალი ღვთისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა”, ამ დროს მის წიაღში ჩაისახა მაცხოვარი და დაიწყო კაცობრიობის გამოხსნის პროცესი, ამდენად მნიშვნელოვანია ეს დღესასწაული და გილოცავთ ყველას.

აღნიშნული ცნობების ნაწილი აღებულია, ათენის იოანე კაპოდისტრიას სახელობის თეოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი ფილიასის წიგნიდან, “ღვთისმშობლის დღესასწაულები საეკლესიო ღვთისმსახურებაში”.

თეოლოგი ვანო შოშიაშვილი

ნანახია: (274)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას