(ფოტოზე: იშხნის ტაძარი, ტაო-კლარჯეთი)
მარკოზი, 8, 34 – 9, 1
,,და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც უნდა, რომ შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი და აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე; რადგან ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარწყმედს მას: ხოლო ვინც წარწყმედს თავის სულს ჩემთვის და სახარებისთვის, გადაარჩენს მას”.
ამ სიტყვებით, საყვარელო ძმაო, მაცხოვარი გვასწავლის, რომ თუ ვინმეს სურს იყოს მისი ნამდვილი მიმდევარი, საკუთარი თავი უნდა დაივიწყოს, არ დაზოგოს, არ ებრალებოდეს. საკუთარ თავს მტერივით ექცეოდეს. ერთი შეხედვით, ძალზე მკაცრია ეს დარიგება, მაგრამ მის დაუძლევლად ადამიანი მაცხოვრის მოწაფედ ვერ იწოდება. ყოველი კაცის გულში საკუთარი თავის დიდი სიყვარული ბუდობს. ცოდვაში მყოფი ადამიანი ისე ეფერება, ზრუნავს და ანებივრებს თავის ხორციელ მოთხოვნილებებს, როგორც დედა თავის კალთაში მჯდომ ჩვილს, რომელსაც ძალა არ შესწევს, წინააღმდეგობა გაუწიოს პატარას იმ მიზეზით, რომ არ შეწუხდეს და ტირილი არ დაიწყოს. თითქმის ასევე იქცევა ცოდვაში მყოფი ყოველი კაცი. თუ მის გულში განდიდებულია ამგვარი ცნობიერება, მას როგორღა შეუძლია ჯეროვნად შეიყვაროს სხვა ადამიანი და ღმერთი? იგი ყოველთვის მზადაა, მოყვასი საკუთარ კმაყოფილებას შესწიროს, ვიდრე თავად ემსახუროს მას. ამის საპირისპიროდ მაცხოვარი საკუთარი ნების უარყოფას გვასწავლის. იგი მოითხოვს არა იმას, რომ ჩვენი ნებითა და შეხედულებით ვცხოვრობდეთ, არამედ ღვთისთვის, ღვთის ნებითა და მოყვასის სიყვარულით. თითოეულმა ჩვენგანმა მოთმინებით უნდა ზიდოს ჯვარი თვისი, ანუ ის, რაც შეემთხვევა მას ცხოვრების გზაზე. რაკიღა ადამიანის ბუნება დაცემულია, მან სწორედაც რომ უნდა უარყოს თავისი ადამიანური ნება და ამით აცხონოს სული. თუ ამქვეყნად ადამიანი საკუთარ თავს ფუფუნებაში ამყოფებს და ამით გულში ყოველგვარ ნებას აცოცხლებს, ამისთვის მან უნდა ჩაკლას საკუთარ თავში დღევანდელი, ცოდვით შერყვნილი თვისებები და ამ გზით შეუძლია გადაირჩინოს სული.
სამოთხისკენ მიმავალი გზა განსაცდელითაა სავსე, მაგრამ სხვა გზა იქ მისასვლელად, არც არსებობს. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ჩვენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში დევნისა და ტანჯვის მდგომარეობაში ვართ; უკლებლივ ყველა სამართლიანად ვართ დასჯილი სნეულებებით, გარჯით, ოფლის ღვრით, სიმწარითა და უბედურებით მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ვიდრე სიკვდილამდე. სწორედ ზეციური სასუფევლის დასამკვიდრებლად დავითმენთ ყველა ამ უბედურებას, მაგრამ ყველა როდი მოიპოვებს საუკუნო ნეტარებას! მაშ, რა არის საჭირო საიმისოდ, რომ ყველა ამ მწუხარებამ ცათა სასუფეველში მიგვიყვანოს? უპირველესად, ყველა განსაცდელი რწმენითა და გულწრფელი სინანულით უნდა მივიღოთ, მოთმინებით ვზიდოთ ღვთის სახელისთვის, რათა ამ გამძლეობით ვძლიოთ ბოროტს, სამოთხისკენ მიმავალ გზას რომ გვიღობავს.
ისმის კითხვა: როგორ მივაღწიოთ განსაცდელთა უდრტვინველ გადატანას? ამისთვის საჭიროა მუდმივად გვახსოვდეს, რომ ჩვენი ამქვეყნიური ყოფა სამოთხე კი არაა, არამედ მისგან გაძევებული მდგომარეობა. თავიდან უნდა ავიცილოთ ის შეცდომა, რომელსაც ადამიანები ხშირად უშვებენ, როცა ამსოფლად სამოთხის დაბრუნებასა და მასში ტკბილად ცხოვრებას ცდილობენ. ხშირ-ხშირად შევახსენოთ საკუთარ თავს მაცხოვრის სიტყვები: ,,სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა”. როცა ეს გამუდმებით გვემახსოვრება, მაშინ მხნეობისა და მოთმინების უნარიც იმატებს ჩვენში, რომლის ძალითაც შედარებით ადვილად გადავიტანთ თავს მოწეულ განსაცდელს. თუ არ შეგვარყევს მწუხარება, სნეულება, უსამართლო დევნა, თუ ძლიერ ქარში ლერწამივით არ დავიწყებთ რხევას, მაშინ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება ამქვეყნად კი არა, ზეცად გველოდება. მაშინ არამც თუ სულგრძელნი ვიქნებით ჩვენს განსაცდელში, არამედ ისეთ სიხარულს, შვებასა და ნუგეშს ვიგრძნობთ, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია ცოდვილი ადამიანისათვის.
,,რადგან რა სარგებელი აქვს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და ავნებს თავის სულს? რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?”
მთელ სამყაროში ჩვენთვის საკუთარი სული ყველაზე ძვირფასი საუნჯეა და ამიტომაც ყველაზე მეტად უნდა ვზრუნავდეთ მისი ცხონებისათვის! ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ქერუბიმთა და სერაბიმთა შემდგომ ჩვენი სული ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილებაა ღვთისა ყველა სხვა ქმნილებას შორის. თავისი ბუნებით ადამიანი ღვთის ხატი და მისი მსგავსია. ადამიანის სული იმიტომ არის ზეაღმატებული და დიდებული, რომ იგი სამკვიდრებელია ყოვლადწმინდა სულისა. როგორც წმინდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: ,, ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული ცოცხლობს თქვენში?”. განა შეიძლება იმაზე მეტად საპატიო და სანუკვარი მდგომარეობა, ვიდრე ის, რომ ვიყოთ სულიწმინდის ტაძარი? ადამიანის სულის ღირსების დასტურად ვიტყვით იმას, რომ ძე ღვთისა ცოდვით დაცემული კაცობრიობის გამოსახსნელად თავად განკაცდა, იშვა, ცხოვრობდა და ებრძოდა ყოფით სიმძიმეებს, იდევნებოდა, შეურაცხყოფას იტანდა, ჯვარს ეცვა და აღესრულა ენით გამოუთქმელი ტანჯვა-წამებით და ეს ყოველივე იმისთვის აღასრულა, რომ საკუთარი უმანკო სისხლით მარადიული ტანჯვისგან გამოეხსნა ადამიანის უკვდავი სული! აბა, წარმოიდგინე ძმაო, რამხელა საუნჯეა ჩვენთვის სული!
ახლა კი მის უნარსა და შესაძლებლობებსაც დავაკვირდეთ: გონიერება, შემეცნება, თავისუფლება. მათით აღსავსე ჩვენი სული შეიმეცნებს თავის უმთავრეს დანიშნულებას: იყოს სულიწმინდის სამკვიდრებელი. შეიცნობს ყველა თავის მოვალეობას და წინ აღუდგება ყველა ამქვეყნიურ საცდურს, დაძლევს ყველა დაბრკოლებას! განა მთელ ჩვენ მზრუნველობასა და ძალისხმევას იმას არ უნდა ვახმარდეთ, რომ სული საუკუნოდ შევინარჩუნოთ? ამ ყოველივეს ფონზე უგუნურად იქცევა ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად სხეულზე ზრუნავს, რომელიც სულის სიკეთეს ხრწნად და წარმავალ საგნებზე ყიდის.
,,რადგან ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშსა და ცოდვილ მოდგმაში, ძეს კაცისასაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებით წმინდა ანგელოზებთან ერთად”.
ის ადამიანები, რომელთაც სირცხვილად მიაჩნიათ უფლისა და მაცხოვრის ღვთაებრივი მოძღვრების აღიარება, უარყოფილნი იქნებიან მის მიერ მომავალ, საუკუნო ცხოვრებაში. ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ადამიანები, ვისაც სირცხვილად მიაჩნია უფლის აღიარება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ჩვენს თანამედროვე ქრისტიანთა შორისაც ბევრია ასეთი, ვისაც მხოლოდ გარეგნულად მიუღია საუკუნოვანი ქრისტიანული ცხოვრების მემკვიდრეობა. წმინდა მოციქული პავლე აკი აფრთხილებს კიდეც კოლასელ ქრისტიანებს: ,,ფრთხილად, არავინ გაცდუნოთ სიბრძნის მოყვარებითა და ფუჭი საცდურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთამებრ, და არა ქრისტეს თანახმად”.
ამ სიტყვებით უფალი გვაჩვენებს ჩვენ მძიმე ცოდვას – პირფერობას. როდესაც კაცი კაცს ესათნოება, მის თვალში კეთილად გამოჩენას ცდილობს და გადაჭარბებულად აფასებს სხვათა აზრს. ცოდვის ტყვეობაში მყოფი კაცის თვისება ისაა, რომ ადამიანისა უფრო ეშინია და რცხვენია, ვიდრე ღვთისა. ზოგჯერ ასეთ სიტყვებსაც გაიგონებ: ,,შენი ისე მეშიანია, როგორც ღვთისა! რას იტყვიან ჩემ შესახებ, ქვეყანა ასე ცხოვრობს და მეც ასე უნდა ვიცხოვრო, აბა ქვეყანას ხომ ვერ მოვიმდურებ”... წარმავალი, მიწიერი ყოფის სათნომყოფელი ღვთის სათნო ვერ იქნება, სწორედ ასეთზე ამბობს მაცხოვარი, რომ დიდებით მოსვლის დროს უფალსაც შერცხვება მისი! ამიტომ ყოველ ჟამს, ყოველი საქმის კეთებისას თუ სიტყვის წარმოთქმის დროს უნდა გვახსოვდეს საკუთარი თავის უარყოფა და ღვთის მცნების აღსრულება _ ავიღოთ ჯვარი თვისი და შევუდგეთ მას, რომელსაც შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმინდა იოანე ოქროპირისა და წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელი(ქიქოძე) საკვირაო სახარების განმარტების მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
ნანახია: (299)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას