logo.png

ხარება - სადღესასწაულო სახარების განმარტება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე - ხარება, ფრაგმენტი ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატიდან)

 

“და მეექვსე თვეს მოვლენილ იქმნა გაბრიელი ანგელოზი ღვთის მიერ გალილეის ქალაქში, რომლის სახელია ნაზარეთი,

ქალწულთან, რომელიც დაწინდული იყო ქმართან, რომლის სახელი იყო იოსები, დავითის სახლიდან, და სახელი ქლწულისა მარიამი.

და შევიდა ანგელოზი მასთნ და უთხრა: გიხაროდეს, უფალი შენთან არის; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.

ხოლო მან, როცა იხილა, შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ფიქრობდა: რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვა?

და უთხრა ანგელოზმა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ჰპოვე მადლი ღვთის წინაშე”.

ცნობილია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ტაძარში იზრდებოდა. ებრაელ ქალწულთა აღთქმა, მიძღვნა ღვთისადმი გამოიხატებოდა მათი ტაძარში მიყვანით, სადაც ისინი აღიზრდებოდნენ მოწიფულ ასაკამდე, ხოლო შემდეგ თავისუფლდებოდნენ აღთქმისგან და ტაძრიდან უშვებდნენ, რათა ოჯახი შეექმნათ. რაკიღა ელოდნენ მესიის შობას, ყველა მათგანი ფიქრობდა, რომ შეიძლება სწორედ მის მიერ შობილიყო მხსნელი. ამ დროს, ყველასგან განსხვავებით, ყოვლადწმიდა ქალწული დებს ქალწულების აღთქმას, რომ ის მთლიანად მიუძღვნის თავს უფალს, არ გათხოვდება და ანგელოზებრივი ცხოვრებით იცხორებს.

ეს იყო განსაკუთრებული აღთქმა, რომელიც ებრაელთა წეს-ჩვეულებაში არ შედიოდა და მანამდე არც არვისგან წარმოთქმულა.

წმინდა გადმოცემით ცნობილია მარიამის საქმროს გამორჩევის შესახებ. როდესაც მღვდელმთავარმა ქალწულის აღთქმის შესახებ შეიტყო სატფურობის დღესასწაულზე, მოიწვია ყველა უცოლო მამაკაცი იუდას შტოდან, დავითის სახლიდან, თან მოატანინა ყველას კვერთხი, რომელიც მღვდელმთავარმა შეიტანა ტაძარში, რათა გაეგოთ უფლის პასუხი, ვისთვის უნდა მიეთხოვებინათ მარიამი.

უფალმა მართალი იოსები გამოარჩია, მისი კვერთხი აყვავდა, ის ამ დროს ღრმად მოხუცებული იყო, წმიდა ქალწულ მარიამს მართალ იოსებს გააყოლებენ.

ღვთივგანბრძნობილი მამები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მთავარანგელოზი გაბრიელი მაშინ წარსდგა ყოვლადწმიდა ქალწულის წინაშე, როცა ის ლოცულობდა და ფიქრობდა წინასწარმეტყველ ესაიას წინასწარმეტყველების შესახებ: “აჰა ქალწულმა მუცლად იღოს და შვას ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუილ”. ფიქრობდა წმინდა ქალწული მარიამი, თუ ვინ გახდებოდა ღირსი ღვთისმშობლობის პატივისა.

და აი, ამ დროს მისი ჩუმი, წმიდა ფიქრის პასუხად მასთან შედის მთავარანგელოზი და აუწყებს საღმრთო ხარებას: “გიხაროდეს, მიმადლებულო, უფალი შენთან არის; კურთხეული ხარ შენ დედათა შორის”.

თითქოს ასე უთხრა მთავარანგელოზმა მარიამს: შენ ყველა სათნოებით შეგიმკია შენი თავი, ყველა სულიერი სათნოებით, და ამისთვის ღმერთის განსაკუთრებული წყალობისა და სიყვარულის ღირსი შეიქმენი.

მის გულს ანათებდა ნათელი უფლისა და გონება მოცული იყო ზეციური აზრებით. მისი სისრულე ადამიანებისთვის დაფარული, მიუწვდომელი, ცხადი და სათნო იყო ღვთისათვის, მისი სული იყო ტაძარი ცხოველმყოფელი ღვთისა. ამის გამო უფლის განგებით ის გამოირჩა ღვთის დამტევნელ ჭურჭლად. “გიხაროდეს მიმადლებულო” - ეს იმდენად უჩვეულო და ამასთან სასიხარულო მიკითხვაა, რომ სამოთხეში ცოდვით დაცემის შემდეგ, მოკვდავთაგან აღარავინ გამხდარა ღირსი მსგავსი მოკითხვისა. “უფალი შენთან არის, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის” - რადგან შენგან იშვება უტკბილესი წყარო სიხარულისა ადამის ყოველი შვილისთვის და იგი დაატკბობს, განაქარვებს მწუხარების სიმწარეს, ცოდვისაგან გადმოღვრილს კაცთა მოდგმაზე. გიხაროდეს მიმადლებულო, რადგან შენგან იშვება ყოველგვარი მადლის მომნიჭებელი და დაუბრუნებს კაცთა მოდგმას საღმრთო მადლს და გაუღებს სამოთხის დაკაგულ კარს პირველმშობელთა შეცოდებით.

წმიდა ქალწული მარიამი სწორედ ამ უჩვეულო მოკითვამ გააკვირვა და არა თავად ანგელოზის გამოცხდებამ. მამათა სწავლებით, მას იერუსალიმის ტაძარში სხვადასხვა დროს ჰქონდა გამოცხადება, რომელიც ამზადებდა ამ უაღრესად დიდი მისიისთვის. ეს შეშფოთება წმიდა ქალწულისა გვიჩვენებს მისი გულის სიწმიდეს. აღელდა შექებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ეს შექება ქვეყნიური კი არ იყო, ადამიანისგან მომდინარე, არემედ ზეციური, ღმრთისგან მონიჭებული და უცხო ყოველგვარი მაამებლობისაგან. მთავარანგელოზი, რომელიც ხედავს ყოვლადწმიდა ქალწულის უზაკველ შეშფოთებას, სურს დაამშვიდოს და დაარწმუნოს ხარების ჭეშმარიტებაში: ნუ გეშინია, მარიამ, ეუბნება მას მთავარანგელოზი გაბრიელი, მე რაღაც ახალი, ქვეყნისათვის არგაგონილი და უცნობი მოვლენის საუწყებლად კი არ ვარ მოვლინებული ღვთის მიერ შენთან, არამედ იმის შესახებ, რომელიც უკვე დიდი ხანია ნაუწყებია წინასწარმეტყველთა მიერ ისრაელისათვის და რომელსაც მოუთმენლად მოელის ისრაელი. დადგა დრო წინასწარმეტყველთა ნათქვამის აღსრულებისა ამქვეყნად აღთქმული მესიის მოსვლის შესახებ.

“ და აჰა, მუცლადიღებ და შობ ძეს და უწოდებ მის სახელს იესოს. იგი იქნება დიდი და ძე მაღლისა ეწოდება და მისცემს მას უფალი ღმერთი დავითის, მისი მამის, ტახტს,

და იმეფებს იაკობის სახლზე საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული.”

მთავარანგელოზი განუცხადებს მარიამს ღმერთის ძის განხორციელების საიდუმლოს მისგან, ყოვლადწმიდა ქალწულისგან, და ამას ეუბნება იმავე სიტყვებით, როგორც წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა შვიდასი წლის წინ. “აჰა მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს”. წმიდა ქალწულ მარიამს კი ანგელოზი ეტყვის სახელად უწოდოს იესო, რაც ნიშნავს მხსნელს, სახელი ევმანუელი კი ნიშნავს ჩენთან არს ღმერთი, რომელიც სწორედ იესოს განკაცებას ნიშნავს, რადგან სწორედ მაცხოვრის განკაცებით მოვიდა ჩვენთან ღმერთი, მხსნელი, რომელმაც მიიღო ჩვენი ბუნება, გამოგვიხსნა ცოდვისგან და დაგვიბრუნა საუკუნო ცხოვრება. შემდეგ ანგელოზი განაგრძობს და ჩამოთვლის, რომ ის არის ძე მაღლის, და მას მისცემს უფალი თავისი მამის ტახტს, ის იმეფებს დავითის ტახტზე და იაკობის სახლზე საუკუნოდ, ხოლო მის მეუფებას არ ექნება დასასრული.

ასეთი მეუფება მხოლოდ ღვთისთვის არის შესაძლებელი, რომელმაც თავისი განკაცებით და ეკლესიის დაფუძნებით ისრაელს, იაკობის სახლს, მის მორწმუნეებს მოუტანა საუკუნო ცხოვრება.

“და უთხრა მარიამმა ანგელოზს: როგორ იქნება ეს, რადგან მე მამაკაცი არ ვიცი? და მიოგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ; ამიტომ შობილსაც წმიდა ეწოდება, ძე მაღლისა.

და აჰა ელისაბედი ნათესავი შენი, მანაც მუცლად იღო ძე თავის სიბერეში და ეს მეექვსე თვეა იმისი, რომელსაც ერქვა ბერწი,

რადგან არ არის შეუძლებელი ღვთისათვის არც ერთი სიტყვა. და უთხრა მარიამმა: აჰა, მხევალი უფლისა, მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა. და წავიდა მისგან ანგელოზი.”

წმიდა ქალწულს ძალიან ეშინოდა ქალწულების აღთქმის დარღვევისა. მისი შეცბუნება უბიწოებისადმი მგზნებარე სიყვარულმა გამოიწვია, ხოლო მთავარანგელოზი აუწყებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდოდა მასზე. ანგელოზი თითქოს ეუბნება, შენ ქალწული ხარ და შენ მიერ დადებული აღთქმით გინდა მარადის ქალწულად დარჩე და ეს ასეც იქნება. ისე, რომ არ დაარღვევ შენს აღთქმას მუცლად იღებ და შობ ძეს და გახდები დედა. შენ მიერ ღმერთის ძის ჩასახვის დასაბამი იქნება არა სხეული, არამედ სული ღვთისა.

ვიდრე წმიდა ქალწული არ გამოხატავს თავის ნებას, მანამდე ჩასახვა არ ხდება და აქ ჩანს რწმენა მარიამისა, რადგან ის მუდამ მზადაა უყოყმანოდ აღასრულოს ღვთის ნება და ეტყვის ანგელოზს: აჰა, მხევალი უფლისა, მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა. თუკი მე ვესაჭიროები საღმრთო განგებას, აღსრულდეს ის, რაც უფალს ნებავს. მე უდრტვინველი მორჩილი ვარ მისი...

აი, ამ დროს მოხდა ჩასახვა მაცხოვრისა, დაემკვიდრა უფალი მთელი თავისი ღვთაებრივი არსებით, ანუ განკაცდა. ღვთისმშობელი ისეთი პატივის ღირსი გახდა, რომ ის აღმატებულია ქერუბიმებსა და სერაფიმებზე, ის იმდენად ახლოს არის უფალთან, რომ ადგილიც კი აღარ დარჩა ანგელოზთათვის მასსა და უფალს შორის. ამიტომ ეწოდება ღვთის ადგილად, დაუტევნელის დამტევნელად, რომლის მეშვეობითაც ყველა ჩვენგანს მიეცა საშუალება უფალთან მისვლისა.

მისი მორჩილებით ევას ურჩების ნასკვი გაიხსნა და იწოდება დედად, წიაღად ახალი კაცობრიობისა. ამიტომ ჩვენც სიხარულით ღაღადვყოთ ანგელოზის სიტყვები: გიხარიდეს მიმადლებულო, უფალი შენთანაა, გიხაროდეს ყოვლადუწმიდესო ქალწულო, რადგან შენ ერთი ხარ გამორჩეული დედათა შორის, დაუტევნელის დამტევნელი, გიხაროდეს უწმიდესო დედოფალო, რადგან ამოგვიბრწყინე მზე სიმართლისა და სიყვარულისა, გიხაროდეს ყოვლად წმიდაო, რადგან მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა ამინ!

წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის(ქიქოძე) მიხედვით მოამზადა ზურაბ მჭედლიშვილმა.

 

 

ნანახია: (355)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას