logo.png

31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

გთავაზობთ რამდენიმე მოგონებას საქართველოს პირველ პრეზიდენტზე

 

ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი

მამა რევაზი

 

                             შემთხვევა საპარიკმახეროში

 

ზვიად გამსახურდია დიდად მორწმუნე ქრისტიანი იყო - ბავშვობიდანვე ქრისტიანული სულისკვეთებით აღზრდილი. სწორედ მშობელი ქვეყნის მიმართ ქრისტესმიერი სიყვარულით მოხდა, რომ ხალხი დაინდო, სისხლისღვრას მოერიდა და თავი კი გაწირა.

სამღვდელოებას ძალზე დიდ პატივს სცემდა. მუდამ თავდახრილი ესაუბრებოდა ეკლესიის მსახურთ. ერთხელ „მამა დავითიდან“ მოვდიოდი და უეცრად ჩემ წინ მანქანა გაჩერდა. ახოვანმა ვაჟკაცმა გამიღო კარი და მიმიპატიჟა: - მამა რევაზ, დაბრძანდითო (ეს ის პერიოდია, როცა მღვდელმსახურთ მანქანას უჩერებდნენ კი არა, შორიდან უვლიდნენ გვერდს). მე მაშინ არ ვიცნობდი ზვიადს და, მით უფრო, იმას სულ ვერ წარმოვიდგენდი, ის თუ მიცნობდა. მას მერე ხშირად ვხედავდი ეკლესიაში, აღსარებაზეც ყოფილა ჩემთან და, უნდა მოგახსენოთ, რომ მსგავსი თავმდაბლობა და გულის შემუსვრილება არავისგან მიხილავს.

რაც მოგახსენეთ, ეს ზრდასრულ ასაკს ეხება, თორემ ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ჭაბუკობაშივე მქონდა უცაბედი შეხვედრა მასთან.

მე ათიოდე წლით უფროსი ვარ ზვიადზე და ჩემს ახალგაზრდობაში ასეთი რამ მოხდა - მაშინ ჯერ არ ვიყავი მღვდლად ნაკურთხი.

ვარ საპარიკმახეროში და იქვე, ჩემ გვერდით, 12–13 წლის ყმაწვილი ზის.

მოულოდნელად შემოდის ვიღაც უცნობი პირი და ყველას გარეთ გვერეკება, – რუსი გენერალი მობრძანდება და დაცალეთ საპარიკმახეროო.

ყველანი მორჩილად ვდგებით, იმ ერთი ბიჭის გარდა. მარტო ის ბიჭი არ ინძრევაჩაფრენია სავარძლის სახელურებს და ცოცხალი თავით არ გადის გარეთ.

ერთმა ოფიცერმა სცადა მისი ძალით გაყვანა და ბიჭმა ისეთი ალიყური სტკიცა, ქუჩაში გაისმა ლაწანის ხმა.

ბოლოს ეს ყმაწვილი სავარძლიანად გამოსვეს გარეთ და პირდაპირ...“ –ში გააქანეს. ეს პატარა ბიჭი გახლდათ ზვიად გამსახურდია.

როდესაც ბატონი კონსტანტინე მიუყვანიათდამნაშავესთან“, მათ დასანახად მამას დაუტუქსავს შვილი, ხოლო, თვალს მიფარებიან თუ არა, მხარზე დაუკრავს ხელი და შეუქიაყოჩაღ, შვილო, ნამდვილი ვაჟკაცი მეზრდებიო!

                                                                            გაზ. „ქართული გაზეთი“, 31 მარტი, 1999 წ.

 

 

გიორგი გაჩეჩილაძე

პროფესორი

   

                         „მდინარებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან!“    

 

დასავლეთის მოიმედე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთის ჯარს „საოკუპაციო ჯარის“ სტატუსი მიანიჭა.

მაგრამ საქართველოს საერთაშორისო აღიარების ტემპი იყო საბედისწეროდ ინერტული. ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა რუსეთში ყოფნის დროს უკრაინის დამოუკიდებლობას უწოდა  „ჩიკინ უკრეინ“ (უკრაინული კატლეტი) და შინ დაბრუნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის შესახებ თქვა, რომ ის „მიდის მდინარების საპირისპიროდ“.

ჩვენი მოლოდინის ჰორიზონტი დაიმსხვრა. დილას რომ ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართ ასეთი პოზიცია დაიკავა, ნაშუადღევს ამერიკის უშიშროების აზროვნების ბანკშია დანიშნული ჩემი მოხსენება. ჩვენი იმედები ჰაერში გამოეკიდა.

ეს მოხდა 1991 წლის აგვისტოში, როდესაც მოსკოვში დაიწყო პუტჩი. ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ვაშინგტონში მოსალაპარაკებლად მივლინებული. ამერიკის პრეზიდენტის სიტყვები ჰგავდა მეხის გავადრდნას მოწმენდილ ცაზე. ჩვენ ამერიკის იმედზე ვართ და ამერიკის პრეზიდენტი მსოფლიოს უცხადებს, საქართველო მდინარების საპირისპიროდ მიდისო. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ვეცი ტელეფონს და ზვიადს ვეკითხები, რა მიაჩნია მას ამ გამოწვევაზე საქართველოს პასუხად?! მან თვალის დაუხამხამებლად მომაყვირა: - მაგათ უთხარი, რომ მდინარებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან!

ახლაც ყურში მესმის ზვიადის ფოლადივით მტკიცე ხმა.

ეს იყო საუკუნის ფრაზა, რომელშიც აიკრიფა და განზოგადდა ქართველი ერის თავისუფლებისაკენ ლტოლვის ათასწლეულებში გაუტეხელობის ექო.

ფრაგმენტი  ზვიად  გამსახურდიას 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვიდან, 2009 წლის 25 მარტს ლიტერატურის ინსტიტუტში

 

 

ზაურ ქობალია

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი

 

 

                                                 „დედა, ზვიადი!“

 

...1991 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო შეკრებიდან ვბრუნდებოდით. ცივგომბორის გზაზე წყაროსთან შეჩერდა ესკორტი. იქ სხვა შეყოვნებული მგზავრებიც დაგვხვდნენ. ზვიადი მანქანიდან გადმოვიდა. უეცრად ბავშვის ხმა შემოგვესმა: „დედა, ზვიადი!“ და დავინახე: ათიოდე წლის ბიჭუნა დაუსხლტა გზის მეორე მხარეზე მდგარ მშობლებს და ზვიადისკენ გამოიქცა. დაცვა დაიბნა, არ იცოდა, შეეჩერებინათ ბავშვი თუ არა. ზვიადმა დაასწრო მათ და გაღიმებული და ხელგაშლილი შეეგება ბიჭუნას. ახლაც თვალწინ მიდგას იმ ბიჭუნას ცისარტყელასავით გაბრწყინებული თვალები, ახლაც ჩამესმის მისი წკრიალა ხმა: დედა, ზვიადი! და ახლაც ნათლად ვხედავ ცივგომბორის გზაზე, წყაროსთან ზვიადის მკერდში ჩახუტებულ ბავშვს და ზვიადის სახეს - სიყვარულითა და სულისმიერი სითბოთი გასხივოსნებულს.

და დღეს, რაც უფრო მეტს ვფიქრობ და ვაანალიზებ წარსულს და ვხედავ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, მით უფრო მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ტყვია, რომელიც ზვიად გამსახურდიას ესროლეს, იმ ბიჭუნას მომავალსაც ესროლეს, საქართველოს მომავალს ესროლეს!

 

                                                                              „ზვიად გამსახურდია - 70“

                                                                              ერთჯერადი გამოცემა, აპრილი, 2009 წ.

 

ნანახია: (2653)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას