logo.png

ალერგიული რეაქციის გამოწვევა წყალსაც შეუძლია — რა უნდა ვიცოდეთ

გსმენიათ აკვაგენურ ჭინჭრის ციებაზე? ეს არის მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც "წყლის ალერგია".

ეს იშვიათი მდგომარეობა წყალთან კონტაქტს ადამიანისთვის მტანჯველ პროცედურად აქცევს. სწორედ ასეთი ალერგია აქვს 22 წლის ლორენ მონტეფუსკოს სამხრეთ კაროლინადან.

მონტეფუსკოს ცხოვრებას თან სდევს კანის ღრმა ქავილის მტანჯველი შეგრძნება. ამის გამომწვევი მისთვის წყალთან შეხებაა.

ითვლება, რომ წყალზე ალერგია ანომალიური იმუნური პასუხის შედეგად წარმოიქმნება, რომელიც წყლის კანთან ურთიერთქმედებითაა გამოწვეული. ჩვენ ვიცით, რომ იმუნური სისტემა ორგანიზმის დამცველია და უცხო დამპყრობელთან საბრძოლველად ყოველთვის მზადაა. აკვაგენური ჭინჭრის ციების დროს წყალი იმუნური სისტემისგან სწორედ ასეთ რეაქციას იწვევს. შედეგად გამოიყოფა ისეთი ნივთიერება, როგორიცაა ჰისტამინი, ეს კი დაკავშირებულია ციებასა და ქავილთან.

მკვლევრებმა გამოავლინეს მუტაციები სპეციფიკურ გენებში, რომლებიც წყლის ალერგიასთანაა დაკავშირებულია. ესაა FABP5 გენი, რომელიც გადამწყვეტია კანის ბარიერის ფუნქციონირებისთვის. გენის ეს მუტაციები კანს წყლის მიღების უნარს აკარგვინებს და ააქტიურებს ანთებით პროცესებს.

ეს რეაქციები კანს კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის. გასათვალისწინებელია ჰორმონალური ცვლილებებიც. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დაავადების გენეტიკური საფუძვლის გაგება. სწორედ ასე, სპეციფიკური გენეტიკური მარკერების იდენტიფიცირებით, შესაძლებელია განვითარდეს პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომები.

მიუხედავად ამისა, წყლის ალერგიის შესახებ ბევრი რამ ჯერ ისევ უცნობია. და მაინც, გენეტიკის, იმუნოლოგიისა და დერმატოლოგიის განვითარების პარალელურად მეცნიერები ამ იშვიათი მდგომარეობის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ.

ამ ალერგიაზე პირველი დოკუმენტური ჩანაწერი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარზე მოდის. 1963 წელს 15 წლის გოგონას, წყალთან კონტაქტის შემდეგ, კანზე ათზე მეტი წყლული განუვითარდა.

წყლის ალერგიის იშვიათობა მას მისტიკურობას მატებს. ამჟამინდელი შეფასებით ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში სულ რაღაც 100-მდე ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მკურნალობა

ჩვეულებრივი ალერგიის მკურნალობა (ანტიჰისტამინები და კორტიკოსტეროიდები) მდგომარეობას დროებით ამსუბუქებს, მაგრამ ამით გამომწვევი მიზეზები შეიძლება არ აღმოიფხვრას.

ექსპერიმენტული თერაპია, როგორიცაა ფოტოთერაპია (კანის ულტრაიისფერი გამოსხივება) მიზნად იმუნური პასუხის შემცირებასა და ანთების დაცხრობას ისახავს. ამ თერაპიამ გარკვეული იმედები უკვე გააჩინა.

არსებობს უფრო მიზანმიმართული თერაპიული მიდგომაც, რომელიც სიმპტომების უფრო გრძელვადიანი მართვის მექანიზმია. ამისთვის ე.წ. ბიოლოგიურ აგენტებს, "მოლეკულურ წამლებს" იყენებენ, რომლებიც სპეციფიკური ცილებისგანაა დამზადებული.

ამასთან, დამცავი ბარიერების გამოყენება, როგორიცაა დამარბილებელი კრემები, ხელს უწყობს ფენის შექმნას კანსა და წყალს შორის.

რაც შეეხება იმას, თუ რა სახით ვლინდება ალერგია, ეს შემდეგია: ალერგიული რეაქცია, შეიძლება ვიხილოთ კანის დაწყლულებისა და სისხლმდენი ჭრილობების სახით. მსგავსი გამოვლინებები ზოგჯერ სწრაფად ქრება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შეხორცების პროცესი ნელა მიმდინარეობს და კანზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ნარჩუნდება.

ასეთ დროს პაციენტმა წყალთან შეხებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი.

წყარო: ScienceAlert

ნანახია: (327)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას