logo.png

„ყველა ღმერთი გარდა ღმრთისა ჭეშმარიტისა ეშმაკი არს“

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: მაცხოვარი, სინას მთის წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი)
 

დღეს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მრავალი რელიგია, სექტა და მიმდინარეობა მოქმედებს და ასწავლის თავის სარწმუნოებას. გამოთქმაც კი ჩამოყალიბდა – ღმერთი ერთია და ყველა რელიგია ღმერთზე საუბრობს, რომელიც უფალთან მიმყვანებელი სხვადასხვა გზაა, ყველა რელიგია სხვადასხვანაირად გადმოსცემს სწავლებას ერთი ღმერთის შესახებ და სხვაობა მხოლოდ ესააო, – რაც არსებითად ტყულია. ეს ყოველივე ეშმაკის საცდურია. მრავალი ადამიანი აზრს გამოთქვამს, საკუთარ შეხედულებას აყალიბებს, თუმცა ეს ამა თუ იმ ადამიანის მოსაზრებაა მხოლოდ.

განა შეიძლება, რომ არსით ერთ ღმერთზე ამდენი შეხედულება და სწავლება იყოს და ყველა მათგანი სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდეს? რატომ დასჭირდებოდა სრულყოფილ ღმერთს სხვადასხვა სწავლება, ის თავისი ბუნებიდან გამომდინარე ხომ სრულყოფილია, სისრულითა და სისავსით მოქმედებს და გადმოსცემს ყველაფერს ერთ რელიგიაში? და თუ რამე ვერ გადმოსცა, ნაკლულოვანია მისი სწავლება, მოქმედება და ამიტომ დასჭირდა სხვადასხვა რელიგია, სწავლება... ამ შემთხვევაში მის სრულყოფილებაზე და ღმერთობაზე საუბარი ზედმეტია, რისი თქმაც ქრისტიანობასთან და ქრისტესთან მიმართებით მკრეხელობაა.

ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება სხვადასხვა ადამიანის მადლს მოკლებული აზროვნების შედეგია, რომელსაც ეშმაკი კვებავს. ღმერთი თავისი არსით მიუწდომელი, უხილავია, არსად მყოფია თავისი ბუნებით, სამყაროს მიღმიურია და ყველაფერი მის მადლში არსებობს. წმ. იოანე ღვთისმეტყველი გვასწავლის; „ღმერთი არავისა სადა უხილავს, მხოლოდ ძემან“. რადგან ბუნება ღვთისა მიუწვდომელია ქმნილებისათვის, ღმერთი თავად ბუნებით ღმერთსვე შეუძლია იხილოს, ამიტომაა ნათქვამი – „მხოლოდ ძემან“. ადამიანს მაშინ შეუძლია ღვთის წვდომა, თუ ღმერთი განუცხადებს თავს და აუწყებს სწავლებას. ეს არის ღვთის მიერ განცხადებული სწავლებაც და უფალთან მიმყვანი რელიგიაც. ქრისტე თვითონ განკაცებული ღმერთია, ქრისტეს სწავლება კი განკაცებული ღმერთის სწავლება და მოქმედებაა. ქრისტიანობა განცხადებითი სწავლებაა, თუკი თვითონ არ განკაცდებოდა და მივიდოდა იესო კაცობრიობასთან, ადამიანი ვერასდროს შეძლებდა ღმერთთან მისვლას და ცხონებას – ცათა სასუფეველში დაბრუნებას. და ამიტომ ითქვა: „. და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა“ (იოანე 3, 13.); „რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ. ხოლო ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. რამეთუ ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა...“ (იოანე 6, 38-40).

ყველა სხვა სწავლება, გარდა ჭეშმარიტი ქრისტიანული განცხადებითი სწავლებისა, ადამიანის გონების ნაღვაწია, ძიებაა, რომელსაც ეშმაკი ასაზრდოებს, სხვადასხვა მიმართულებით ცრუ შეხედულებას აწვდის ადამიანს. ასე იქმნება, ყალიბდება ახალი, გაურკვეველი სწავლება – არა ღვთის სწავლება, არამედ მისი საწინააღმდეგო. ამ რელიგიებს, სექტებს, რელიგიურ და ფილოსოფიურ მიმდინარეობებს ადამიანის ცხონებისთვის აუცილებელ, საჭირო, არსებით რელიგიურ კითხვებზე პასუხის გაცემა და მათი დაკმაყოფილება არ შეუძლია. მით უფრო ადამიანის ღმერთთან მიყვანა მისი მეშვეობით შეუძლებელია, რადგან არსებითად ის ღმრთისგან არ არის. მაგრამ დღევანდელი ცნობიერება, საერთაშორისო კანონმდებლობა და რეალობა აძლევთ მათ მოქმედების უფლებას. უფრო მეტიც, იცავს როგორც რელიგიის თავისუფლებას, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ეკლესიამ ბოლომდე უნდა შეასრულოს ღვთის განგება და დაუბრუნოს ღმერთს მისი სამწყმსოს დაკარგული ცხვარი. ქრისტეს სწავლების დაწყებასთან ერთად, მრავალი გაუკუღმართებული სწავლებლება განვითარდა, გარდა იმ წარმართული სწავლებებისა, რომელიც მანამდე არსებობდა. პავლე მოციქულს ჰკითხეს, თუ რატომ უშვებს უფალი ამდენი სწავლების წარმოშობას, რაზედაც მან უპასუხა: „იმისთვის, რათა უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს, სად არის ჭეშმარიტება“.

დღესაც თუ სწორად მოხდება ჭეშმარიტი სწავლების წარმოჩენა და მიტანა ადამიანებთან, მაშინ ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება ღვთიური სიმართლე და სისავსე, რომელიც ჩრდილავს ყველა ცრუ სწავლებას. სხვადასხვა სწავლების მიმდევრები და მათი დამცველები ხშირად ადანაშაულებენ მართმადიდებელ ეკლესიას ყველა დანარჩენი რელიგიის ცრუ რელიგიად გამოცხადებაში. რა გამოდის, რომ ეკლესიამ წმინდა წერილი უნდა დაამახინჯოს, ღვთის განცხადება შეცვალოს და სხვა რამ ასწავლოს?! და ამ შეცვლილი სწავლებით ეკლესიამ უნდა განაცხადოს, რომ ვიღაცის ცხონებისთვის ღვთის განკაცება გარდაუვლად აუცილებელია, სხვისთვის კი – ღვთის განკაცების გარეშეც შესაძლებელი ყოფილა ცხონება?! ეს ამ ადამიანების მოტყუება და მარადიული ტანჯვისთვის გაწირვა იქნება. მაშინ უფლის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები როგორ უნდა გავიგოთ: „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“(იოანე 3, 3-5).

ე. ი. ადამიანი ნათლობის გარეშე ვერ შევა ცათა საუფეველში, ნათლობა ადამიანის ცხონებისთვის არსებითია, და ამას სულიწმინდა სასულიერო პირთა მეშვეობით ახორცილებს და აღასრულებს. ამის შემდეგ უფალი კიდევ უფრო მკაფიოდ გვეუბნება, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ადამიანის უფალთან მისვლა და ცხონება: „ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ. რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე. ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს“(იოანე 6, 53-59). ე. ი. ნათლობის შემდეგ თუ ადამიანი არ ეზიარება და არ ღებულობს მის სისხლს და ხორცს, რომელიც არის განკაცებული ღმერთის სისხლი და ხორცი, ის ვერ მიდის უფალთან. ქრისტეს განკაცება ერთდროულად საწვლება და მოქმედებაა, ეს ერთი მთლიანობაა. სადაც უფლის სწავლებაა, იქ მადლია და, ამავდროულად, მისი განგების აღსრულებაა. ხოლო ნებისმიერი სხვა მიმდინარეობა და კონფესია ეკლესიას დაშორებულია, ის მხოლოდ ფუჭი სიტყვა და სიცარიელეა. აქედან გამომდინარე, ვერც უფალთან მიმყვანია. ვისაც ცხონების სურვილი აქვს, უნდა იცოდეს, რომ ეს ქრისტეს აღმსარებლობით არის შესაძლებელი, რის გამოც თქვა ქრისტემ: „თუ მე არ მაღიარებთ ადამიანთა წინაშე, არც მე გაღიარებთ ჩემი მამის წინაშე“.

ადამიანი თვითონვე ამბობს უარს ცხონებაზე, თუ ქრისტეს არ იღებს და ეშმაკის სიცრუეს უსმენს. ამიტომ თქვა დავით მეფსალმუნემ: „ყველა ღმერთი, გარდა ღმრთისა ჭეშმარიტისა ეშმაკი არს“.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

 

ნანახია: (352)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას