logo.png

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა! დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი 85 წლის გახდებოდა

ზვიად გამსახურდია

საქართველოს პრეზიდენტი 1991 -1992 წლებში

ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში 1939 წლის 31 მარტს, გამოჩენილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიასა  და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.

განათლება

ზვიად გამსახურდია სწავლობდა თბილისის 47-ე საშუალო სკოლაში. განათლების მიღება განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. უნივერსიტეტში სწავლა 1962 წელს დაასრულა. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ახალგაზრდა ზვიად გამსახურდიასა და მისი მეგობრების დაპირისპირება საბჭოთა რეჟიმთან  აშკარად 1956 წელს გამომჟღავნდა, როდესაც მათ თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს. ჯგუფის წევრები დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ზვიად გამსახურდია პატიმრობაში მეორედ 1959 წელს მოხვდა და ისევ მალე გაათავისუფლეს.

1975 წელს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის" (Amnesty International) წევრად აირჩიეს. ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი". ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე მისი თავმჯდომარე იყო. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა ჟურნალებს: „საქართველო", „ოქროს საწმისი", „საქართველოს მოამბე" და სხვ. გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგი".

1978 წელს ზვიად გამსახურდია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალურ ნომინანტად წარადგინა.
მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, მაინის ფრანკფურტი) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ ჟურნალთან „მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).
დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა 1977 წელს დააპატიმრა, პატიმრობიდან 1979 წელს გაათავისუფლეს.

1979 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და იყო 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციის ერთ-ერთი მოთავე, მათ შორის, 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც 9 აპრილს ტრაგედიით დასრულდა, ხოლო ზვიად გამსახურდია, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას. 1990 წლის დამდეგს მისი თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

კარიერული გზა

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ზვიად გამსახურდია იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტი.
1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა" უწოდეს და აღდგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი).

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა და მალევე ზვიად გამსახურდია ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია, რაც იმავე წლის 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე დადასტურდა.

1992 წლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა სომხეთის გავლით ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა. 1993 წლის სექტემბერში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოში, სამეგრელოში დაბრუნდა. 1993 წლის ნოემბერში იგი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მთიანი სამეგრელოს სოფლებში იმყოფებოდა.

გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. ზვიად გამსახურდიას ცხედარი დაკრძალეს სოფელ ჯიხაშკარში, მალევე გადაასვენეს გროზნოში, 2007 წელს კი საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.   

მისი მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, პროფესიით ექიმი პედიატრია. იგი ზვიად გამსახურდიას პარტიული თანამებრძოლი იყო. ჰქყავს სამი შვილი - კონსტანტინე (პირველი ქორწინებიდან), ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

საგამომცემლო საქმიანობა

1970 წელს ზვიად გამსახურდია გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. საიდანაც 1977 წლის 1 აპრილს ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით გარიცხეს.

გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის, 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე შექსპირის, ბოდლერის, გოგოლისა და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები.

ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა-1990 წლის ნოემბერი

ნანახია: (291)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას