თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი
რატომ არის ტერმინი და სტატუსი "თეოლოგი" ასეთი მიუღებელი ზოგისთვის, ვერ ვხვდები. მაშინ, როცა ყველა ადგილობრივი ეკლესიის განწესებით "თეოლოგის" წოდებას ყველა უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი ანიჭებს კურსდამთავრებულს. თუ ამას სკეპტიკურად შევხედავთ და უარვყოფთ, მაშინ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენებთ ეკლესიის დამოკიდებულების მართებულებას. ამასთან, ტერმინი გამოიყენება ტექნიკური და აკადემიური მნიშვნელობით, ხოლო სულიერ ასპექტში საუნივერსიტეტო წოდების მოაზრებას არავინ ცდილობს, რადგან "ღვთისმეტყველება" ადამიანის შინაგან მდგომარეობას გულისხმობს და შესაბამისად რამდენადაც სული გარეშე თვალისათვის დაფარულია, იმდენად ძნელია განსაზღვრო მისი ხარისხი და მდგომარეობა, ისევე როგორც ყველა მღვდლის მოწიფულობა არ განიზომება თანამდებობრივი ნიშნით, თუმცა მიუხედავად ლოცვითი მოღვაწეობის ამა თუ იმ დოზისა, ის მაინც მღვდლად მიიჩნევა. შესაბამისად, ცხადია, ერთია ხელდასხმულის წოდება, მეორე მისი ღვაწლისმიერი ღირსება. მას შემდეგ, რაც თეოლოგია მეცნიერებად ჩამოყალიბდა (ეს უფრო გვიანდელი ფენომენია) და გამოვიდა სამონასტრო სივრციდან, მისი ინსტიტუციონალური კუთხით მოხსენიება სავსებით ნორმალური მოვლენა გახდა, სადაც ცოდნა მაინცდამაინც არ გულისხმობს უკიდურესი ასკეზით მიღებულ გამოცდილებას, ან აპრიორი მის აუცილებლობას. ამდენად, მუდმივი ქილიკი და კომპლექსიანი დამოკიდებულება, რომ "თეოლოგი" როგორ შეიძლება იყოს ერისკაცი ან "არამისტიკოსი და ცოდვილი ადამიანი" ცოტა უადგილოა!
არადა საქართველოს საპატრიარქო წარმომადგენელთა და აგრესიუად განწყობილ ოპონენტთა აზრით, თეოლოგი - პირდაპირი გაგებით წმინდანი, სასწაულმოქმედი მკურნალი და ასკეტი უნდა იყოს. ე.ი. ისეთ მოთხოვნებს უყენებენ თეოლოგებს, რასაც თავიანთ ეპისკოპატსა და ბერ-მონაზვნებსაც კი არ სთხოვენ და ასე ცალმხრივი ობიექტურობით ცდილობენ "სულიერებაზე" აპელირებას. ეს ყოველივე ერთი მხრივ ძალიან კომიკურია, ხოლო მეორე მხრივ კი - მავნებლური, რადგან სწორედ ასეთი უტოპიური სტანდარტების "დაწესებით" ცდილობენ მარგინალიზებას, დელეგიტიმაციასა და დისკრედიტაციას არგუმენტირებული კრიტიკისა თუ თავად კრიტიკოსის!
მაგალითისთვის, არსებობს რამდენიმე, მეტად გავრცელებული სტერეოტიპი, სტიგმა და იარლიყი:
თუ პრობლემაზე საუბრობ - განიკითხავო;
თუ უსამართლო შენიშვას არ იღებ - ამპარტავნობო;
თუ პუბლიკაციას აქვეყნებ რაიმე მწვავე საკითხზე - რამდენი გადაგიხადესო;
თუ ამხელ - ჯერ შენი ცოდვები იგლოვეო;
თუ პრინციპებს იცავ - როგორი ხისტი ხარო;
თუ სამღვდელოების უღირსი ნაწილის უმართებულო საქციელზე აპელირებ - ხალხს რატომ აბრკოლებო (ამას იმ დამნაშავე მღვდელს კი არა, შენ გეტყვიან!);
თუ საპატრიარქოს ადმინისტრაციის პოლიტიკა არ მოგწონს - ეკლესიის მიღმა ხარო;
თუ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსადმი სიმპათიით ხარ განწყობილი - ლიბერალი, სოროსელი და ერეტიკოსი ხარო;
თუ მსოფლიო კრებების, ანუ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის, კანონიკისა და დოგმატიკის დამცველი ხარ - მოპროტესტანტო ელემენტები გეტყვიან, რომ "იმპერიული კრებებისა როგორ გრწამს, ახლა აღარც ბიზანტიაა და აღარც იმპერატორიო (სუვერენი);
თუ ეკლესიაში პრორუსულ ძალებსა და "პრავასლავნიკურ" მდგენელს ეწინააღმდეგები - მოდერნისტი, რეფორმატორი და ურწმუნო ხარო;
თუ კათოლიკოს-პატრიარქის კერპს არ განადიდებ - ეკლესიის მტერი და უღმერთო ხარო;
და ა.შ. და ა.შ. ამგვარად ამართლებენ თავიანთ კონფორმიზმს და მათ დემაგოგიას საზღვარი არ აქვს...
მოკლედ, როგორც ჯორჯ ორუელი იტყოდა: "საყოველთაო სიცრუის პირობებში, სიმართლის ლაპარაკი ექსტრემიზმია"!
ნანახია: (1701)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას