logo.png

ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი

მეცნიერებმა ინტერნეტის სიჩქარის რეკორდი დაამყარეს და წამში 301 ტერაბიტი მოცულობის მონაცემი გადაიტანეს.

მეცნიერებმა ინტერნეტის სიჩქარის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ასტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა საერთაშორისო კოლეგებთან ერთად წამში 301 ტერაბიტ — 301 მილიონი მეგაბაიტი წამში (მბ/წმ) — სიჩქარეს მიაღწიეს. ამისათვის მათ სტანდარტული ოპტიკური ბოჭკო გამოიყენეს.

ახალი მაჩვენებელი ჩვეულებრივ ფართოზოლიან ქსელზე რამდენიმე მილიონჯერ სწრაფია. ამ სიჩქარით შესაძლებელი იქნებოდა, IMDb-ზე არსებული ყველა ფილმი სულ რაღაც ერთ წუთში გადმოგეწერათ.

შედარებისთვის, ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში ფართოზოლიანი ქსელის საშუალო სიჩქარე საქართველოში 35.09 მბ/წმ იყო მობილურის შემთხვევაში, ფიქსირებული ინტერნეტისთვის კი — 26.30 მბ/წმ.

რეკორდი ახალი ოპტიკური გადამუშავების მოწყობილობის შექმნით დაამყარეს. მისი საშუალებით ტალღათა ახალი დიაპაზონის გამოყენება გახდა შესაძლებელი, რომლითაც გადაცემის ოპტიკურ-ბოჭკოვან სისტემაში აქამდე არ სარგებლობდნენ.

"ზოგადად, მონაცემები ისეთი ოპტიკური ბოჭკოთი გაიგზავნა, როგორიც სახლის ან ოფისის ინტერნეტკავშირში გამოიყენება", — განაცხადა დოქტორმა იან ფილიპსმა, ასტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა — "მეორე მხრივ, გარდა კომერციულად ხელმისაწვდომი C- და L- დიაპაზონებისა, ორი დამატებითი სპექტრული დიაპაზონი გამოვიყენეთ, სახელად E-დიაპაზონი და S-დიაპაზონი. ასეთი დიაპაზონები, ტრადიციულად, საჭირო არ ყოფილა, რადგან C- და L- დიაპაზონებს მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად შეუძლია მონაცემების გადაცემა".

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მომხმარებლებს უფრო და უფრო სწრაფი ინტერნეტი ესაჭიროებათ. ამის ფონზე მკვლევრები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია, ეს ტექნოლოგია პროვაიდერებმა ინტერნეტის სიჩქარის გასაზრდელად გამოიყენონ.

საგულისხმოა, რომ სიჩქარე ახალი ბოჭკოებისა და სადენების გარეშე გააუმჯობესებს. შესაბამისად, ეს გზა საშუალებას იძლევა, კომერციული ინტერნეტის სიჩქარე ეკოლოგიური ზარალის გარეშე გაიზარდოს.

"ქსელის ხერხემალში გადაცემის უნარიანობის გაზრდით, შესაძლოა, ჩვენმა ექსპერიმენტმა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ქსელები მოუტანოს საბოლოო მომხმარებლებს", — განაცხადა ვლადეკ ფორისიაკმა, ასტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა — "ეს რევოლუციური მიღწევა ოპტიკური ბოჭკოების ტექნოლოგიის დახვეწის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რათა საკომუნიკაციო ქსელებში ძირეულად გაუმჯობესდეს მონაცემთა გადაცემის სისწრაფე და სანდოობა".

კვლევა ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტმა (IET) გამოაქვეყნა. ნაშრომი ევროპის ოპტიკური კომუნიკაციის კონფერენციაზე (EOCC) წარადგინეს.

წყარო: The Independent

 

ნანახია: (234)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას