ეს ხატი იმყოფება ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში და მის შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს:
მონასტრის საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშში, ძველი დროიდან დაწერილი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ღირსი მამები, ამ სავანის დამაარსებლის წმიდა ნეოფიტეს დროინდელად მიიჩნევენ. იგი კი მე-10 ს-ში ცხოვრობდა. შეხედავ თუ არა ხატს, ირწმუნებ, რომ იგი ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედია და წარმოშობით საკმაოდ დაცილებული ჩვენს ხანას. მის ფერებს თითქოს დაუკარგავს თავდაპირველი კოლორიტი, მაგრამ არც თუ მთლად. გარკვეულ წილად ამაში ჩანს განგება ღვთისა: საუკუნეების მანძილზე იგი შემონახულია უვნებლად, სწორედ იმიტომ, რომ აღასრულოს სასწაულები და კურნებანი სადიდებელად ღვთისა.
თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წ. გამოავლინა:
ხატის წინ იყო გასასვლელი, რომლითაც მონასტრის მამები სატრაპეზოში დადიოდნენ. ტრაპეზარს ხშირად უხდებოდა აქ გავლა-გამოვლა არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. ღამით იგი ანთებული კვარით ხელში დადიოდა-ხოლმე. ერთხელაც, ტრაპეზარმა ბერმა ნილოსმა, ჩვეულებისამებრ, ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და შემოესმა ხმა: „აწ ნუღარ გაივლი აქ ანთებული კვარით და ნუ სჭვარტლავ ჩემს სახეს“.
უჟამო ჟამს ცარიელ სატრაპეზოში ადამიანის ხმის გაგონებამ ჯერ შეაკრთო ბერი, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომელიმე ძმა იქნებოდაო და განაგრძო გზა; არც ანთებული კვარით სიარულისათვის დაუნებებია თავი. გამოხდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: „ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ასე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?“ და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაჰკარგა. ახლა კი გაახსენდა უწინ გაგონილი სიტყვები, იგრძნო თავისი ცოდვის მთელი სიმძიმე და მიხვდა, რომ ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ხატისადმი უგულისყურობისა და დაუდევრობის გამო. ნილოსი, სრულიად დაბრმავებული, საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა: ეგდო ხატის წინ დამხობილი, სანამ არ დადგა დღე.
შეშინებული ბერები მოწიწებითა და კრძალვით დაემხნენ სასწაულთმოქმედი ხატის წინ, აანთეს მის წინ კანდელი, ხოლო ახალ ტრაპეზარს დაავალეს მის წინ ეკმია საკმეველი. ნილოსმა გადაწყვიტა მანამდე დარჩენილიყო ხატთან, სანამ ცოდვა არ მიეტევებოდა და სიბრმავისაგან არ განიკურნებოდა. დღე და ღამე დამხობილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ გოდებდა და შეწყალებას ევედრებოდა. ჭეშმარიტი სინანულის ცრემლებით ითხოვდა შენდობას, რომ ყური არ ათხოვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიტყვებს.
ყოველთა მონანულთა შემწემ არ უგულებელჰყო უსინათლო მლოცველის ღაღადისი და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბერი ცრემლებით ლოცულობდა ხატის წინ, ესმა ხმა მისგან: „ნილოს, შესმენილ იქნა შენი ვედრება, შენ მიგეტევა ცოდვა და დაგიბრუნდება თვალისჩინი. აუწყე ძმებს, რომ მე ვარ საფარველი, მფარველი და მეოხი თქვენი სავანისა. დე, მათ და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მომმართონ მე გასაჭირის ჟამს, და არავის დავტოვებ შეუსმენელს: ყოველთა ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა ვექმნები შუამდგომელად და მათ თხოვნას ჩემი ოხით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი. დღეიდან ეს ხატი წოდებულ იქნება „მსწრაფლშემსმენელად“, რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ“.
ამ საოცარი სიტყვების შემდეგ ნილოსს თვალები აეხილა.
ამ სასწაულის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა წმიდა მთაზე და მრავალი ბერი, მსურველი სასწაულის ხილვისა, მოაწყდა დოქიარის სავანეს. ისინი მოწიწებით თაყვანს სცემდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებას და გაოცებულნი შესცქეროდნენ მოულოდნელი სიბრმავით დასჯილ და კვლავ შეწყალებულ ტრაპეზარს.
ამასობაში, ძმებმა ზღუდით გამოჰყვეს ეს ადგილი და რამდენადაც ხატი დასავლეთის კედელზე იყო დაწერილი, სატრაპეზოს შესასვლელისგან მოპირდაპირე მხარეს, მოაწყვეს მშვენიერი ტაძარი მისი სახელობისა. ამ დღიდან მოყოლებული, გამოარჩევენ ხოლმე ერთ-ერთს მღვდელმონაზვნებიდან ყველაზე უფრო ღვთისმოშიშსა და გამოცდილს, რომ მუდმივად იმყოფებოდეს ხატთან და მის წინ დილას და საღამოს აღასრულებდეს პარაკლისს. გარდა ამისა, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ მორიგე მსახური მღვდელი იწყებს გალობას შუა ტაძარში და იმავე წამს მამები და ძმები უდიდესი მოკრძალებით გამოდიან ტაძრიდან, მიემართებიან ამ ხატთან და მის წინაშე აღასრულებენ ღვთისმშობლის პარაკლისს და იხსენებენ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ლოცულობენ მსოფლიო მშვიდობისათვის.
მსახურ მღვდელს ევალება თვალყური ადევნოს სისუფთავის დაცვას. „მსწაფლშემსმენელის“ სამლოცველოში კვირაში ორჯერ აღესრულება საღმრთო ლიტურგია. მანვე უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ხატის წინ მუდმივად ენთოს კანდელი. მათი რიცხვი 20-ს აღწევს, ამათგან ექვსი მუდმივად ანთია. ყველა ეს კანდელი ღვთისმოსავი ქრისტიანების შემოწირულობას წარმოადგენს ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების სამადლობელად. ამ კანდელების ზეთიც შემოწირულია.
ღვთაებრივი „მსწარაფლშემსმენელის“ ხატის მადლით მრავალ უსინათლოს აეხილა თვალი, კოჭლებმა იწყეს სიარული, დაუძლურებულნი განმტკიცდნენ, ბევრჯერ ჩაძირვას გადაურჩნენ გემები, გათავისუფლდნენ ტყვები და მრავალი სხვა. დღემდე იგი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებით და შემუსრვილი გულით.
1873 წ. მოსკოვში რუსმა ქველისმოქმედებმა მას ვერცხლის პერანგი გაუკეთეს. ამ ხატის დღესასწაული იზეიმება 9 ნოემბერს (ახ. სტ. 22 ნოემბერს), დოქიარის მონასტერს, რომელშიც იმყოფება ეს ხატი, აქვს საკათედრო ტაძარი მთავარანგელოზის სახელობისა, რომლის დღესასწაულიც 8 ნოემბერს (ახ. სტ. 21 ნოამბერს) აღინიშნება. მეორე დღეს აღესრულება წირვა ამ ხატის სახელზე.
1877 წლიდან ამ ხატის ასლი იმყოფება მოსკოვში, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში, ერთ-ერთი ასლი კი საქართველოს საპატრიარქოშია დაცული.
(წყარო: http://www.orthodoxy.ge/khatebi/mstsraflshemsmeneli.htm)
ნანახია: (361)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას