ეს გაფრთხილება და მისი შედეგი არაერთმა ადამიანმა, ქრისტიანულმა ქვეყანამ და ეკლესიამ გამოსცადა საკუთარ თავზე ეკლესიის ისტორიის განმავლობაში, თუმცა დღესაც გამოსცდიან უფლის მოთმინებას. საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს მთლიანობისა წინააღმდეგ შეუჩერებლად იბრძვის როგორც რუსეთის სახელმწიფო, ისე მისი ავტოკეფალური ეკლესია რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ვიდრე დღევანდლამდე. არ ისმენს უფლის სიტყვას, მსოფლიო საეკლესიო კანონებს, წმინდანთა დარიგებას, მათ შორის თავისივე ეკლესიის მიერ კანონიზირებულთა ბაგით გამჟღავნებულს. წმინდა სერაფიმ საროველი აფრთხილებდა თავის დროზე რუსეთის იმპერატორს და ეკლესიის მმართველს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფელიისთვის ხელი არ ეხლოთ. ის ამ ორ ეკლესიას და ერს ადარებდა ღვთისთვის შესაწირ პურსა და ღვინოს, რომელიც საღვთო ლიტურგიისთვის იყო განკუთვნილი (ღვინოს – საქართველოს, პურს – რუსეთს). თუმცა არავინ იღო ყურად მისი სიტყვა და საეკლესიო სამართლის კანონთა დარღვევით გააუქმეს საქართელოს ეკლესიის ავტოკეფალია, შემდეგ კი სახემწიფოებრიობაც.
მალევე აღსრულდა მათ თავზე ღვთის გაფრთხილება და სასჯელი – რუსეთის იმპერატორი, სახელმწიფო მმართველი ოჯახთან ერთად დახვრიტეს ხელისუფლებაში მოსულმა ათეისტურმა ანტიქრისტინულმა ძალებმა ლენინის ბრძანებით. რუსეთის ეკლესიასაც უმძიმეს დელგმა დაატეხეს თავს და ისიც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. რუსეთის ეკლესიის ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, გაექცა საბჭოთა დიქტატურას. საბჭოთა იმპერიაში დარჩენილი ეკლესია მძიმე რეპრესიების ქვეშ მოექცა. მაშინაც არ სცნობდა ქართველ წმინდანთა, საქართველოს ეკლესიის იმდროის მამამთავართა მიერ აღდგენილ ავტოკეფალიას. ღვთის ეს სასჯელი მათზე ასე განხორციელდა, თუმცა ბოლომდე ვერც ღვთის ამ დაშვებამ მოიყვანა გონს. დიდი ხნის მერე მოუწია რუსეთს საქართველოს ეკლესიის ვტოკეფალურობის აღიარება, თუმცა აღიარა იგი როგორც არა ერთი უძველესი ეკლესიათაგანი, როგორც მას მსოფლიო საპატრიარქო და სხვა ავტოკეფალური ეკლესიები სცნობენ, არამედ მიიჩნია მის მიერ ავტოკეფალიამინიჭებულ ეკლესიად, თითქოს ივერიის ეკლესია მანამდე მხოლოდ ფართო ავტონომიას ფლობდა ანტიოქიის ეკლესიის აღიარებით, რაც საეკლესიო სამართლისა და საქართველოს ეკლესიის ისტორის სრული იგნორირებაა. ამ ნაბიჯით თავისი კანონდარღვევის გამარათლებას შეეცადა და შორს გამიზნული მტრული ზრახვების განხორციელების შესაძლებლობაც დაიტოვა, რაც მოგვიანებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ეკლესიის გარდა სხვა ეკლესიების ადმინისტრაციული ერთეულების არსებობის აღიარების მცდელობაში გამოვლინდა. ეს ყოველივე კი საეკლესიო სწავლებისა, მისი მორალური ღირებულებების, საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევაა.
დღეს რუსეთის პატრიარქი წუხს თავის ქადაგებაბებში რუსეთის ეკლესიის მთლიანობის დარღვევას, და ეს მაშინ, როცა საქართველოს ეკლესიის მთლიანობისა და ერთიანობის დარღვევა არც კი ადარდებს. საქართელოს ეკლესიას ორი ძირძველი ეპარქია ჩამოართვა და არ უშვებს კანონიერ მმართველს თავის ეპარქიებში, არ აღასრულებინებს ღვთისმსახურებას, ამ ეპარქიების მკვიდრი მოსახლეობა, მრევლი, სასულიერო პირები გაასხლა თავიანთი საცხოვრებლიდან, მათი წინაპრებს საუკუნეების განმავლობაში რომ ეკუთვნოდათ. არ უშვებს იმ ტაძრებში მათ მემკვიდრეებს ღვთის იმ ენაზე სადიდებლად, რომელზედაც ქართველები სიტყვთა და საქმით ჯერ კიდევ მაშინ ეწეოდნენ, როცა რუსეთი არცკი არსებობდა არც სახელმწიფოებრივად, არც ერად და არც ეკლესიად. ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდა მათი „მოქცევა“ კოსტანტინეპოლის ეკლესის მიერ, რომლის ეპარქიასაც წორმოადგენდა რუსეთი.
დღეს რუსეთის ეკლესია და სახელმწიფო მართმადიდებლობის დამცველად და მფარველად აცხადებს საკუთარ თავს, არადა, ვერვინ იქნება უფლის ეკლესიის მსახური და მფარველი, თავად თუ არ აღასრულებს ქრისტეს მცნებებსა და მის სწავლებას! თავს ნურვინ მოიტყუებს! უფალს გვერდს ვერავინ აუვლის! ყველა იმ გაფრთხილებისა და მოწოდების შემდეგ, რაც რუსეთის ეკლესიამ და სახელმწიფომ არაფრით შეისმინა, უფალმა მათზე მისი სწავლების აღსრულების განხორციელება დაიწყო, ეს კი დიდ დარღვევად გამოაცხადდა. უცილობლად გამოაცდევინებს უფალი ამ სიტყვებს – ეს გარდაუვალია: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ იყოს სასჯელისა“ (მათე 5,22).
ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მართლმადიდებელ ქვეყნებსა და ერებს ებრძვის, ასუსტებდეს რუსეთი და ამავდროულად, აცხადებს, რომ იცავს ქრისტიანობას, და ეს მაშინ, როცა ქრისტე სულ სხვას სწავლებას ქადაგებს, და მსოფლიო საეკლესიო სამართალის კანონები კი სულ სხვას ამტკიცებს: „როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მათე 7, 12) – აი, ეს არის ქრისტეს სწავლება, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ მას ასე უნდა ექცეოდნენ, თვითონ კი, როგორც უნდა, ისე მოექცევა სხვას. ასეთ შემთხვევაში უფალი შენს თავზე გამოგაცდევინებს სწავლების დარღვევის სიმძიმეს, რომ მიხვდე, ღმერთს, მის მრევლს, მის ეკლესიას რამხელა ზიანს და ტკივილს აყენებ. სწორედ ასე განგვსწავლის უფალი. პავლე მოციქული ბრძანებს რომაელთა ეპისტოლეში: „არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია“ (რომ. 13, 8-10). ასე ამხელს ღმერთი თავისი მსახურების პირით ნებისმიერს, რომელიც არღვევს მის სწავლებას. და როდესაც უფალი იწყებს ვინმეს მიმართ მხილებას მოქმედებით, წინ ვერვინ და ვერაფერი დაუდგება, გარდა ერთადერთი შესატყვისი სინანულისა, რომელიც ქმედებაში გამოვლინდება – ეს თუ შეაჩერებს მის განაჩენს.
იაკობ მოციქული ბრძანებს: „რწმენა, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია. მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც. შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია? განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა? ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი. როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით“ (იაკობის ეპისტოლე 2, 17- 24).
აქვე მსოფლიო კრებების კანონებსაც მოვიხმობთ, თუ რა დარღვევები არის რუსეთის ეკლესიის მხრიდან საქართველოს ეკლესიისადმი. მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონი განაწესებს: „საეკლესიო წესებისა და წმინდა მოციქულთა კანონების საწინააღმდეგო, სიახლე და თავისუფლების ხელმყოფია ქმედება, რომლის შესახებაც გვაცნობეს ღვთისსათნომყოფელმა თანაეპისკოპოსმა რიგინოსმა და მასთან ერთად კვიპროსის სამთავროს კეთილკრძალულმა ეპისკოპოსებმა – ზენონმა და ევაგრემ. ვინაიდან იგი საზოგადო ვნების მატარებელია, ამიტომ ძლიერ მკურნალობას საჭიროებს, როგორც დიდი ზიანის მომტანი; მით უფრო, რომ არასდროს ყოფილა ჩვეულება, ანტიოქიის ეპისკოპოსს კვიპროსში ხელთდასხმა მოეხდინოს, როგორც ეს წერილობით და სიტყვიერად გვაცნობეს წმინდა კრებაზე მობრძანებულმა კეთილკრძალულმა კაცებმა. ამიტომ კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავრებს, ყოველგვარი შევიწროების გარეშე უნდა შეუნარჩუნდეს წმინდა მამათაკანონებისამებრ და ძველი ჩვეულების თანახმად იმის უფლება, რომ თავად აწარმოონ კეთილკრძალულ ეპისკოპოსთა ხელთდასხმა. იგივე წესი უნდა იყოს დაცული ყველა სხვა სამთავროსა და ეპარქიაში. ამდენად, ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან არავინ გაავრცელოს თავისი ხელისუფლება იმ ეპარქიაზე, რომელიც მანამდე არც მას და არც მის წინამორბედ ეპისკოპოსს არ ექვემდებარებოდა; ვინც გაავრცელა თავისი ძალაუფლება უკანონოდ და ძალად დაიმორჩილა რომელიმე ეპარქია, ხელი უნდა აიღოს მასზე; ნურავინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით, საერო ქედმაღლობის ქედმაღლობა; ნუ დავკარგავთ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იმ თავისუფლებას, რომელიც თავისი სისხლით ყოველი კაცის მხსნელმა უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოგვმადლა. ამგვარად, წმინდა და მსოფლიო კრებამ სათნოდ მიიჩნია, რომ თითოეულმა ეპარქიამ, ყოველგვარი შევიწროების გარეშე, წმინდად შეინარჩუნოს თავიდანვე მისთვის მინიჭებული და ძველთაგანვე დამტკიცებული უფლება. ჩვეულებისამებრ, თითოეულ მიტროპოლიტს, თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად, შეუძლია ამ დადგენილების ასლი გადაიღოს. აქვე ვადგენთ: ამ წმინდა და მსოფლიო კრების განჩინების საწინააღმდეგოს თუ ვინმე შემოიღებს, უკანონოდ იქნეს შერაცხული“.
ამავე საკითხს ეხება ტრულის კრების 39-ე კანონი, მოციქულთა 34-ე და 35-ე კანონები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონის სიტყვები: „რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით საერო ქედმაღლობის ქედმაღლობა“. სწორედ ეს ქედმაღლობა ამოქმედებს რუსეთის ეკლესიის საჭეთმყრობელს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, არ უშვებს ეპარქიის ეპისკოპოსებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში მართონ ეკლესია, ხელი დაასხან მღვდლებს, აღავლინონ წირვა-ლოცვა, ნათლობით შემოიყვანონ ეკლესიის წიაღში უფლის მიერ მოცემული შვილები, აზიარონ და აცხოვრონ ქრისტიანულად სულთა საცხონებლად. უფალი არვის პატიობს თავის განგებაში უხეშ ჩარევას, უამრავი ადამიანის ხოცვა-ჟლეტვას, გადასახლებას, გადაგვარებას, რასაც ჩვენთან და უკრაინაში აკეთებს. უფლის პასუხი არ დააყოვნებს ყველას მიმართ, ვინც კი ასეთი სახით მის მაცხონებელ განგებას ეწინააღმდეგება!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (268)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას