(ფოტოზე: სინას მთის წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი)
პარაკლისი მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან და გულმოდგინე ვედრებას, ნუგეშისცემას ნიშნავს. ეს არის მოკლე მსახურება, სავედრებელი ლოცვა მაცხოვრის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა თუ წმინდანთა მიმართ. არსებობს საზოგადო და კერძო პარაკლისი. საზოგადო პარაკლისს იხდიან ეპიდემიების, მიწისძვრის, ომიანობის, ხანძრის დროს, ამასთანავე არაწმინდა სულთაგან და ლოთობის სენით ვნებულთათვის. კონკრეტული საზოგადო ტკივილის ჩავლის შემდეგ ვიხდით სამადლობელ პარაკლისს, რომელზედაც უფალს მადლობას ვწირავთ განსაკუთრებული შეწევნისათვის.
კერძო პარაკლისს იხდიან ავადმყოფობისას, მგზავრობის დროს, რაიმე კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში, იქნება ეს სასიხარულო მოვლენა თუ განსაცდელი, ავადმყოფობა, იმედგაცრუება, სასოწარკვეთილება, სულიერი დეპრესია თუ წარ უმატებლობა საქმიანობისას. ასევე სწავლის დაწყების ან გამოცდების ჩაბარების წინ.
პარაკლისი შეიძლება შესრულდეს ტაძარში, საავადმყოფოსა თუ სახლში. სასულიერო პირის გარდა ეს მოკლე მსახურება შესაძლებელია ერისკაცმაც წაიკითხოს. შესაბამისად, მისი შესრულების დროს გამოტოვებს სასულიერო პირთათვის განკუთვნილ საკითხავებს. ამ დროს ჩვენ ყველა იმ ადამიანს მოვიხსენებთ, ვინც შეწევნას სასოებს. საზოგადო პარაკლისის დროს აუცილებელია მოსახსენებელში ჩავწეროთ ახლობელთა სახელები და მნათეს გადავცეთ, რათა მათი მოხსენიება მოხდეს ლოცვისას. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ადამინები ტოვებენ მოსახსენებელს და თავად არ რჩებიან პარაკლისზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის ბევრად უკეთესია მოძღვართან ერთად ლოცვა, ვიდრე ის, რომ ჩვენივე კეთილდღეობისთვის ვედრება მხოლოდ სასულიერო პირს მივანდოთ. პარაკლისის შემდეგ მოძღვარი საკუთარი გადაწყვეტილებით სცხებს ზეთს მორწმუნეებს და ნაკურთხ წყალსაც აპკურებს.
პარაკლისი თავისი აგებულებით საღვთისმსახურო მიმდევრობით შემოკლებული და ცოტა სახეცვლილი ცისკარია. მასზე იკითხება 142-ე ფსალმუნი: უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისა, შემდეგ ღმერთი უფალი და ტროპარები, რასაც 50-ე ფსალმუნი და კანონები მოსდევს. კანონში ჩართულია სახარება.
თავის დროზე არსებობდა მხოლოდ ღვთისმშობლის პარაკლისი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა მოწამეთა, ღირს მამათა, წმინდა მღვდელმთავართა, ანგელოზთა, ჯვარისა და თვით წმინდა სამების სახელზეც.
მომაზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
ნანახია: (403)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას