(ფოტოზე: მაცხოვარი, ზარზმის მონასტრის ფრესკული გამოსახულება)
"დაიცვენ ესენი სახელითა შენითა,
რომელნი მომცენ მე“(იოანე 17, 11.)
ქრისტიანობა ქრისტესთან ერთად რელიგიური ცხოვრება და მისი მეშვეობით, მამა ღმერთის ძალმოსილებითა და სულიწმიდის მადლით, მარადული ნეტარებისკენ სვლაა, რომელიც აქ, დედამიწაზე იწყება. მაცხოვრის განკაცებამ, ქრისტეს, ძე ღმერთისას გზით, ადამიანებს მამა ღმერთის აღთქმა დაუბრუნა, რაც სამოთხეში ღვთისადმი ურჩობით დაკარგა ადამმა და განიდევნა ნეტერყოფითი ცხოვრებიდან, სწორედ ის აღთქმა, მამა ღმერთმა რომ დაუდო ადამს, საკუთარი ძის მეშვეობით აღასრულა. მაცხოვრის განკაცება უფლის სიყვარულის განსაკუთრებული გამვლინებაა ადამიანისადმი. განუზომელია მისი სიმდაბლე ადამიანის ბუნების მისაღებად, მისი მოდგმის გადასარჩენად. მაცხოვარი ყველასთვის განკაცდა, მაგრამ იმათ განსაკუთრებულად მფარველობს, ვინც რწმენით მიიღებს და სიყვარულით იცავს მის სწავლებასა და მცნებებს. უღვთოდ მცხოვრები ადამის მოდგმა, სამოთხიდან გაგდებული, ეშმაკს არის დამორჩილებული და სიკვდილის მონობაშია, დროებით ყოფას მიჯაჭვული, დაკარგული აქვს ღვთის აღმა. მისთვის არსებითია უფლის განკაცება, ვისი მეშვეობითაც ღმერთთან მარადიულ კავშირს აღადგენს და ამის შემდეგ მარადიული ნეტარების შესაძლებლობა უბრუნდება, როგორც ამას მაცხოვარი თავადვე ამბობს, როდესაც ავედრებს მოციქულებს მამა ღმერთს: „ამას იტყოდა იესო და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქვა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ. და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე“(იოანე 17, 1-3); „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუჲ შენი დაუმარხავს. და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს. რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე...“ (იოანე 17, 1-8).
ვისაც მაცხოვრის მიიღება უნდა, რათა ღვთის შვილი გახდეს, ის ამ წუთისოფლის მორჩილად ვეღარ დარჩება, რადგან მიწიერებით მცხოვრებ კაცს უფლის დატევნა არ ძალუძს. მხოლოდ მათ შეუძლიათ ღვთის სიტყვის მიღება და დატევნა, ვინც უფლისკენ, მარადისობისკენ მიილტვის. ასეთი ადამიანისთვის ამა სოფლის წარმავლობა, ამაოება, მუხანათობა და მზაკვრობა გასაგები ხდება. მან უკვე იცის, ჭეშმარიტება რა არის და უფალთან ერთად ცხოვრება ხდება მისთვის უმთავრესი და არსებითი მოწოდება, რათა მარადიულადაც მასთან დარჩეს. წუთისოფელს ძულს ასეთი ადამიანები, რადგან ამ მისი შემოქმედის – ეშმაკის სისუსტეს ამხელენ, ქრისტესმიერ მის დამარცხებას მთელ კაცობრიობას უქადაგებენ და თავადაც საკუთარი მადლმოსილი ცხოვრებით მასზე ძლევამოსილებას გამოკვეთენ – აღარა აქვს ბოროტს მათზე მფლობელობა, ქრისტეს ძალით სიკვდილი დაიძლია – ეშმაკის ყველაზე ძლიაერი იარაღი. ასეთთათვის მფარველობას და დაცვას ითხოვს ძე ღმერთი მამა ღმერთისგან, და სწორედ აქ ჩანს ნათლად ღვთის განსაკუთრებული სიყვარული და მზრუნველობა კაცთა მოდგმისადმი, მათ მიმართ, ვინც მისი ღვაწლი აღიქვა, ვინც ქრისტეს საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას უფასებს და ჰმადლობს თავისი ცხოვრებით, ვინც აღიქვა ეს უდიდესი წყალობა და საჩუქარი, რასაც მარადიულად ტანჯვის გარეშე დაუშრეტელი სიყვარულსა და ნეტარებაში ცხოვრება ჰქვია: „ მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის. და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ. ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს...“ (იოანე 17, 9-12). აქ მაცხოვარი საოცარი სიყვარულით, კაცთმოყვარეობით ავედრებს ქრისტეს მორწმუნეებს მამა ღმერთს და არა მარტო მოციქულებისთვის თხოვს მფარველობას, არამედ ვინც მათი დახმარებით მიიღო ქრისტეს რწმენა, ვინც მისი სამწყსო გახდა და გახდება, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. „ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად. და მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით. და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ“ (იოანე 17, 18-20). ეს მფარველობა მრავალი ადამიანის მიმართ ჩანს საუკუნეების განმავლობაში. ღვთის ეს სიტყვა შედეგში სწორედ ჩვენთან მიმართებით ძალიან მკაფიოდ ჩანს, ჩვენმა ერმა მიიღო ქრისტიანობა და შეიყვარა მაცხოვარი, დადო თავისი ცხოვრება ქრისტესთვის. ეს პატარა ერი შეინარჩუნა უფალმა და დაიფარა. მიუხედავად ამხელა ისლამური სამყაროს უსასტიკესი შემოტევებისა, წარმართული და ანტიქრისტიანული, თუ ათესტური იმპერიების თავდასხმებისა, მან გაუძლო ყველაფერს. უფალმა გადაარჩინა თავისი სამწყსო, ქრისტიანი ერი თავისი სახელმწიფოებრიობით, ავტოკეფალიური ეკლესიით, თვითმყოფადობით. ქართველი ხალხის სიყვარული ქრისტეს სარწმუნოებისადმი დღემდე ჩანს, ქართველი ხალხი ყოველთვის ცხოვრებით ქადაგებდა.
მღველ ვასილ კარბელაშვილის (შემდგომში წმინდა მღვდელმთავარ სტეფანეს) ჩანაწერიდან:
„დიდი მქადაგებელი ფილარეტი, მოსკოვის მიტროპოლიტი, ქადაგებდა თავის სობოროში, სადაც იყო ბატონისშვილი მიხეილ, კაცი ფილოსოფოსი, ფრიად ნასწავლი და სალოსი.
ჟამისწირვის შემდეგ ბატონიშვილი მიხეილ შევიდა ფილარეტთან, რომელთანაც ძალიან იყო დაახლოვებული, საჩაიოდ. ჩაის სმის დროს ჰკითხა ფილარეტმა:
– თქვენო უკეთილმსახურესობავ, ბატონიშვილი მიხეილ, მოგეწონათ ჩემი ქადაგება?
– კი, ძალიან მშვენივრება იყო,- უპასუხა ბატონიშვილმა.
– თქვენი ქათალიკოსებიც ეგრე ქადაგებდნენ ხოლმე?
მიხეილი გაოცდა ამ კითხვაზე, შეჩერდა და მცირე დუმილის შემდეგ მიუგო:
– რასაც თქვენ უქადაგებთ მსმენელთ, ეს ყოველივე წმინდად სრულდება ჩვენში, დაწყებული უბრალო ხალხიდგან, ვიდრე მეფემდისინ, ესე იყო დამწყსილი ჩვენი ეკლესია და ერი!
მაშინ ფილარეტმა შუბლზე ხელი შემოიკრა და სთქვა:
– ფას ფილარეტ, ბრძნული კითხვა მიეცი, გარნა უუბრძნესი პასუხი მიიღე!
მეტი აღარა მეთქმის-რა და ამ უკუღწარმართულ დროში ვისაც ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ. რომელს მოძღვრებას აიღებ, რომ ეკლად არ ედგეს იმ შენაგნურს მიდრეკილებას, რომელსაც კი აგია ვნებით მოცული ახლანდელი ქრისტეს მოსავი? ის ღვთაებრიული ძალა აღფრთოვანებული თვითეულში, ის სინდისი იყო მაჩვენებელი ძალა მისაღწევად საერთო მიზანისა ბედობაში და უბედობაში, და არა განხეთქილებისა და ურთიერთა განმცემლობისა და იუდაობისა, ის მაღალი მცნება ქრისტესი „სიყვარული მოყვასისათვის“ იყო მიზნად, გეგმად ცხოვრებისა და არა პირადის ბედნიერებისა“.
დღეს კიდევ უფრო მეტი სინანულითა და სასოებით უნდა მობრუნდეს ერი ღვთისკენ, შეინარჩუნოს სახელმწიფო და ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ეკლესიის წიაღში დაბადება, სრულყოფა და მარადიული ცხოვრების დამკვიდრება.
ვილოცოთ გულითადად უფლის წინაშე, რომ მოიღოს უფალმა ეს წყალობა ჩვენზე და ჩვენს შთამომავობაზე, რაზეც არ დააყოვნებს უფლის მოწყალე პასუხი რომ დაიცვას მამა ღმერთმა ქრისტეს სამწყსო, რამეთუ ჩვენთან არს ქრისტე ღმერთი!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (303)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას