ჩვენს მზის სისტემაში არსებული პლანეტების გარშემო არის რამდენიმე ბუნებრივი თანამგზავრი, რომელთა ყინულოვანი ზედაპირის ქვეშაც უზარმაზარი ოკეანეებია. ისეთი გარემოდან გამომდინარე მსგავს ციურ სხეულებზე შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს, რის გაგებაშიც, ახალი კვლევის თანახმად, ყინულის 1 კრისტალიც კი დაგვეხმარება.
მეცნიერები, პირველყოვლისა, იუპიტერის თანამგზავრ ევროპასა და სატურნის თანამგზავრ ენცელადზე არიან კონცენტრირებული. ორივე მათგანზე სიღრმიდან ზედაპირზე დროგამოშვებით სწორედ ყინულის კრისტალები იფრქვევა. თუ იქ სიცოცხლის უმარტივესი ფორმები მართლაცაა, ჩვენს ტექნოლოგიას მისი აღმოჩენა შეუძლია.
"ისტორიაში პირველად, ჩვენი კვლევით ვაჩვენეთ, რომ უჯრედული მატერია შესაძლოა, ხომალდზე დამონტაჟებული მას-სპექტრომეტრით დავაფიქსიროთ", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათ ევროპას ოკეანეში პოტენციურად არსებული მიკროორგანიზმების სიმულირებისთვის ბაქტერიები გამოიყენეს. კერძოდ, Sphingopyxis alaskensis, რომელიც ალასკის წყლებში გვხვდება, ანუ ცივ გარემოსა და საკვები ნივთიერების სიმწირის პირობებშიც კარგად ძლებს.
ავტორებს აინტერესებდათ, როგორაა შესაძლებელი, ბაქტერიამ სიღრმეში არსებული ოკეანიდან ზედაპირამდე ნაპრალების მეშვეობით ააღწიოს. არაა გამორიცხული, ასეთ ნაკადებში ბიომატერია იყოს, რომლის მოლეკულებიც ყინულის პატარა ფრაგმენტებში იქნება მომწყვდეული.
მათი იდენტიფიცირების პოტენციალი NASA-ს Europa Clipper-ს აქვს, რომელიც გაშვებაც ოქტომბერში იგეგმება. უფრო კონკრეტულად, მისი მეშვეობით ლიპიდების გამოვლენაა შესაძლებელი. ესაა ცხიმოვანი ნივთიერებები, რომლებიც, არაა გამორიცხული, ევროპაზე მობინადრე მიკროორგანიზმების მემბრანებს ქმნიდეს. ისინი დნმ-ზე სტაბილურია და ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით მათი აღმოჩენა ძნელი არაა.
ასეთია SUrface Dust Analyzer, რომელიც Europa Clipper-ზეა დამონტაჟებული. შესაბამისად, მას და სხვა ამგვარ მოწყობილობებს აქვს პოტენციალი, სიცოცხლე ან მისი კვალი დააფიქსიროს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
წყარო: IFLScience
ნანახია: (214)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას