პასუხი დეკ. ანდრია ჯაღმაიძეს!
"არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი" (ბიბლია, აბდია 1,4).
საპატრიარქოს პრეს-სპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის "წინასწარმეტყველური ქადაგებების" შესახებ ფეისბუქპოსტს აქვეყნებს, სადაც ეკლესიის პირველი პირის სრულიად უსაფუძვლო საკრალიზაციას ურცხვად ეწევა.
სიცრუის ტირაჟირებასა და სიმართლის ინტერპრეტირებაში არაერთგზის მხილებულ დეკანოზს, ამჯერადაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს სიმართლისა და ჭეშმარიტების არსებობა, რომელსაც ტექსტის პუნქტობრივი გარჩევისას ფაქტოლოგიურ მოცემულობაზე დაყრდნობით დეტალურად წარმოგიდგენთ:
დეკანოზი: "დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ: ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო";
რეალობა: "რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნდით სამშობლოში. ახლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ, იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისათვის, რასაც თქვენ საზღვარგარეთიდან აკეთებთ სამშობლოსათვის. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, რომელნიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული კულტურა, ეკლესიები და მონასტრები, რომელიც შეიქმნა უცხოეთში და გახდა ცენტრები ქართული სულიერი კულტურისა. შეიქმნა ქართული ცეკვის, სიმღერის და ლიტერატურის წრეები. ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ" (ილია II, 27.05.2017 წელი).
ამასთან, საინტერესოა, როდის და რომელ ქადაგებაში ახსენა კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვები: "მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო"? ცხადია ამის დამადასტურებლად ხსენებულ დეკანოზს არავითარი დოკუმენტური წყარო არ დაუსახელებია!
დეკანოზი: "სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო";
რეალობა: ნუთუ კიკეთელ მოძღვარს გულწრფელად სჯერა, რომ მოქალაქეთა 75 %-ს, რომელსაც სოფლად წასასვლელი წინაპართა ფესვებიდან და მემკვიდრეობითი საშუალებიდან გააჩნია, პატრიარქ ილიას ხათრითა თუ მადლითაა შემორჩენილი? სოფელი, რომ საჭიროა მრავალი თვალსაზრისით, ეს პატრიარქის ექსკლუზივია? ან სოფლის "დაჭირვებაში" მაინცდამაინც "მოახლოებული" კორონავირუსისა და "აპოკალიფსური" განსაცდელის დაძლევის მოსაზრება იდო? და ვინც ქალაქში ვართ და მიწის ნაკვეთი სოფლად აღარ გვაქვს, განწირულები და ურჩები ვართ?
დეკანოზი: "სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო";
რეალობა: ყველა ასპექტში ბანკროტები და ყავლგასულები, რომ არიან და პოპულისტური ასოკირკიტობით რეაბილიტირებასა და არარსებული ღირსების რეანიმირებას ცდილობენ, ეს ერთმნიშვნელოვნად ცხადია, მაგრამ მთლად ისე ტრაგიკომიკურადაც ნუ იზამენ, რომ ის, რაც ყველა საუკუნეში აქსიომატური ფენომენია და მუდმივად 2x2=4 -ს, პატრიარქის "უნიკალურ ხედვასა და აღმოჩენას" მიაწერონ და ის, რაც ისედაც გენეტიკურად მოგვდგამს, მის "ზეგარდმო მონიჭებულ სიბრძნესთან" დააკავშირონ. უბრალოდ, როგორც მინიმუმ ძალიან უხერხულია!
დეკანოზი: "ხელი ხშირად დაიბანეთო";
რეალობა: გროტესკულობის აპოთეოზიდან გამომდინარე, ამ ფრაზის უკომენტაროდ დატოვებაც შეიძლებოდა, მაგრამ მისი მისტიკურ-მეტაფიზიკური სარჩული, არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ასეთი "სულიერი მარგალიტი" უგულებელვყოთ. თუმცა, მხოლოდ ერთს დავძენ, რომ დაწყებული საბავშვო ბაღიდან - ვიდრე სკოლის პერიოდამდე ყველა აღმზრდელი, მშობელი თუ პედაგოგი ამას შეგვაგონებდა, თუმცა არცერთი მათგანი საპატრიარქო კათედრაზე არ მჯდარა და არც ზაგორსკში უსწავლია ამ "სიბრძნემდე" მისაღწევად. როგორც ჩანს მოსაყდრის ძიძისათვის "ხელების დაბანვა" კონკრეტულად ესქატოლოგიური ვირუსის მოახლოებას უკავშირდება, რაც პატრიარქის "მჭვრეტელობითი წვდომის" გამოხატულებაა.
დეკანოზი: "იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო";
რეალობა: შინაარსობრივ პლაგიატსა და საყოველთად გაცხადებულ ქრისტიანულ ლოგიკას აქვს ადგილი, რომელსაც, რაღა თქმა უნდა ეკლესიის ისტორიის პერიოდიზაციას თუ გადავხედავთ, ბუნებრივად ამბობდნენ ანალოგიურ სიტყვებს ყველა ეპოქაში! ასე, რომ მაგ სიტყვების შინაარსი პატრიარქს კი არა, არამედ სახარებას ეკუთვნის: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე 4,17); "დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან" (მათე 24, 36) - და რაკიღა წმ. წერილი ღრმად ინახავს საიდუმლოს და მეორედ მოსვლის ზუსტ დროს არ გვამცნობს, ეს ილია II-ის მოხეურ ხილვებამდე ჩაიდო სახარებაში, რათა ყოველთვის სიწმიდესა და უმანკოებაში შეგვენახა თავი და ნებისმიერ დროს ფხიზლად და მზად ვყოფილიყავით უფალთან შესახვედრად!
დეკანოზი: "ოჯახებისთვის მოიცალეთო";
რეალობა: თურმე კორონავირუსმა და პატრიარქმა ილიამ მოგვაცლევინა ოჯახებისთვის, თორემ მანამდე ვის ახსოვდა ოჯახისწევრები, რომელ საშოვარზე გადახვეწილ ემიგრანტს, რომელ მუშასა თუ ხელოსანს, რომელ სპორცმენსა და ინჟინერს, რომელ კონსულტანტსა თუ დამლაგებელს, რომელ მათემატიკოსსა და ექიმს, რომელ პედაგოგსა თუ მოსწავლეს?! დიახ, თურმე და რომ არა კათალიკოსის წინასწარმეტყველური მოწოდება, განა მოგვიცლია ოდესმე ოჯახისათვის?
რა არის ეს, თუ არა აგონიური ტრიუმფალიზმისა და შიზოფრენიული ჭკუასუსტობის გამომხატველი პათეთიკა, მრევლის დაცინვა, ღია კარის მტვრევა და ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი.
დეკანოზი: "სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?"
რეალობა: მის ნაცვლად მრცხვენია ამ უტიფრული დემაგოგიის და ამიტომ - უკომენტაროდ...
დეკანოზი: "რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა ვინც ამას შეისმენდა. ეხლა თქვა ღმერთს არ დაშორდეთ ისე შეასრულეთ ექიმების რეკომენდაციებიო, თქვა დაგვიფარავს უფალიო, ისევ იცინოდნენ".
რეალობა: "ამირან გულში მღეროდაო"! ჯერ ერთი, ის, რაც საჯაროდ არ უთქვამს, დიდი ალბათობით ქართველი ასტრიტ ლინდგრენის, ანუ შორენა თეთრუაშვილის საბავშვო ზღაპრებიდანაა ნაკარნახევი. თანაც, უკვე მომხდარზე წინასწარმეტყველურად საუბარი ცოტა არ იყოს და ღიმილის მომგვრელია. ამასთან, ჰიპოთეტურად რომც დავუშვათ მაგ მითის სინამდვილე, არაფერია მაგაში აპრიორი სულიწმინდისეული, რადგან, რომ წასულიყავით ნებისმიერ მკითხავთან თუ მჩხიბავთან (თუნდაც ლელა კაკულიასთან, რომელმაც 3 წლის წინ "კორონაზე" წინასწარ "მოარტყა") ყველა გეტყოდათ ყავაზე თუ კარტში, რომ "რაღაცებს ხედავენ" და ა.შ. რომლის ნახევარიც დემონური ინტუიციით მოსალოდნელ მოვლენებს აუცილებლად დაემთხვეოდა, მერედა რა? სულ ეგა ხართ მთელი სნოს აპოკალიპტიკოსები?
ისე რატომ დაავიწყდა თავის დროზე მკვლელობის გამო რუსეთში "სამეცნიერო" მიმალვისათვის გაქცეულ დეკანოზს მისივე "ზებუნებრივი" პატრიარქის ცოტა ხნის წინანდელი დაქადნება და კაცობრიობის მიმართ ნიშნის მოგებითი საუბარი, რომ "საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და შემთხვევითი არ არის ვირუსის არ დაფიქსირება ჩვენს ქვეყანაში; რომ დედა ღვთისა არ დაუშვებს ჩვენთან მომაკვდინებელი დაავადების გავრცელებასო" და სულ რამდენიმე დღეში აბსოლუტურად საპირისპიროდ, რომ "ახდა" მისი ნათქვამი და სადღეისოდ 77 დაავადებული და 3000-მდე ადამიანი გვყავს კარანტინში. ასე იცის ღმერთის გამოცდამ, უგუნურმა ქედმაღლობამ და დამღუპველმა ტრაბახმა.
ბარემ ისიც გავიხსენოთ, ბოლო გამოცხადებაში ფრთოსან რაშზე ამხედრებული ყმაწვილკაცი, რომ დაესიზმრა "მის უწმინდესობას" (ისე, ამ სიბერეშიც, უცნაურია, რაღა სულ ბიჭუნები ესიზმრება მაინცდამაინც), რომელმაც მთელს ერს, მისივე თქმით ფაქტობრივად თავზე დაგვაფურთხა და ვაქცინის ფორმულა ნუგეშად გაანდო კათალიკოსს.
დეკანოზი: "ეხლა მგონი თანდათან სიცილის ხასიათი გვეკარგება და ამას ისევ პატრიარქს ვაბრალებთ?!..."
რეალობა: დადებითად შეიძლება შეფასდეს ეს ფრაზა, რადგან ერთგვარი გულახდილობა და აღიარება ჩანს, როდესაც ხვდებიან, რომ უკვე ძალიან მძიმედ აქვთ საქმე. ბიბლიაც ემუქრება მათ სინდისს: "აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს - შენი სირცხვილი" (ნაუმი 3,5). ამის გაცნობიერება აშკარად აძლევთ ცხონების შანსს. აქედან ისიც კი ჩანს, რომ ხშირად სწირავენ და იმეტებენ პატრიარქის სახელს მათივე კარიერული დიდებისათვის - "ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი, მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ"(ბიბლია, სოფონია 3,4). დიახ, სინამდვილეში ჩვენ კი არ ვართ "მტრები", როგორ იარლიყსაც გვაწებებენ მავანნი, არამედ სწორედ ისინი და მათნაირი მერკანტილისტი ეგოისტები, რომლებიც ტკიპებივით სისხლს წოვენ ეკლესიას და მის ღირსებას თავიანთი ფარისევლობით, უსამართლობითა და უხამსობით. ამიტომ, დექრისტოცენტრული სისტემა აუცილებლად ფატალურად დაასრულებს - "ეს მოელით მათი ამპარტავნობის გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს"(ბიბლია, სოფონია 2,10).
გიორგი ტიგინაშვილი
“
დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ: ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო, სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო, სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო, ხელი ხშირად დაიბანეთო, იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო, ოჯახებისთვის მოიცალეთო. სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?
რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა ვინც ამას შეისმენდა. ეხლა თქვა ღმერთს არ დაშორდეთ ისე შეასრულეთ ექიმების რეკომენდაციებიო, თქვა დაგვიფარავს უფალიო, ისევ იცინოდნენ.
ეხლა მგონი თანდათან სიცილის ხასიათი გვეკარგება და ამას ისევ პატრიარქს ვაბრალებთ?! იქნებ მართლა, ზოგმა მეტად ზოგმა ნაკლებად, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვილოცოთ და ღმერთს არ განვეშოროთ?
ამ საერთო პრობლემის წინაშე მაინც, სულ ცოტა ერთმანეთის გაკიცხვას თავი დავანებოთ, ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც ვუსურვოთ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ და გამოჯანმრთელება დავიწყოთ სულიერი ვირუსების განკურნებით.
”წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე.
ნანახია: (1392)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას