(ფოტოზე: მაცხოვარი, სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკული მოხატულობა)
ღვთის მაძიებლი ყველა ადამიანის საღვთო შიმშილის დამპურებელი და მასაზრდოებელი განკაცებული ძე ღმერთია, უფალი იესო ქრისტე. ძველი აღთქმის მამამთავართა და წინასწარმეტყველთათვის სასოება და იმედი სწორედ მესია – მხსნელი იყო, რომელსაც ისინი ღვთის მადლით განჭვრეტდნენ და ელოდნენ. ცოდვით დაცემისა და სამოთხიდან განდევნის შემდეგ, ღვთის ხატების შერყვნის გამო, ადამიანს აღარ შეეძლო უფლის ხილვა, ახლა კი, ქრისტეს განკაცებით, ადამიანის ბუნების მიღებით, მისი ხილვა შესაძლებელი გახდა.
ბერძნული სიტყვა ქ რ ი ს ტ ე ნიშნავს ღმერთს, კაცებით ცხებულს, ებრაული ი ე ს ო კი მხსნელს, მესიას. მაცხოვარში ადამიანის ბუნება განიღმრთო და ღვთის ხატების აღდგენა მოხდა, თუმცა ღმრთის ბუნება ღმრთის ბუნებად დარჩა, ხოლო კაცის ბუნება – კაცისად (როგორც წყალს მზის სხივი ნათელს მოჰფენს, გაათბობს და სიცოცხლისთვის მოამზადებს, მაგრამ წყლის ბუნება ისევ წყლისად დარჩება, ხოლო სინათლის ბუნება კვლავნდებურად სინათლისად). მათი ერთმანეთში შერევა არ ხდება, მაგრამ ამ შეურევნელი შერევით ადამიანის ბუნების განახლება, განწმედა, სრულყოფა და ღვთის ხატების აღდგენა მოხდა მაცხოვარში. ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნებაა – ღმერთისა და კაცისა, ხოლო პიროვნება ერთია – ძე ღმერთი. რადგან მაცხოვარში ორი ბუნება და ნებელობაა, ხოლო მნებებილი ერთია, აქედან გამომდინარე, ქრისტეში კაცისა და ღვთის ნება და ქმედება ერთია. რაც ღმერთს სურდა ქრისტეში, იგივე სურდა კაცსაც. მაცხოვარში ადამიანისა და ღმრთის დაშორება აღარ არსებობს. ადამის შემთხვევაში, სამოთხეში ადამის ნება დაშორდა ღვთის ნებას, შეეწინაღმდეგა და ურჩობაში ჩავარდა, რასაც მოჰყვა სულიერი, შემდეგ ხორციელი სიკვდილი. ქრისტეში ღმერთის და ადამიანის დაშორება ვეღარ მოხდება, რაც ადამიანის უფალთან მარადიულ ყოფნას ნიშნავს. ეს არის ადამიანის მარადიულ ნეტარებაში დაბრუნება, რაც უფალმა ადამიანს თავისი განკაცებით მოუტანა.
ღვთის ხატებას, რომელიც ქრისტემ აღუდგინა ადამიანის ბუნებას თავისი განკაცებით, ყველა საკუთარი გადაწყვეტილებით ღებულობს ქრისტეში დაბადებითა და ნათლისღებით. თუ თავად ღმერთი არ მოვიდოდა ადამიანთან და არ განკაცდებოდა, ადამიანი ვერასდროს მივიდოდა უფალთან, ამიტომ მაცხოვრის განკაცება ღვთის უსაზღვრო სიყვარულის გამოვლინებაა ადამიანისადმი. ძე ღმერთის განკაცებით ღმერთს დაშორებული, ცოდვაში მყოფი, უსახო, ყოველივე სიკეთისგან განძარცვულ ადამიანს ისევ ღვთის შვილობა დაუბრუნა. რადგან ძე თავისი ბუნებით ღმერთია, ხოლო ხორციელად შობითა და განკაცებით კაცმაც იხილა ღმერთი, მიეცა უფალთან მისვლის, მასთან ერთად ცხოვრების, ხილვის საშუალება, ამიტომ თქვა უფალმა: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“ (იოანე 14, 9). რაც უფრო მეტ მადლის მოიხვეჭს ადამიანი, მით უფრო მეტად შეუძლია სულიწმიდის მადლით ღვთის დატევნა, უფალს მიმსგავსება და მისი ხილვა, როგორც ეს ფერისცვალების დროს მოხდა: მოციქულებმა იხილეს ქრისტე თავისი დიდებით, ესმოდათ მამის ხმა და ღრუბლის სახით სულიწმინდა უგრილობდა.
როდესაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებსა და მამამთავრებს უფალი ეცხადებოდათ, ისინი სწორედ სულიწმიდის მადლით განკაცებული ღმერთს, ქრისტეს ხედავდნენ, რადგან სხვაგვარად ადამიანისთვის ღმრთის ხილვა წარმოუდგენელი იყო: „ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (იოანე 1, 18).
რადგან ღვთის არსი მიუწვდომელია ადამიანისთვის, ამიტომ ღმერთი თავისი მადლით წინასწარ აჩვენებდა, თუ როგორ იმოქმედებდა განკაცებული.
მამამთავარ იაკობს ამგვარად ეჩვენა და უთხრა: „და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა“ (დაბადება 28, 12-13).
ესაია წინასწარმეტყველს შობა აჩვენა და უთხრა, რომ ქალწული მუცლად იღებდა ყრმას: „ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს“ (ესაია 7, 14), რომელიც ნიშნავს ჩვენთან არს ღმერთი.
საკუთარი შვილის, ისააკის, მსხვერპლად შეწირვის დროს, როდესაც ღვთის ანგელოზი შეაჩერებს აბრაამს, მამათა სწავლებით, ამ დროს ის იხილავს ჯვარცმულ უფალს, შეწირულ კრავს, კაცობრიობის მხსნელ ქრისტეს: „და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა, ვერძი ერთი გამოკიდებულ იყო რქათაგან ნერგსა საბეკსა, რქათა მიერ“ (დაბადება 22, 13). ამ ადგილს სახელიც ასე უწოდა აბრაამმა: „და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას „უფალმან იხილა“, რომელსა ჰრქჳან დღესა მთასა მას „უფალი გამოჩნდა“ (დაბადება 22, 14). სწორედ ეს იყო აბრაამის რწმენა და სასოება, რომლითაც განიხარა მან და მიიღო შვება სულის მარადიული ტანჯვიდან გამოხსნის გამო. ამის შესახებ თავად მაცხოვარი ეუბნება ებრაელებს: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა? ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ“ (იოანე 8, 56-58).
მაცხოვარს ებრაელთათვის ენობრივად სწორი ფორმით რომ ეთქვა, ასე უნდა გამოთქმულიყო: „პირველ აბრაამის ყოფამდე მე ვიყავ“, მაგრამ მან თქვა „ვიდრე აბრაამამდე მე ვარ“, რითაც წარსული დრო აწყმოთი გადმოსცა და ეს ნათქვამი ნიშნავს შემდეგს – მე ვარ რომელი ვარ. „და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა“ (გამოსვლათა 3, 14).
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა წინასწარმეტყველი და მამამთავარი სწორედ ძე ღმერთს ხედავდა, როცა კი ღმერთი გამოეცხადებოდა. მაცხოვრის ფრესკებისა და ხატების შარავანდედში მუდამ ჯვარია გამოსახული, სადაც სამი ასო წერია ო მიკრონი, ო ომეგა და ნ., რაც ნიშნავს – „მე ვარ, რომელი ვარ“. შობის იკონოგრაფიაშიც კი ახლადშობილ იესოს შარავანდედში ამ სამი ასოთი გამოცემული არსი აქვს გამოსახული. წმინდა წერილის ამ ადგილის ებრაულიდან ძველ ბერძნულად თარგმნისას ეს ადგილი ასევე გადმოიტანეს. ამიტომ უთხრა მაცხოვარმა ებრაელებს, რომ აბრაამმა მიხილა და განიხარაო, ეს კი, როგორც განკაცებამდე, ისე განკაცების შემდეგ, ყველა მორწმუნის სიხარულით აღმავსებელი და შვების მომგვრელია, რადგან ადამიანის სულს ხსნა მიეცა ქრისტეს წყალობით. რომელსა ჰგიეს პატივი და თაყვანისცემა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი!
მოამზადა საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარიმა, დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
ნანახია: (376)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას