(ფოტოზე: მე-12 საუკუნის ბერძნული ოთხთავი)
მათე, IV, 18-22 (იოანე, I, 43-51)
„ და მოვიდა რა იესო გალილეის ზღვის პირას, იხილა ორი ძმა: სიმონი, რომელსაც ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმა მისი, ისროდნენ ბადეებს ზღვაში, რადგან იყვნენ მებადურები და უთხრა მათ: მოდით, შემომიდექით მე და გაქცევთ თქვენ კაცთა მებადურებად; ხოლო მათ მყისვე დატოვეს თავისი ბადეები და გაყვნენ მას“.
დღეს წაკითხული სახარება მოგვითხობს მაცხოვრის მიერ მოციქულთა გამორჩვევას. სამწყსოს მოწოდება მსახურებისადმი ღმრთის ნებით ხდება, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ მოციქულებს თავად უფალმა მოუწოდა საღმრთო მსახურებისთვის. ან კი შეიძლება სხვაგვარად იყოს, რადგან უფალი მარად ზრუნავს წმინდა ეკლესიის სიმტკიცისთვის?! განსაკუთრებულად იპყრობს ჩვენს ყურადღებას მოციქულთა ერთგულება – მათ მოწოდებისთანავე დატოვეს ყოველივე და გაყვნენ უფალს. ნახეთ, საყვარელნო ძმანო, როგორ ჰქონდათ მომზადებული გული ღვთის მოწოდების მისაღებად უბრალო მეთევზეებს. როგორც კი მოუწოდა მაცხოვარმა, ეჭვი, შიში, ორჭოფობა, სიყვარული მშობელთა ან მონაგებთა მიმართ აღარ აბრკოლებთ მათ. მათი გულები ღვთის მადლით აღივსო და მაშინვე დაემორჩილნენ უფლის ხმას. ასეთია მაცხოვრის ღვთაებრივი სიტყვის ძალა! დიდი იყო მოციქულთა რწმენა ქრისტესადმი: მართალია, მათ მოუწოდა მაცხოვარმა, მაგრამ ძალა არ დაუტანებია, მას არ უთქვამს მოციქულთათვის, რომ დაეტოვებინათ ბადე ან ნავი, ან საკუთარი მამა, არამედ უთხრა: შემომიდექით მე, მაგრამ როცა მოიწადინეს მისი შესრულება, მაშინ მიხვდნენ, რომ უნდა დაეტოვებინათ ყოველივე. შეეძლოთ არ გაყოლოდნენ, მაგრამ მაინც წავიდნენ და ეს მაშინვე შეასრულეს.
„ და როდესაც იქიდან წამოვიდა, იხილა სხვა ორი ძმა: იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი, ნავში, ზებედესთან მათ მამასთან ერთად, რომლებიც ბადეებს ამზადებენ, და უხმო მათ; ხოლო მათ მყისვე დატოვეს ნავი და თავისი მამა და გაყვნენ მას“.
იაკობი და იოანე საკუთარი შრომით ირჩენდნენ თავს, ძმური სიყვარულით დაკავშირებული ესმახურებოდნენ მოხუც მამას და როგორც მოსიყვარულე შვილები, არ ტოვებდნენ მას. მათი კეთილმსახური დედა, სახელად სალომე, შემდგომში თვითონაც დაყვებოდა მაცხოვარს და ემსახურებოდა სხვა მენელსაცხებლეებთან ერთად. როცა მოუწოდა იესომ: „შემომიდექით მე“, მათ იმასაც კი არ შეპირებია მაცხოვარი, რასაც სიმონსა და ანდრიას, რომ გახდიდა კაცთა მებადურეებად. ისინი ყოველგვარი მერყეობის გარეშე შეუდგნენ მაცხოვარს. იაკობი და იოანე უნდა დაშორებოდნენ საკუთარ დედ-მამას, მაგრამ ეს მშობლიური გრძნობაც კი ვერ აღუდგა ღვთის მაცხონებელ სიტყვას. „მათ მყისვე დატოვეს ნავი და თავისი მამა და გაყვნენ მას“, მაშასადამე, ვისაც სურს ნამდვილად იყოს ზეციურ გზაზე, მისთვის აუცილებელია დათმოს ყოველგვარი ქვეყნიური მიჯაჭვულობა, ყველაფერი, რაც დამაბრკოლებელია ღვთისადმი სრულ მინდობაში. აი, ძმაო, კეთილი სწავლება შენთვის, თუ გსურს მიღება მაგალითისა! როდესაც ღმერთი გიხმობს, რა სახითაც მოხდება მოწოდება შენი, ნუღარ დააყოვნებ, მაშინვე ისმინე უფლის ხმა და შეუდექი მას.
როდესაც მაცხოვარი ასწავლიდა ხალხს, ის ხშირად ასე ასრულებდა ქადაგებას: ვისაც ასხენ ყური სმენად, ისმინოს! შეიძლება საჭიროა, საყვარელო ძმაო, შენკენ მოვმართო მაცხოვრის ეს სიტყვა, თუ ყური გაქვს ღვთის მოწოდების მოსასმენად, თუ გული გაქვს შემზადებული ღვთის სიტვის მისაღებად, თუ შენი გონება არ არის გაუცხოვებული, არამედ მსურველია ღვთისგან მოწოდებული სწვლებისა, ისმინე უფლის მოწოდება, უფალი შენც მრავალჯერ და მრავალგვარად მოგიხმობს.
შენთვისაც მაგალითი იყო ეს სწავლება, რომელიც დღეს წაკითხულ სახარებაში მოისმინე, მიბაძე კეთილგონიერ მეთევზეებს. ღვთის მიერ არის ყველა ის შემთხვევა, როდესაც ამსოფლიურ გართობითა და ამაოებით თავშექცეულ შენს გულსა და გონებაში უცბად ღვთის შესახებ შემოვა აზრი და განცდა. მაშინ გული შეწუხდება ამა თუ იმ მიზეზის გამო, მოწყინდება ცოდვაში ყოფნა და მისი მონობა, შენც სურვილი აღგეძვრება ღვთისკენ მოქცევისა. ხშირად ცოდვისგან დამძიმებული შენი სინდისი წუხს და გოდებს, გაიძულებს ღმერთთან მისვლას, მაგრამ, საუბედუროდ, იმის ნაცვლად, რომ მოუსმინო შენს შინაგან მდგომარეობას და მიიღო როგორც ღვთის მოხმობა, შეუდგე უფლის ხმას და მიჰყვე მას, შენ თვითონ აჩუმებ საკუთარ სინდისს და არ ისმენ ღვთის მოწოდებას. ღვთისგან არის განსაცდელის დაშვებაც შენზე, როდესაც შეწუხდები სიღარიბით, ან სნეულებით. ყველა ასეთი შემთხვევას ღვთის მოშიში ადამიანი მიიღებს, როგორც უფლისგან მოვლენილ განსაცდელს, მოწოდებას, დაიმდაბლებს გულს, ემორჩილება სამართლიან ღვთის მარჯვენას და ცდილობს, სინანულითა და მორჩილებით გამოასწოროს საკუთარი ცხოვრება, ღირსი გახდეს ღვთის მოწყალებისა. შეიძლება სულ სხვა სახით მოგიწოდა უფალმა, მოგცა პატივი და დიდება, ნიჭით სხვებისგან გამოგარჩია, ჭკუით, სწავლის უნარით შეგამკო. ღვთის მოშიში და გონიერი ადამიანი ამასაც მიიღებს, როგორც ღვთის წყალობას და უფრო მეტად შეიყვარებს უფალს. მაგრამ შენ, საუბედუროდ, ამის ნაცვლად გაქვავებული გაქვს გული, ყველა ასეთი შემთხვევა, არა თუ გაახლოებს, არამედ უფრო გაშორებს უფალს. რამდენჯერ გრძნობდა შენი გული უფლის მოწოდებას, რამდენჯერ ვერ გადადგი ნაბიჯი ღვთის მოწოდებისკენ. საყვარელო ძმაო, ვისაც სურს ნავით გაცუროს, ჯერ ის თოკები უნდა შეხსნას, ანდა თუ საჩქაროა, გადაჭრას, რითაც ნავი ნაპირზეა მიბმული, ხოლო ვისაც სურს ნამდვილად ზეცისაკენ აღმავალ გზას დაადგეს, მან თანდათანობით უნდა მოიშოროს ყველა ვნება, ქვეყნიური მიდრეკილებანი. თუ ეშინია, რომ შთაიფლობა მასში და გრძნობს თავის თავში საკმარის ძალებს, ერთი გადამწყვეტი დარტყმით უნდა მოიკვეთოს ისინი. აი, სწორედ ასეთი, გადამჭრელი და მტკიცე მოქმედებების უნარი გვაკლია უმრავლესობას. უფალი მრავალმოწყალეა, ზოგჯერ იგი ჩვენი ნების საწინააღმდეგოდაც გვაიძულებს მისი ხმა ვისმინოთ. მაშინ სულში აღმოცენდება წმინდა აზრები და განაბნევს ჩვენს გარემომცველ ცოდვის წყვდიადს. შეძრწუნებულები უცბად აღმოვაჩენთ, რომ ცოდვის უფსკრულში ვყოფილვართ აქამდე, სულის ტკივილი გვეწყება და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, ოღონდ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. თუკი შემდგომი დღისათვის გადავდებთ გამოსწორებას, შეიძლება ვერასდროს მოვახერხოთ ეს. ელვასავით ჩნდება ჩვენში წმიდა აზრი და ელვასავით სწრაფად განქარდება, თუკი ჩვენ უმალ არ ჩავეჭიდეთ მას და საქმედ არ ვაქციეთ, კვლავ ცოდვიან წყვდიადში შთაფლულნი დავრჩებით. შენგან ღმერთი არ მოითხოვს ისეთ მსხვერპლს, რომ მოციქულთა მსგავსად დატოვო ყველა შენი საქმე და ქონება და შეუდგე ღვთისმსახურებას! ასეთ მსხვერპლს უფალი მოითხოვს მხოლოდ განსაკუთრებულ რჩეულთაგან, შენთვის კი ისიც საკმარისი იქნება, რომ ღვთის მოწოდებასა და მის მსახურებას მიიჩნევდე უპირატეს საქმედ. სულის ცხონების მოპოვება წინ უნდა უსწრებდეს ყველა სხვა საქმეს, და რადგან სულის ცხონება შეიძლება მხოლოდ სარწმუნოებით, სასოებით, სიყვარულითა და სიმართლით, ესე იგი, ყოველი სათნოებით, ყველაზე მეტად სწორედ ამაზე უნდა ზრუნავდე, რომ შეიძინო, მოიხვეჭო ეს სათნოებანი. სხვა ამსოფლიური საქმეები ისე უნდა მოაწყო, რომ ისინიც ამ მთავარი საქმის – სულის განათლებისა და ცხონების მისაღწევად შეგეწიოს.
დაე, უფალმა ჩვენც მოციქულთა მსგავსად მოგვმადლოს ცხონება, ამინ!
წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
ნანახია: (289)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას