logo.png

მეტყველების ეს მახასიათებელი შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს

ბევრი ადამიანისთვის დემენციასთან, პირველ რიგში, სიტყვების დავიწყება ასოცირდება. ახალი კვლევის ფარგლებში კი მეცნიერებმა ამ ნეიროდეგენერაციული დარღვევის ადრეული ინდიკატორი გამოავლინეს, რომელიც შესაძლოა, დემენციაზე უფრო მკაფიოდ მიანიშნებდეს.

ეს შენელებული მეტყველებაა.

ტორონტოს უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა ვიდეოზარის მეშვეობით 125 ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს სურათები აჩვენეს. მათი ასაკი 18-დან 90 წლამდე მერყეობდა. ამ ინდივიდებს ნანახი ფოტოები უნდა აღეწერათ, რასაც შემდგომ ხელოვნური ინტელექტი აანალიზებდა. მისი მეშვეობით ადგენდნენ, რამდენად სწრაფად საუბრობდა თითოეული მათგანი, რამდენი ხნით ყოვნდებოდა სიტყვებს შორის და რამდენ განსხვავებულ სიტყვას იყენებდა.

ექსპერიმენტის განმავლობაში მოხალისეებს ჯერ კონკრეტული ობიექტის სურათს აჩვენებდნენ. შემდეგ აუდიოს რთავდნენ, რომელშიც ან სრულიად სხვა რამის სახელი ისმოდა, ან ამ ობიექტის სახელის მსგავსი ჟღერადობის სიტყვა.

ვიდეოზარისას კვლევის მონაწილეებს, ასევე, კითხვარი შეავსებინეს, რომლითაც მათი კონცენტრაციის უნარი, ე.წ. აღმასრულებელი ფუნქციები, ფიქრის სისხარტე და საქმეების დაგეგმვისა და შესრულების უნარი შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ აღმასრულებელ ფუნქციებსა და მეტყველების სისწრაფეს შორის გარკვეული კავშირია, განსაკუთრებით კი შედარებით ასაკოვან ადამიანებში.

"საინტერესოა, რომ, კვლევის მიხედვით, შედარებით ხნიერ ზრდასრულებში მეტყველების სისწრაფე სურათების დასახელების სიჩქარეს უკავშირდებოდა. ეს მიუთითებს, რომ უფრო ფართო კოგნიტიური და ლინგვისტური ასაკობრივი ცვლილებების საფუძველი შესაძლოა, ენობრივი დამუშავების ზოგადი შენელება იყოს და არა სიტყვების გახსენების გართულება", — აცხადებენ სპეციალისტები.

მათი კოლეგები ამბობენ, რომ ამგვარი ექსპერიმენტი ღირებული მონაცემების მოპოვების საშუალებას იძლევა, მაგრამ სხვა მეთოდების ჩართვით, სავარაუდოდ, დემენციის ნიშნების გამოვლენის უფრო ძლიერ ინსტრუმენტებს მივიღებთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Taylor & Francis Online-ში გამოქვეყნდა.

წყარო: Futurism

ნანახია: (199)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას