ეგვიპტეში მდებარე გიზის პირამიდები, რომლებიც ფარაონთა სამარხებისათვის გახლდათ განკუთვნილი, ათასობით წლის წინ აღიმართა. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი იცვლებოდა, უმეტესად იმიტომ, რომ მათ მასალებს სხვა ნაგებობებისთვის იყენებდნენ ანდა სულაც ძარცვავდნენ.
მაშ, როგორ გამოიყურებოდა პირამიდები თავდაპირველად?
ცნობილია, რომ აშენების შემდგომ ძველეგვიპტური პირამიდები თავიდან ისეთივე ქვიშისფერი სულაც არ ყოფილა, როგორიც დღესაა — მათ დანალექი ქანის ბზინვარე ფენა ფარავდა.
მოჰამედ მეგაჰედის, ჩეხეთის ეგვიპტოლოგიის ინსტიტუტის (კარლის უნივერსიტეტი) ასისტენტ-პროფესორის, თქმით, ყველა პირამიდას გარს დახვეწილი თეთრი კირქვა აკრავდა. ამ მასალის გამო, სავარაუდოდ, პირამიდების გარსი გლუვი, პრიალა იქნებოდა და ეგვიპტის მცხუნვარე მზის ქვეშ იკაშკაშებდა.
გიზის დიდი პირამიდის, იგივე ხეოფსის (ხუფუს) პირამიდის, მშენებლობაში 6.1 მილიონი ტონა კირქვა დაიხარჯა. მასზე კირქვის ერთ-ერთ ორიგინალ ბლოკს ვხვდებით, თუმცა მისი გარსის ქვები მოგვიანებით სხვა სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოიყენეს, სხვა პირამიდათა საფარველების მსგავსად.
არსებობს ცნობები, რომ ქვების მოშორება ტუტანხამონის მეფობის ხანაში (ძვ.წ. 1336-1327 წლები) დაიწყო და ახ.წ. მე-12 საუკუნემდე გაგრძელდა. BBC News-ის მიხედვით, ზოგიერთ ქვას 1303 წელს მომხდარი მიწისძვრაც მოარყევდა.
საგულისხმოა, რომ კირქვის გარსი გიზის პირამიდებს ზოგიერთ ადგილას დღემდე აქვს შენარჩუნებული, თუმცა ადრინდელთან შედარებით ისინი გახუნებულია.
მაგალითად, ხაფრეს პირამიდას (სახელი ფარაონ ხაფრეს პატივსაცემად ეწოდა) წვერზე გარსის ქვები ამ დრომდე აქვს შემორჩენილი. ძველად პირამიდას ქვედა ნაწილებში წითელი გრანიტის გარსიც ჰქონდა. ეს უკანასკნელი გვხვდებოდა მენკაურეს (გიზის სამი მთავარი პირამიდიდან ყველაზე პატარა, რომელსაც სახელი ფარაონ მენკაურეს პატივსაცემად შეერქვა) პირამიდის ქვედა ეშელონების გარშემოც.
მეგაჰედის თქმით, დღესდღეობით გიზის პირამიდების წვერზე არაფერია, თუმცა თავდაპირველად მათზე ე.წ. პირამიდიონები გვხვდებოდა. ისინი ელექტრუმით (ოქროსა და ვერცხლის შენადნობი) იყო დაფარული და პირამიდების თავზე წაწვეტებულად მოჩანდა.
დროთა განმავლობაში პირამიდიონთა დიდი ნაწილი დაიკარგა, თუმცა მათი რამდენიმე გადარჩენილი ნიმუში მუზეუმებში კვლავაც გვხვდება. მათი საშუალებით დგინდება, რომ პირამიდიონებზე რელიგიური შინაარსის სურათები იყო გამოსახული.
პირამიდების წარსულ დიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, მათი გამქრალი სტრუქტურები დღესდღეობით ღია ჭრილობებს შეგვიძლია შევადაროთ. ამის პირდაპირი მაგალითია მენკაურეს პირამიდა: ჩრდილოეთის მხრიდან თუ გახედავთ, ღრმა განაჭერს დაინახავთ, რომელიც მას უძველეს დროში, დიდი ალბათობით, არ ჰქონია. მეორე მხრივ, ამას დადებითი მხარეც აქვს: მისი საშუალებით არქეოლოგებს შეუძლიათ, პირამიდებში შეიხედონ და მათი შიგა სტრუქტურა იხილონ.
წყარო: Live Science
ნანახია: (405)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას