ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ მის შედეგში ცხოვრობს და ყველაფერს ცოდვის მანკიერებიდან გამომდინარე აღიქვამს. ამიტომაც ხშირად თანამედროვე ადამიანის აღქმა ეკლესიის სწავლებისგან სრულიად განსხვავებულია. თავისუფალი ნება, ქრისტეს სწავლებით, არ გაიაზრება ისე, როგორც თანამედროვეობაში თავისუფლება და თავისუფალი ნება აღიქმება. ქრისტიანული სწავლებით, ადამიანი, ისევე როგორც ღმერთი, პიროვნული არსებაა და არა უპიროვნო ბუნება. აზროვნება, შემოქმედება, სიყვარული, ნებელობა მხოლოდ პიროვნულობის მქონე არსების თვისებაა. ღვთის ხატად შექმნა ნიშნავს პიროვნულ ქმნილებად შექმნას, რომელიც თავისუფალ, ზნეობრივ არსებად აღიქვამს თავს და პასუხისმგებელია თითოეულ ქმედებაზე.
ღმერთი, რომელიც სრული სიყვარული და აბსოლუტური სიკეთეა, თავისუფლად მოქმედებს თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ღმერთი პიროვნულსდ ინებებს და მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით აღასრულებს ყველაფერს − ეს არის არსებითად ღვთის ბუნებრივი მდგომარეობა. და რადგანაც ადამიანი ღვთის ხატებაა და მისი ბუნებრივი მდგომარეობა საღვთო სიყვარულის, სიკეთის, სიბრძნის, ღვთისმჭვრეტელობის დამტევნელობაა, ის ამ უნარების მატარებელიცაა საკუთარ თავში. ამიტომ ადამიანი იმავეს მსურველი და მომქმედი უნდა იყოს მსგავსად იმისა, ვის ხატებასაც წარმოადგენს.
ადამიანი ქმნილი ღმერთია, აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენგანი ღმერთობისკენაა მოწოდებული. წმიდა ბასილი დიდი წერს: „ღმერთმა ადამიანი შექმნა არსებად, რომელსაც ნაბრძანები აქვს გახდეს ღმერთი“. ღმერთს სურს, რაც თვითონ არის არსითა და ბუნებით, ის გახდეს ადამიანი მისმიერი მადლით. ამ მდგომარეობას ქრისტიანობა განღრმთობას უწოდებს. ასეთად შექმნა უფალმა ადამიანი, თუმცაღა ადამიანს უნდა ჰქონდეს ამის სურვილი და საკუთარი არჩვანით მიემსგავსოს უფალს.
უფლისკენ მსწრაფი სიყვარულით უნდა ვლიდეს, თუ ეს არა აქვს, ძალდატანებასა და ხელოვნურობას მუდამ სიმძიმე მოაქვს. თუმცა ადამიანი, ცოდვის შედეგიდან გამომდინარე, თავისი პიროვნული ნებით, საკუთარი ბუნების საწინააღმდეგოდ იწყებს მოქმედებას და ირჩევს იმას, რაც მისი ბუნების, არსების, პიროვნების შეურაცხმყოფელია. მაგრამ თვლის, რომ ეს მისი შეხედულებაა, სურვილია და თვითრჯულით მოქმედებს. მას უფლის მცნება და რჯული არ აინტერესებს, თანაც მოითხოვს, რომ მის პიროვნული არჩევანს პატივი უნდა სცენ. გარკვეული დროის შემდეგ შედეგით მიხვდება, თუ რამდენად მძიმე სულიერ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მაგრამ აქედან გამოსავალს თვითონ ვეღარ პოულობს. ეს ცოდვის შედეგიდან გაკეთებული, ე. წ. თავისუფალი არჩევანია, რაც არის კაცობრიობის ტკივილის, წუხილის, ტანჯვის მიზეზი. ასეთი დამოკიდებულება შეიძლება შევადაროთ პატიოსანი, ბრძენი, განათლებული ადამიანის მხრიდან არაადაკვატური, ზნედაცემული, უსამართლო და შეურაცმყოფელი მოქმედების მიღებას და მის მიჩნევას თავისუფლებად, ხოლო ზნეობრივი, ბრძნული, ღმრთივსიბრძნით ცხოვრებისა – მონობად. ხომ არასწორი და გაუგებარი იქნება ასეთი აღქმა? ამის შესახებ პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული. ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს“. ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში, რაც უნდა მინდოდეს პიროვნულად, რაც არსებითია ჩემთვის, როგორც ღვთის ხატებისთვის − სიკეთე და მოყვასის სიყვარული, ზნეობრივი სისპეტაკე, სამართლიანობა − ამას კი არ ვაკეთებ და ვირჩევ, არამედ არაბუნებრივისა და შემაგინებელს, რაც არის ბოროტება და ზნედცემულება, უღმერთობა, უსამართლობა, უსიყვარულობა.
პავლე მოციქულის სწავლებით, ცოდვა გვაიძულებს, რომ მცდარი არჩევანი გავაკეთოთ. ეს არჩევანი შეურაცყოფს ჩვენს ბუნებასა და არსებას, რაც უღირს მდგომარეობაში გვაყენებს: „რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში“. „ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში“. ე. ი. ვნებადი, მანკიერი მოთხოვნები ეშმაკის მონობის დაღია ადამიანში. ეს მონობა ხშირად ადამიანს თავისუფლება ჰგონია. ასე მოქმედებს ბოროტი, ატყუებს, შეურაცხყოფს და სასაცილოს იგდებს მას. სწორედ ამის გამო წმინდა მამები ბოროტს ღვთის მასხარას უწოდებენ. ეს ადამიანის ბუნებისთვის შეურაცმყოფელი, შემაგინებელი, ღირსების დამაკნინებელია, როგორც ღვთის ხატებისთვის. განა შეიძლება ისეთ მანკიერებებს თავისუფლება ვუწოდოთ როგორიცაა: სოდომური ცოდვა, მრუშობა, სიძვა, ზნედაცე
მულობა, ნარკომანია, სიძულვილი, ძალადობა, ქურდობა, სიხარული სხვის მწუხარებაზე, მწუხარება სხვის სიხარულზე, ცილისწამება, მკვლელობა, სხვათა ტკივილის გაუზიარებლობა?!
პავლე მოციქული ამბობს: „ვაი მე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი − ცოდვის რჯულს“.
მხოლოდ განკაცებული ქრისტეს მადლში ცხოვრება, მისი სწავლების განხორციელება იხსნის ადამიანს ცოდვის მონობისაგან, ამსგავსებს უფალს და ხდის თავისუფალს ქრისტეში, ცოდვის რჯულს კი არჩევანის სურვილისგან ათავისუფლებს, განაგდებს მისგან, რისთვისაც მადლობს პავლე მოციქული უფალ იესო ქრისტეს, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთიური სიბრძნე მოგმადლოთ!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.
ნანახია: (286)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას