ყოველგან, საცა კი ისტორიის ღირსი ერი თავისითა ჰსცხოვრებს, ორნაირი წყობაა აზრისა და ეგ ორნაირი წყობა აზრისა შეადგენს ცხოვრების მდინარეობასა. ერთი ის წყობაა, რომელიც ცხოვრებას უკვე აღმოუჩენია, დაუდგენია და დღეს მოქმედებს, მეორე ის – რასაც დღევანდელი დღე თხოულობს და ჰსაჭიროებს. ამ ორთა წყობათა მოქმედება დაუძინარია და მუდამი. როცა ის, რასაც დღევანდელი დღე თხოულობს, ყველას თუ არა, ბევრს მაინც ძვალსა და რბილში დაუვლის, შესმენილი და გაგებული ექნება, – მაშინ ეგ მეორე წყობა იმარჯვებს და ყოველ საქმეთა სათავეში მოექცევა ხოლმე. ეხლა ეგ წყობა დაიჭერს პირველს ადგილს ცხოვრებაში. რასაკვირველია, მინამ ეს ასე მოხდება, ცხოვრება მაინც მოქმედებს და ახალს საჭიროებას აჩენს. ამიტომაც ახლად გამარჯვებულს წყობასაც სხვა, ახალი წყობა გამოუჩნდება ხოლმე მოპირდაპირედ. ესე მიდის კაცობრიობის ცხოვრება და ამნაირ სვლას დასასრული არ აქვს. თვითონ კაცობრიობის ისტორიაც სხვა არ არის რა, გარდა ამნაირად ფეხის გადანაცვლებისა.
პირველის წყობის მომხრეებს ევროპაში კონსერვატორებს ეძახიან, მეორისას – ლიბერალებს. პირველები არიან უკვე დადგენილის მცველნი, მეორენი – ახლის მესვეურნი და მდომელნი. თუმცა ერთნი ძველის მცველები არიან და მეორენი ახლის მდომელნი, მაგრამ პირველებს ყველაფერი ძველი არ მოსწონთ და მეორეებს ყველა ახალი არ ენატრებათ. ბევრი იმისთანა ახალია, რომლის მოსაპოებლად ჭეშმარიტი კონსერვატორი სიცოცხლესაც არ დაზოგავს, და ბევრი იმისთანა ძველია, რომლის დღეგრძელობისათვის ჭეშმარიტი ლიბერალი თავის საკუთარს დღეს შეიმოკლებს. ირლანდიისათვის ინგლისის ხელიდამ განთავისუფლება ახალი საქმე იქნება, მაგრამ ჭეშმარიტი კონსერვატორი ირლანდიისა თავს დაჰსდებს, ოღონდ ეგ მოიპოვოს. ინგლისის ეგრედწოდებული „დიდი ხარტია” ძველი რამ არის, მაგრამ ინგლისის ლიბერალი უსიკვდილოდ არ დასთმობს არც ერთს ასოს იმ ხარტიისას. ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც, მისის გულწრფელის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის, და თუ ხანდისხან ჰსცოდავს რაშიმე ქვეყანას, მარტო იმაში, რომ ზოგჯერ იმისთანა ძველსაც გადეფარება, რომელიც, თუმცა გამოსადეგი აღარ არის, მაგრამ უვნებელია და ძველის ადგილს არ უთმობს ახალსა – მინამ კარგად გულს არ დააჯერებს, რომ ახალი კეთილს მოიტანს. ჭეშმარიტი ლიბერალობაც უარჰყოფს მარტო იმისთანა ძველს, რომელსაც თავისი დრო და ჟამი მოუჭამია, რომელიც დღეს ხარიხად გაჰსდებია ცხოვრებას და წინსვლას უშლის. იგი ნდომობს იმ ძველის მაგიერ იმისთანა ახალს, რომელიც ძველზედ უკეთ ხელს მოუმართავს ცხოვრების განკარგებასა და წარმატებას. საცა ბრალმდებელია, იქ მფარველიც უნდა იყოს. მარტო ამ ორკეცად გასინჯულ საქმეს მოსდევს მართალი და ჭეშმარიტი. კაცობრიობას დღესაქამომდე სხვა გზა არ აღმოუჩენია ჭეშმარიტის და მართლის მოსაპოებლად. ჩვენ ესა ვსთქვით იმიტომ, რომ ვაჩვენოთ, სადამდის შეუძლიან, ჩვენის ფიქრით, გაიწვდინოს ხელი ან ძველის მცველმა და ახლის უარმყოფელმა, ან ძველის უარმყოფელმა და ახლის მდომელმა, რომ ჭეშმარიტს კონსერვატორობას ან ლიბერალობას არ გადაჰსცდეს. კონსერვატორების უკან და ლიბერალების წინ, მარცხნივ და მარჯვნივ ბევრნაირი სხვადასხვა აზრის ნაკადულებია კიდევ, და თუ ჩვენ მარტო ორი წყობა აზრისა მოვიხსენიეთ, ეგ იმიტომ, რომ ცხოვრების მდინარეობის შუა წელი მაგ ორ მხარდამხარ მოარულს წყობას აზრისას უჭირავს.
ილია ჭავჭავაძე
ნანახია: (430)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას