logo.png

სად გავაქრეთ ქართველ მეფეთა სასახლენი?

ავტორი : ბუბა კუდავა 

ხშირად გაიგებთ წუხილს, რომ არ შემოგვრჩა ქართველ მეფეთა სასახლეები. ან შემოგვრჩა, მაგრამ ძალზე მცირე ზომისანი. გაიგებდით გაკვირვებასაც, გაკიცხვასაც, გაბრაზებასაც - რატომ არ აშენებდნენ ისეთებს, რომლებითაც ვიამაყებდით, როგორ გინდა, ვინმე ევროპელს აუხსნა, რომ მაგალითად თელავის სასახლე სწორედ სამეფო რეზიდენციააო.

კონტრასტი თვალშისაცემია არა მხოლოდ ევროპულ სასახლეებთან, არამედ ქართულ ეკლესია-მონასტრებთანაც - მასშტაბი, სივრცე, შემკულობა, მოხატულობა, მდებარეობა... ამან ისტორიით დაინტერესებულ საზოგადოებაში ერთგვარი მითებიც გააჩინა: რომ მეფეთა სასახლეები თითქმის არ შემოგვრჩა; რომ ქართველი მეფეები რატომღაც არ აშენებდნენ შესაფერის სასახლეებს; რომ ისინი ძირითადად ეკლესია-მონასტრებზე ზრუნავდნენ; რომ ქართველი მეფეები, მათი უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით, თავმდაბლები იყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდგომად...

საქმე ის გახლავთ, რომ მთლად ასე არ გახლავთ საქმე.

ჩვენ თუ არ გვაქვს სათანადო ინფორმაცია, რა მეფეთა ბრალია და მეორეც, თავმდაბლობა, რომლითაც მართლაც იქნებოდა ბევრი თუ არა, ზოგი მათგანი შემოსილი, დიდად არაა კავშირში სამეფო რეზიდენციის მასშტაბებთან, რადგან დარბაზი, როგორც ადრე უწოდებდნენ სამეფო სასახლეს, უპირველესად სწორედ სახელმწიფო სიმბოლო და სამეფო წონის განსახიერება გახლდათ და მხოლოდ შემდეგ - მეფის ფუფუნებისადმი მიდრეკილება-მიუდრეკელობის მაჩვენებელი.

დავიწყოთ იმით, რომ რატომღაც დღემდე ვერავინ მოიცალა ჩვენში სამეფო სასახლეების კომპლექსური კვლევისთვის. რა გვაქვს - რა არა გვაქვს, რაც შემოგვრჩა - რა არის, რამაც ვერ მოაღწია - სად ვიგულოთ და როგორ მივაგნოთ, რომელ პერიოდში რა შენდება და რა ეცემა, რაც შემოგვრჩა - რა არის, რომელი იყო ძირითადი და რომლები სეზონური თუ სხვა ფუნქციისა... ეს თემები და ბევრი ამდაგვარი საკითხი კვალიფიციურად ჯერ არ გააზრებულა, წერილობითი თუ მატერიალური მონაცემები სათანადოდ არ შეჯერებულა და მიღებულ სურათსაც ერთიანად არავინ დაკვირვებია.

შემორჩენილ სასახლეთა უმეტესობაც არ არის ჯეროვნად შესწავლილი. ზოგი არქეოლოგიურადაც ხელუხლებელია, ზოგიერთი კი საერთოდაც არ არის მოძიებულ-მოკვლეული. არცთუ მცირე ნაწილი დღეს განადგურებულია, გასაკუთრებით კი - ქალაქებში მდებარე დარბაზები (ქალაქური ძეგლები, მით უფრო ჩვენში, ეს ხომ ცალკე ტკივილია).

გასაგებია, რომ საბჭოურ ეპოქაში სამეფო რეზიდენციების სპეციალური კვლევის ფუფუნება ვერ იქნებოდა, მაგრამ ახლა? არადა, უკვე დროა, რადგან წყაროებით დადასტურებულ სამეფო სასახლეთა რიცხვი მეტი, თორემ 3 ათეულზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება. ამას დავუმატოთ მატიანეებისთვის უცნობი, მაგრამ არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაგებობები და არ გამოვა ნამდვილად მწირი მასალა.

ვახსენოთ ისიც, რომ შემორჩენილ, ცნობილ, გამოვლენილ თუ არქეოლო­გიურად მეტნაკლებად შესწავლილ სასახლეთა უმეტესობაც არ არის სათანა­დოდ პოპულარიზებული, მოვლილი, დაფასებული და რესტავრირებულ-რეკონს­ტრუირებული. შესაბამისად, ნაკლებად უწყის ჯამაათმა მათი არსებობა და იშვიათად სტუმრობენ სტუმრებიც. აბა, შეიძლება, რომ არ იყოს გათხრილ-შესწავლილი, აღდგენილ-გამშვენებული და წარმოჩენილ-გამოჩენილი დავით აღმაშენებლის, მისი წინამორბედებისა თუ მემკვიდრეების რეზიდენციები, მაგალითად, წაღვლისთავსა და ნაჭარმაგევში? ან ჯავახეთში? შეიძლება, რომ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და სხვანი და სხვანი არ აკითხავდნენ ასეთ ადგილებს და თითქმის არავინ იცოდეს მათი არსებობა? გასაგებია, რომ ზოგ შემთხვევაში მხოლოდ ნანგრევებია მოღწეული, ხან კი არც ნაშთებია მიკვლეული, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში ხომ არსებობს ვირტუალური რეკონსტრუქციისა და ასეთი ადგილების პოპულარულ ცენტრებად ქცევის ხელოვნება?

სამწუხაროდ, ქართულ სასახლეთა აღწერა მხოლოდ გვიანდელ, ევროპულ წყაროებს შემოუნახავთ. წერილობითი ცნობებისა თუ მოღწეული ჩანახატების მიხედვით სულაც არ ჩანს, რომ მაგალითად ქართლის მეფეთა ტფილისის სასახლე მოკრძალებული ყოფილიყო. ის სავსებით შეესაბამებოდა სამეფო სტატუსსაც და ქვეყნისა და ქალაქის პოლიტიკურ-ეკო­ნომიკური განვითარების დონესაც.

თუ კარგად შეათვალიერებთ, არც გეგუთის სასახლე გახლავთ ჯაბანი. თამარ მეფისა და მისი წინამორბედების სასახლის კომპლექსის შემორჩენილი თუ გათხრილი ნაშთები 2000 კვ მეტრზეა გაშლილი, გალავანს შიგნით მდებარე ეზო კი გაცილებით მეტს მოიცავს. კედლების სიმაღლე და ოდესღაც გუმბათით დახურული დარბაზის ზომებიც ადასტურებს, რომ ოქროს ხანის საქართველოს სხვა პალატებიც შესაფერი ექნებოდა. თანაც გასათვალისწინებელია, რომ უცხოეთში შემორჩენილ სასახლეთა უმეტესობა, რომელთა მასშტაბებითაც ვიხიბლებით, ხშირად საუკუ­ნეებით ჩამორჩება იგივე გეგუთის ნადარბაზევს.

და მაინც, რატომ არ შემოგვრჩა სამეფო სასახლეთა უმეტესობა?

ერთი, რომ ძალზე არასტაბილურ რეგიონში დავიბადენით და მტერიც, რომელიც არასოდეს გვაკლდა, პირველ ყოვლისა, მეფის დარბაზებს ეტანებოდა. სამეფო რეზიდენცია სამეფო ალამივითაა, მისი ხელში ჩაგდება და დაწვა-განადგურება საკუთარი გამარჯვების ყველაზე ცხადი დემონსტრირება და ადგილობრივთა მორალურად გატეხვის საუკეთესო საშუალება იქნებოდა. არ არის სწორი წარმოდგენა, თითქოს მტერი უმთავრესად ეკლესია-მონასტრებს ანგრევდა. ასეთი შემთხვევებიც იყო, ცხადია, თან არაერთი, მაგრამ მომხდურისთვის გაცილებით ეფექტური იყო საერო ცენტრების - ციხეების, დარბაზებისა და ციხე-დარბაზების - ძარცვა-წვა-ნგრევა და არა საეკლესიო კერებისა - მით უფრო, თუ დარჩენას ხანგრძლივად აპირებდა და მოსახლეობის რელიგიური გრძნობების ზედმეტად შებღალვა ხელს არ აძლევდა.

მოშლილი და ფუნქციადაკარგული სასახლეები მერე უკვე თავისთავადაც ინგრეოდა და კაცნიც ხელს აშველებდნენ - ვინ სამშენებლო მასალისა და ვინ ადგილის მოთავისუფლებისთვის. სხვა ვითარება იყო (და არის) ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებით: ისინი, როგორც საკრალური ფუნქციის მქონე ცენტრები, ყოველი ახალი შესაძლებლობისას კვლავ ახლდება და კვლავ შენდება - შელახულიცა და სანახევროდ დანგრეულიც.

არ შემოგვრჩა არც იმიტომ, რომ ამ მარად აწეწილ კავკასიაში დამპყრობელთა რეჟიმები, პოლიტიკურ ერთეულთა საზღვრები, პროვინციათა და ქალაქთა მნიშვნელობები და შესაბამისად, პოლიტიკური ცენტრები ხშირად იშლებოდა და ახ­ლები იქმნებოდა. არ იყო სტაბილური გარემო და ვერც მუდმივი სამეფო რეზიდენ­ცია იარსებებდა - ისეთი, საუკუნეთა განმავლობაში უწყვეტად და ერთ ადგილას რომ იდარბაზებდა, ნელ-ნელა გადაკეთდებ-გადმოკეთდებოდა და განივრცობ-გამშვენდებოდა. როგორც ჩანს, აქეთ-აქეთა პერიოდების მეფეებსაც ესმოდათ: არაპროგნოზირებად გარემოში არ იყო მიზანშეწონილი სასახლის შენებაში უზომოდ დიდი პოლიტიკურ-ფინანსური ინვესტიცია ჩადებულიყო. კაცმა რომ თქვას, XIII-XIV საუკუნეების შემდეგ ყოველთვის არც საშუალება იყო ამისი. მეთოდოლოგიურად არასწორია გვიანი შუა საუკუნეების ჩვენი პაწია სამეფო პალატების შედარება ლუვრის, ვერსალის, უინძორისა თუ პეტერბურგის სასახლეებთან. ამ უკანასკნელთა უმეტესობამ თანამედროვე სახე ბოლო 2-3 ასწლეულში მიიღო და მაგ დროს აბა სად მსოფლიოს უმდიდრეს და უძლიერეს იმპერიათა შესაძლებლობები და სად დაშლილ-დაქუცმაცებულ-გაღარიბებული და შემდეგ დაპყრობილ-გაუქმებული ციცქნა სამეფო-სამთავროებისა.

არ შემოგვრჩა შეუქცევადი ურბანული პროცესებისა და იმის გამოც, რომ ჩვენში მეფობა XIX საუკუნის დაწყებისთანავე დასრულდა, განსხვავებით ბევრი სხვა ევროპული თუ აღმოსავლური ქვეყნისა. მაგალითად, თბილისის სასახლეები ქალაქგანვითარებასაც შეეწირა, გარდა იმისა, რომ აღა-მაჰმად-ხანმაც ანგრია და არც რუსეთის იმპერიამ დააკლო - რად უნდოდა სუვერენიტეტის სიმბოლოები და ორიენტირები ქართველთა დედაქალაქში?

XIX-ში უკვე სხვა ეპოქაა ჩვენში და შენდება დადიანებისა და ჭავჭავაძეების, ანდრონიკაშვილებისა და მუხრანბატონების სასახლეები - ცხადია, ისინიც იმ მასშტაბისა, პატრონთა შესაძლებლობებსა და ქვეყნის ვითარებას რომ ესადაგება. აბა, მეფენი და მათი უშუალო მემკვიდრენი სადღა იყვნენ - ზოგი მშობლიურ მიწაში, ზოგიც - უცხო მიწაზე თუ უცხო მიწაში.

. . . . . . . . . . . 
ისე, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ოქროს ხანის ქართველ მეფეთა სასახლე თბილისში. ვიცით, რომ მეტეხის ტაძრის გასწვრივ იდგა, კლდეზე გადმოკიდული და კალა-აბანოთუბნისკენ მომზირალი. ქვაც არ დარჩენილა...

ჟურნალი ახალი ივერია

 

ნანახია: (288)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას