logo.png

ძილი და სიზმარი

 

არსებობს მოსაზრება, რომ ძილი და სიზმარი ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობებია. ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, გულისხმობს ცვლილებას ჩვეულ ფსიქიკურ ფუნქციონირებაში. ასეთი მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს, რაიმე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით, რომელიც იწვევს ეიფორიას და ჰალუცინაციებს, ასევე მისი გამოვლინებაა გაფანტულობა, აფექტი, მედიტაცია, ჰიპნოზი და ძილი. სწორედ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაზე დაკვირვება, გვაძლევს შესაძლებლობას შევისწავლოთ ფსიქიკის შრეები. ზიგმუნდ ფროიდი მიიჩნევდა, რომ სიზმრები არის ქვეცნობიერის მცდელობა დაგვანახოს ის ლტოლვები და სურვილები, რომლებსაც ლოგიკური აზროვნების დროს ვბლოკავთ. დღის განმავლობაში ადამიანს უჩნდება მოთხოვნილებები, სიზმარი წარმოადგენს სწორედ ამ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილების ჰალუცინაციურ დაკმაყოფილებას. აღნიშნულის ყველაზე მარტივი მაგალითია ის, რომ მშიერ ადამიანს ხშირად ესიზმრება თუ როგორ მიირთმევს საჭმელს. რა თქმა უნდა ეს მაგალითი ცხოვრებაში მიმდინარე უფრო რთულ პროცესებზე უნდა განვავრცოთ.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის, სირთულე კი იმაშია, რომ ქვეცნობიერიდან მომდინარე შინაარსებს, ყოველთვის ის ფორმა და სახელი არ აქვს რაც ჩვენთვის ცნობილია, ამის მიზეზია ის, რომ ქვეცნობიერი ჩვენი მოთხოვნილების ფარულ შინაარსებს გვიგზავნის, სწორედ ამიტომ სიზმრები ხშირად ამოუხსნელი და აბსურდულია.

თავის წიგნში „სიზმრის ანალიზი“ ზიგმუნდ ფროიდი განმარტავს, სიზმრებში არსებულ ფარულ შინაარსებს და რა შეიძლება იყოს მათი გამომწვევი მიზეზი. ასევე ამ წიგნში ფროიდი პირველად საუბრობს  არაცნობიერზე.

ფროიდი იყო პირველი ვინც ამტკიცებდა, რომ სიზმარი არ არის ჰოლისტიკური სისტემა  და სიზმრის ანალიზისას აუცილებელია მისი ნაწილების ცალკეული განხილვა. რაც გულისხმობს რომ აუცილებელია კონკრეტული მონაკვეთების, სურათების და სიმბოლოების ცალკეული ანალიზი.

დროთა განმავლობაში, სიზმრის ინტერპრეტაციის ტექნიკები მნიშვნელოვნად დაიხვეწა, თუმცა ყოველივე მათგანს საფუძვლად უდევს ზიგმუნდ ფროიდის მიერ შემუშავებული თეორია.

მიუხედავად იმისა რომ ძილი და სიზმარი ბურუსით მოცული მოვლენებია, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა  ჩვენი ცოდნის გაღრმავება ამ სფეროში. ელექტროენცეფალოგრამა გვიჩვენებს, რომ ძილი 5 საფეხურისგან შედგება. 4 ნელი (ღრმა) ძილი და 1 სწრაფი ძილი. ნელი ძილის ხანგრძლივობა 90 წუთია. ნელი და სწრაფი ძილის საფეხურები ერთდ ქმნიან ძილის ერთ ციკლს, რომელიც ღამეში 4-5 ჯერ მეორდება.

პირველი საფეხური –  5-10 წუთი გრძელდება; ამ დროს ხდება ჩაძინება.

მეორე საფეხური – 10-20 წუთი გრძელდება; მიმდინარეობს ღრმა ძილი.

მესამე და მეოთხე საფეხურები – 20-30 წუთი გრძელდება; განსაკუთრებით ღრმა ძილი.

ამ საფეხურების გავლის შემდგომ, ოთხივე ნელი ძილის საფეხური შებრუნებული თანმიმდევრობით პირველ საფეხურს უბრუნდება და იწყება მეხუთე საფეხური (სწრაფი ძილის), რომელიც 10-15 წუთი გრძელდება. ნელი ძილიდან სწრაფ ძილზე გადასვლა დაძინებიდან 90 წუთის შემდეგ ხდება.

ადამიანების და ცხოველების ძილი მსგავსია, განსხვავება იმაშია, რომ ცხოველები ყოველი ციკლის დასრულების შემდეგ იღვიძებენ.

სწრაფი ძილის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ასაკი. სწრაფი ძილის დროს, ორგანოები იმდენად აქტიურია და სხეული კი უმოქმედო, რომ მას პარადოქსულს უწოდებენ.

სიზმრებს ორივე ძილის დროს ვხედავთ. სწრაფი ძილის დროს, თუ გვეღვიძება სიზმარი გვახსოვს, ხოლო ნელი ძილის შემთხვევაში გვახსოვს მხოლოდ 25%. ნელი ძილის დროს სიზმრები ახლოს არის რეალობასთან და ძირითდად ასახავს მომხდარ მოვლენებს.

არსებობს  საინტერესო მოსაზრება, რომ დღის ბოლოს, ღამე, როდესაც ადამიანის ტვინი იწყებს დასვენებას და იძინებს, ადამიანში დიდი ხნის განმავლობაში არსებული მოგონებები და ახალი დღის მსვლელობისას დაგროვილი ინფორმაცია იწყებს გადამუშავებას და სწორედ ამას წარმოადგენს სიზმარი. ჰიპოთეზის მიხედვით, სიზმარი 2 ფაზას გადის – პირველი ფაზა მიმდინარეობს ნელი ძილის დროს, ხდება მიღებული ინფორმაციის შეფასება, ამიტომ სიზმრები რეალობას ასახავს. ხოლო მეორე ფაზა მიმდინარეობს სწრაფი ძილის დროს, უკვე შეფასებული ინფორმაცია გადადის ხანგრძლივ მეხსიერებაში და უკავშირდება იქ არსებულ შინაარსებს, ამით შეგვიძლია განვმარტოთ სწრაფი ძილისთვის დამახასიათებელი ამოუხსნელი სიზმრები.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიზმრები აკავშირებს ცნობიერსა და არაცნობიერს. ეს არის საიდუმლო შეტყობინებები, რომლებსაც გვიგზავნის ჩვენი შინაგანი სამყარო ძილის დროს, რადგან ამ დროს ჩვენ ვართ მისთვის ყველაზე ხელმისაწვდომები. ყველა ადამიანი განსაკუთრებულია, რადგან ყველას განსხვავებული ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება აქვს, სწორედ ეს განაპირობებს სიზმრის შინაარს. ხშირად ადამიანები ცდილობენ გარკვეული წიგნების და ვებ-გვერდების მეშვეობით მოიძიონ საკუთარი სიზმრის ახსნა, თუმცა ეს არც თუ ისე ეფექტურია, რადგან ყოველი სიზმარი ისეთივე ინდივიდუალურია როგორც თვითონ ადამიანი.

ავტორი: ტატიანა გეთია

წყარო : ზიგმუნდ ფროიდის „სიზმრის ანალიზი“ 1900წ; ირაკლი იმედაძე  „ ფსიქოლოგიის საფუძვლები“ 2007

ნანახია: (220)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას