„ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“ (იოანე3, 16-17).
უფლის უსაზღვრო სიყვარულით, მისი განკაცებითა და აღდგომით ადამიანს სიკვდილისაგან გათავისუფლება მიეცა. ღმერთმა ეშმაკის მიერ ადამიანის ტანჯვა დაასრულა, ჯვარზე დაამსჭვალა სიკვდილი და თავისი სისხლთ გამოისყიდა ადამიანი, განწმიდა და ცოდვისგან გაათავისუფლა ადამის მოდგმა. ვინც რწმენით მიიღებს მას, მოინათლება უფლისადმი სასოებით და მიიღებს ბეჭედს ნათლობისას, მარადიული ნეტარებაც ექნება ქრისტეს წიაღში. ადამის დაცემის შემდეგ სულიერ სიკვდილსა და სამოთხიდან განგდებას ხორციელი სიკვდილი მოჰყვა – სულის ხორცთაგან განყრა, რომელიც ადამანის ბუნებისთვის არაბუნებრივი მდგომარეობა, შესაბამისად, კაცისთვის – ტკივილი და ტანჯვა. რადგან სულისთვის დასასრული და გაქრობა არ არსებოს, უფლის მიერ აღთქმული მესიის, მხსნელის მოსვლა ადამიანისთვის იყო და არის სასოება და ხსნა. ძე ღმერთის განკაცებით მისი უსაზღვრო, მიუწდომელი კაცთმოყვარეობითი ღვაწლით, მისი სისხლის დაღვრით, ადამიანის მოდგმას მარადიული სიცოცხლე და ნეტარებითი ყოფა ებოძა, ღმერთმა ადამის ცოდვა თვისი სისხლით განასპეტკნა: „და გალობდეს გალობასა ახალსა და იტყოდეს: ღირს ხარ შენ მიღებად წიგნისა მის და აღებად ბეჭედთა მისთა, რამეთუ დაიკალ და გჳყიდენ ჩუენ ღმრთისა სისხლითა შენითა ყოვლისაგანვე თესლისა და ენისა და ერთა და წარმართთა“ (გამოცხადება 5, 9).
ასე რომ, ქრისტეს სისხლით გამოსყიდულნი ვართ. ეს ძღვენი ადამიანისთვის უსაზღვრო წყალობაა და ამის გამო დაუცხრომელ მადლიერებას უნდა ვწირავდეთ უფალს, რადგან უფლის განკაცების გარეშე ჩვენი ცხონება წარმოუდგენელია. იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ადამიანის ბუნება ცოდვის შედეგით, რომ თავად ღმერთის განკაცება და მისი სისხლის დაღვრა გახდა საჭირო ცხონებისათვის. „რავდენ უფროჲს სისხლმან ქრისტესმან, რომელმან-იგი სულითა საუკუნოდ თავი თჳსი შეწირა უბიწოდ ღმრთისა, განწმიდნეს გონებანი თქუენნი მკუდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა“ (ებრ. 9, 14.) ადამიანს დაცემის შემდეგ უფლის აღქმა და მასთან ურთიერთობა აღარ შეეძლო. ამდენი სახის წარმართული რელიგია და მიმდინარეობა სწორედ იმ დროიდან იღებს სათავეს, რადგან ადამიანს ჭეშმარიტი ღმერთის აღქმა და მასთან ურთიერთობა, კავშირი აღარ შეეძლო. სწორედ უფლის კაცთმოყვარეობა და მისი განკაცებაა ადამიანისთვის კვლავაც უფალთან ურთიერთობის აღდგენა, დაბრუნება ღვთის წიაღში: „რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ“ (1 კორინ. 6, 20.) ვინც მოუსმენს უფალს და მიიღებს უფლის სიტყვას, მას უფალი სულიერი სიკვდილის, უფლის მადლისგან დაცლილი მდგომარეობიდან აღადგენს და აღავსებს, გააცოცხლებს ქრისტეში. „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად“ (იოანე 5, 24).
ვინც მოისმენს უფლია სიტყვას, სწამს მისი, სულიერი სიკვდილისაგან გამოიხსნის და საუკუნო ცხოვრებას მისცემს. მაცხოვარი ადამიანის ქრისტეს რწმენამდე ცხოვრებას სიკვდილს უწოდებს, რადგან ისევ ძველი კაცის მდგომარეობაა, როდესაც უფლის სიტყვას არ ისმენს. გავიხსენოთ ადამი, როგორ გაურბის უფალს და ემალება, ვერ აღიქვამს უფლის წყალობას და არა აქვს უფლის მადლის მიღების უნარი; მადლს ნათლობის შემდეგ იღებს, როდესაც ღვთის ხატებას აღუდგენს ადამიანს. ხოლო როდესაც ადამიანი მიიღებს ქრისტეს რწმენით, მაშინ გააცოცხლებს ქრისტეს ეკლესიაში სულიწმიდის მადლით, ნათლობის მეშვეობით აღუდგენს უფალთან ურთიერთობის ძალმოსილებას და აღავსებს საღვთო სიხარულით: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ“ (იოანე 5, 25).
მეორედ მოსვლის ჟამს ყველა წარსდგება განსპეტაკებული ხორცითაც და ისეთი სხეულით, როგორიც მაცხოვარს ჰქონდა აღდგომის შემდეგ. მარადიულ ყოფა მიემადლება ადამიანს ხორცითაც, როგორც მისი ბუნებრივი მდგომარეობა, როგორადაც შექმნა იგი უფალმა. თუმცა ყველასთვის სასიხარულო არ იქნება ეს მოწოდება: ზოგს მარადიული სიცოცხლისა და უფალთან ერთად მარადიული ნეტარება ელის, ვიღაცისთვის კი ეს მარადიული ტანჯვაში დარჩენა იქნება: „ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“(იოან 5, 28-29) კეთილისმოქმედნი ღვთის რწმენის მიმღები და ამ რწმენით მცხოვრები ადამიანები არიან, რომელნიც უფლის განკაცების მადლიერნი და მსასოებლნი გარდაიცვალნენ, ქრისტეს ბეჭდით აღბეჭდილნი, მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულნი, სინანულით გასულნი ამქვეყნიდან, უფლის წყალობის მომლოდინენი. „და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით“ (1 თეს. 4,17.)
ხშირ შემთხვევაში დღეს ვერც ვიაზრებთ უფლის ამ წყალობას, მის მიერ ადამიანის გამოხსნისთვის სისხლის დაღვრას. მაგრამ რეალურად, მარადიული ცხოვრების მოპოვება არის არსებითი ადამიანის მიწიერ ცხოვრებაში, რადგან არა სიბოროტეში და არარაობაში უნდა დაინთქას ადამიანის სახელი, არამედ სიკვდილისაგან ცხოვრებად გარდაიცვალოს.
ჩვენთან არს ღმერთი!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.
ნანახია: (341)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას