(ფოტოზე: მლოცველი წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი - "დავითნი" , მინიატურა დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი)
1. ,, უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა“.
წმინდა წინასწარმეტყველი დავითი გულმხურვალედ ითხოვს ღვთისგან, შეისმინოს მისი ვედრება და მიაგოს მას თავისი მოწყალებისამებრ. ღვთის მოწყალება უსაზღვროა და ნებისმიერი მორწმუნის გულმხურვალე ვედრებას აღემატება. მონანული დავითი შესთხოვს უფალს, დაიფაროს მონა თვისი, რომელსაც მფარველობა აღუთქვა გაჭირვების ჟამს. უფალი ხომ არასდროს სტოვებს თავის მსახურს.
2. ,, და ნუ შეხვალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენს წინაშე ყოველი ცხოველი”.
უფალო, მიუტევე შენს მონას შეცოდებანი და ნუ განსჯი ღვთის სამსჯავროზე, რადგან ვერ გამართლდება ვერცერთი სულდგმული შენ წინაშე, რადგან შენ ყოველთვის ყოველაფერი წისასწარ უწყი.
3. “რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქვეყნად ცხოვრებაი ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკვდარი საუკუნოი”.
ცოდვათა გამო მტრისგან დევნილი მეფე დავითი ვეღარ უძლებს ამდენ ტკივილს, მწუხარებამ და უიმედობის წყვდიადმა მოიცვა მისი სული და დაამსგავსა ჯოჯოხეთის სიბნელეში მყოფ საუკუნო გარდაცვლილს.
4-5. ,,და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართა საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახვედ”.
მოიწყინა დავითის სულმა, ძრწოლამ მოიცვა მისი გული. გაიხსენა დასაბამიდან შემოქმედება და შემწეობა ღვთისა.
6. ” განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქვეყანა ურწყული შენდამი”.
როგორც გვალვის დროს ურწყავი მიწა წყალს საჭიროებს, ისე შეჰღაღადებს დავითის სული ღვთიური მადლის წყურვილით უფალს.
7. ” მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა”.
წმინდა წინასწარმეტყველი უფალს სთხოვს, ნუ იბრუნებს პირს მისი ვედრებისაგან, რათა არ დაემსგავსოს წყვდიადში მყოფ წარმართებს.
8-9. “ მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე”.
მონანული დავითი უფალს ევედრება, სწრაფადვე იხილოს ღვთიური მფარველობა, მტრისგან დევნილს ასწავლოს ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა, რადგან მისი ქმნილებაა და მხოლოდ მას სასოებს.
10. “ მასწავე მე რაითა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა”.
მეფე დავითი ღვთის ნების აღსრულებაში სიბრძნეს ითხოვს და საკუთარი ქმედების სულიწმინდით წარმართვას.
11. ” სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნე მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი”.
ხსნა მხოლოდ უფლის მოწყალებითაა შესაძლებელი, მხოლოდ მისი სახიერება ათავისუფლებს სულიერი ტკივილისაგან, რადგან მაცხოვრის განკაცებითა და აღდგომით სიკვდილის მარწუხებისგან მოხდება ადამიანთა გამოხსნა.
12 . ” და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რემეთუ მე მონაი შენი ვარ”.
წინაწარმეტველი სულიერი მაჭირვებლის – აზრობრივი მტრის განადგურებას სთხოვს უფალს, რადგან ის მხოლოდ მისი მონაა.
წმინდა ათანასე დიდისა და ექვთიმე ზიღაბენის მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
ნანახია: (554)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას