logo.png

ღვთის ხატება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: მაცხოვარი, სვანეთის მუზეუმი)

,,რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე”

ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა მარადიული ნეტარებისთვის. მარადიული ნეტარება

უფალთან ერთად უსასრულო ყოფაა, მასთან მოკლება, თავისთავად, ტანჯვას, უსასრულობას მოკლებას ნიშნავს. ადამის შეცოდებით ადამიანის ბუნებაში სიკვდილი შემოდის და ეს პირველად სულზე აისახა. ვისთან ერთადაც ადამს მარადიულ ნეტარებაში უნდა ეცხოვრა, სწორედ მისი განცდა და მასთან ურთიერთობა ანიჭებდა ტანჯვას. იგი გაურბოდა უფალს, სამოთხეში ემალებოდა მას და ასეთი მდგომარეობით სამარადჟამო ტანჯვისთვის იყო განწირული. ცოდვის შემოსვლით ადამის ბუნებაში დაირღვა აღქმის, წვდომის, განჭვრეტის, სიყვარულის შესაძლებლობა. ყოველივე ამის მოკლებით ადამი ვნებად მდგომარეობაში გადადის, მისი არჩევანი ხორციელისკენ გადაიდრიკა. ვნებისკენ მიდრეკილება ფიზიკურ სხეულზეც აისახა. მასში შემოდის ავადმყოფობა, ტკივილის განცდა, მოკვდინება. ხორცისგან განსხვავებით, სულისთვის უცხოა დასასრული, სულის სიკვდილში იგულისხმება მის უნართა შეზღუდვა, დაკნინება. ეს ის მდგომარეობაა, რომელშიაც ადამი ჩავარდა. მის სულს უფალთან ურთიერთობა ნეტარებას აღარ ანიჭებდა.

უფალი მოუწოდებს ადამს: ,,ადამ, სადა ხარ(დაბადება, III,9)”? ამ სიტყვებით იგი ადამის სულიერ მდგომარეობას ამხელს და მას სინანულისკენ მოუწოდებს: ადამ, რა მდგომარეობაში ხარ? ნაცვლად სინანულისა, ადამი თავად უფალს სდებს ბრალს თავის დანაშაულში: ,,შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე(დაბადება, III,12)”.

რაკი ადამიანი მარადიულობისთვისაა შექმნილი, მას მერე, რაც ადამი უფალს დაუპირისპირდა, მისი ამგვარი დამოკიდებულება შემოქმედთან დაუსრულებელი წინააღმდეგობით გაგრძელდებოდა, ამიტომ ღმრთის განგებითა და მისი ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულით მარადიული ტანჯვა დროით შემოისაზღვრა და ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა _ სულისა და ხორცის ერთობა, როგორადაც ის შეიქმნა, დაირღვა; სულისაგან ხორცის მოკლება შემოვიდა, რაც არის სიკვდილი, ოღონდ დროებითი, რადგან რაც დროშია განსაზღვრული, უცილობლად დროებითია.

უფალი, როგორც კანონთა განმსაზღვრელი, ადამს ისევ მიწად მიქცევას უდგენს: ,,პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი”(დაბადება, III,19). ამ კანონს ყველა ადამიანი ექვემდებარება. მიწიერ ცხოვრებაში სინანულისკენ მოუწოდა ადამს უფალმა და აღუთქვა მხსნელის მოვლინება, რომლის განკაცებით მოხდა კიდეც ამ კანონთა დახსნა ღმრთის მიერ და ადამიანის დროში ცხოვრება დასრულდა _ იესო ქრისტემ მარადიული სიცოცხლე აღუდგინა ადამიანის ბუნებას და სიკვდილი განაქარვა: ,,მე ვარ აღდგომა და ცხორება. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე”(იოან. 11,25). ეს არის უდიდესი სიყვარულის გამოხატულება და დასრულება იმ წუხილისა, რაც ცოდვის შემოსვლამ მოუტანა ადამიანს.

განკაცების შემდგომ, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისას უფალი გამოხატავს ტკივილს ადამიანის ყოფისადმი და როგორც ძე კაცისა, ის ადამიანურადაც აჩვენებს ამ განცდას ლაზარეს გარდაცვალებისას: ,,და ცრემლოოდა იესუცა”(იოან. 11,35). იგი ტირის ადამიანის სიკდილს და ამ მდგომარეობას ძილს უწოდებს: ,,ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღძო იგი”(იოან. 11,11).

ლაზარეს აღდგინება წინასახეა საყოველთაო აღდგომისა. იგი გადმოგვცემს მაცხოვრის ძალმოსილებისა და სიყვარულის უსაზღვრობას. მარადიული ცხოვრების წყურვილს, ადამიანი თავის თავში რომ ატარებს, უფალი მოუკლავს ყველას, ვისაც კი ექნება ამის სურვილი: ,,ვითარცა-იგი მამაი აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთა ჰნებავს, აცხოვნებს”(იოან. 5,21).

ცხონება უფალთან ერთად ყოფნაა, რასაც ამქვეყნადვე იწყებს ადამიანი ეკლესიაში ღმერთთან თანაზიარყოფით: ,,რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკუანასკნელსა მას დღესა”(იოან. 6,54). მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით ჩვენ ევქარისტულ კავშირში ვიმყოფებით აწ უკვე გარდაცვლილ მის მაზიარებლებთანაც. ამ დროს ხდება ზეციური და მიწიერი ერთობა. ამდენადაა ევქარისტია ცოცხალთა და გარდაცვალებულთა არსობრივი კავშირი. ლიტურგიის დროს, პროსკომიდიისას მოიხსენიებიან როგორც ცოცხალნი, ისე გარდაცვალებულნი. სასულიერო პირი ითხოვს მადლს როგორც ხორცში მყოფთათვის, ასევე სხეულს მოკლებულთათვისაც; ღვთისმიერ წყალობას იღებს როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი ადამიანი. ყველა ჩვენგანი იმდენად განიცდის მადლს, რამდენადაც მისი დატევნა ძალგვიძს. ყველა ადამიანს შეუძლია პირადი ლოცვით, საღმთო ლიტურგიაზე მოხსენიებით და მოწყალების გაცემით შეეწიოს გარდაცვლილი ახლობლის სულს. მიცვალებულის სახელზე გაშლილ სააღაპო სუფრას ძველ დროში ის დატვირთვა ჰქონდა, რომ ჭირისუფლის ამ მოქმედებით მადლიერი უპოვრები მოიხსენიებდნენ და დალოცავდნენ ახლადშესვენებულის სულს. როცა გარდაცვლილის სახელით სხვა ადამიანი გარკვეულ ნუგეშს პოულობს, ეს, თავისთავად, იმ მიცვალებულის სულს შეეწევა, ვისი სახელითაც სიკეთე გაკეთდა. ყველა მიწიერი მოქმედება მარადისობაში აისახება, რადგან ყველა მათგანი ამავდროულად ღვთისადმია მიმართული. მაცხოვარი ამბობს: ,, მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე: შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ, და მოხუედით ჩემდა”(მათე,25,35-36); ,,რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით”(მათე, 25,40).

როცა ადამიანი მიცვალებულის სულს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებით შეეწევა, ის, ამვდროულად საკუთარ მომავალზეც ზრუნავს, რადგან გზა ჩვენი ცხონებისა სხვათა ცხონებაზე გადის.

ადამიანის სრულ ნეტარებას მის ბუნებრივ მდგომარეობასთან დაბრუნება სჭირდება, როგორადაც ის ღმრთის მიერ შეიქმნა. მას სჭირდება ისეთი სხეული, ადამს რომ ჰქონდა სამოთხეში – უხრწნელი და ნათელმოსილი, როგორიც უფალ იესო ქრისტეს ჰქონდა შემდგომ აღდგომისა, წმიდა მამები განსპეტაკებულს რომ უწოდებენ. ასეთ მდგომარეობას ადამიანი მეორედ მოსვლის ჟამს მიიღებს, რაც გარდაუვალია.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

 

 

ნანახია: (360)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას