logo.png

90-ე ფსალმუნის განმარტება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი - მინიატურა ფსალმუნებიდან, დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში).


რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ,,ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.”

წმინდა დავით წინასწარმეტყველი შენატრის იმ ადამიანს, ვინც ყოვლად ძლიერი ღმერთის შეწევნით მკვიდრობს და ცათა შემოქმედის მფარველობის ქვეშ ცხოვრობს. ვისაც შეუძლია უთხრას უფალს, რომ ის ღმერთია მისი და მხოლოდ მასზე ამყარებს სასოებას საკუთარი გადარჩენის გზაზე.

რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრთხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.

რადგან მორწმუნე ადამიანს იცავს უფალი დაცემულ სულთა ვნებადი შემოტევებისა და ცილისმწამებელთაგან.

ბეჭთ-საშულითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე.

ღვთის მსასოებელი ადამიანი უზენაესს საკუთარი მფარველობის ქვეშ ჰყავს. უფალი საკუთარი მხრებით იცავს მორწმუნეს.

საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.

ღვთისმოსავ სულს მცველად აბჯრის მსგავსად შემოერტყმება ჭეშმარიტება ღვთისა და ვერანარი უკეთური ძალა მას ზიანს ვერ მიაყენებს.

არა გეშინოდეს შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისით; ღვაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუვა დღისა.

რწმენით მცხოვრებ ადამიანს ვერ შეაშინებს დღისითა თუ ღამით ბოროტისაგან მოწოდებული ვნების აღმძვრელი აზრები.

დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.

განქარდება მორწმუნის მარცხნივ ათასთა ბოროტი ზრახვა, მის მარჯვნივ კი - ათი ათასთა, ღვთის შვილებს კი ვერაფერს ავნებს. მარცხნივ დაცვენილ ისრებში იგულისხმება ხორციელი გულისთქმები - ბოროტების ხილული, ცხადი ნაყოფი, ხოლო მარჯვენითში გარეგნულად კარგი საქმეებით შენიღბული ცოდვები, რაკიღა ბევრი პირდაპირ არ ღებულობს უკეთურებას.

ხოლო შენ თვალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.

მორწმუნე საკუთარი თვალით იხილავს მტრებსა და მოწინააღმდეგეებზე მოწევნულ ღვთის სასჯელს.

რამეთუ შენ, უფალი ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი და გუემაი არა მიეხლოს საყოფელთა შენთა.

სიხარულით შეჰღაღადებს მორწმუნე უფალს, რომ მხოლოდ მას სასოებს, ხოლო უფალი დავითის პირით აუწყებს მორწმუნეს, რომ არც მას და არც მის ოჯახს უსიამოვნო არაფერი შეემთხვევა..

რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა.

უფალი მორწმუნეს მფარველად ანგელოზს მოუვლენს ფარად და მცველად ყოველ კეთილ საქმეში. სხვაგანაც ბრძანებს დავით მეფსალმუნე: ,,დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი“. ღვთის მსასოებელი მუდამ მისი მფარველობის ქვეშაა, ყველა კეთილ საქმეში.

ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფეხი შენი.

ანგელოზთა მფარველობით მორწმუნის სული დაცულია ყოველგვარი ცოდვით დაცემისა და მიწიერი დაბრკოლებისაგან ქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში. მათი შემწეობით მართალთა სულები ზეცაში ადის.

ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფეხი შენი.

ანგელოზთა მფარველობით მორწმუნის სული დაცულია ყოველგვარი ცოდვით დაცემისა და მიწიერი დაბრკოლებისაგან ქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში. მათი შემწეობით მართალთა სულები ზეცაში ადის.

ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.

უფალს მინდობილი მორწმუნე ყველანაირი ბოროტებისგან განრიდებულია, იგი მრავალ დაცემულ სულს იხილავს საკუთარ ფეხთა ქვეშ, ვითარცა გესლიან არსებას. ასპიტი, ვასილისკო, ლომი და ვეშაპი - ყველა ბოროტების სინონიმია.

რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი, და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.

ეს სიტყვები ყოვლისშემძლე ღმერთმა წარმოთქვა და გვასწავლა დავითის პირით, თუ როგორია ღვთის სასოების ნაყოფი. მისი სახელის შემცნობ, ანუ ღვთის მცნებებით დაპურებულ ადამიანებს ხსნას დაგვპირდა, რაც მარტო ბოროტი ზრახვებისაგან დაცვას კი არ ნიშნავს, არამედ მარადიულ ცხოვრებას.

ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი, დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

ვინც უხმობს უფალს მთელი გულით, მისას შეისმენს, ყოველი გაჭირვებისგან გაათავისუფლებს და ხანგრძლივ სიცოცხლეს მიმადლებს. აქ დავითის პირით უფალი თავის ყოვლისშემძლეობაზე საუბრობს და მარადიულ, ახალ ცხოვრებას აღუთქვამს ყველა მის მსასოებელს, ამინ.

წმინდა ათანასე დიდისა და ექვთიმე ზიღაბენის მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

ნანახია: (1747)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას