მეშვიდე ნეტარების განმარტება
(ფოტოზე: მაცხოვარი და წმიდა მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე - ტიმოთესუბნის ტაძრის ფრესკა)
მეშვიდე ნეტარება: ,,ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“.
მშვიდობისმყოფელია ის ადამიანი, რომელსაც უყვარს მშვიდობით და მყუდროებით ცხოვრება, რომელიც არათუ სხვას აწუხებს, არამედ წაჩხუბებული ადამიანების შერიგებასაც ცდილობს. ასეთ ადამიანს მაცხოვარი დიდ და სანუკვარ ჯილდოს აღუთქვამს: იგი ძედ ღვთისად იწოდება.
რატომ აღუთქვამს მას უფალი იესო ასეთ დიდ ჯილდოს? იმიტომ, რომ ღმერთს უყვარს მშვიდობა და მყუდროება, საღმრთო წერილში უფალი თავის თავს მშვიდობის ღმერთსა და მოწყალების მამას უწოდებს . თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე - ძე ღვთისა იმიტომ მოვიდა ქვეყნად, განკაცდა და მიიღო ადამიანის ბუნება, ჯვარს ეცვა, ევნო და აღსდგა მკვდრეთით, რათა ღმერთი ადამიანთან შეერიგებინა. ცოდვამ და ურჩობამ დააშორა ადამიანი ღმერთს, ღმერთი განრისხებული იყო ადამიანზე, ხოლო უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა მშვიდობა მათ შორის , ამიტომ იყო, რომ ქრისტეს ხორციელად შობის მომენტში ანგელოზები ასეთი სიტყვებით გალობდნენ: ,, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ . აღდგომის შემდეგაც უფალი ასე ესალმებოდა მოციქულებს, ,,და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთ შაბათისა მის...მოვიდა და დაადგრა შორის მათსა და თქვა მათ: მშვიდობა თქვენ თანა!... ჰრქვა მათ იესუ კვალად: მშვიდობა ქვენთანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგადგინებ თქვენ“. ქრისტე საღვთო მშვიდობით შემოსავს თავის მოწაფეებს, რადგან იცის, რომ მათ მძიმე დევნილობისა და მტრობის დაბრკოლებები უნდა დასძლიონ სიმშვიდით. წმიდა პავლე მოციქული ასე მოძღვრავს რომაელ მორწმუნეებს და მათი სახით ჩვენ ყველას: ,, უკეთუ შესაძლებელ არს თქვენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობასა ჰყოფდით... არამედ შიოდეს თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და, სწყუროდეს თუ, ასუ მას... ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას.” სწორედ ამიტომ, ღვთისმსახურების დროს მართმადიდებელ ეკლესიაში ეპისკოპოსები და მღვდლები მრავალგზის აკურთხებენ ღვთის ერს ჯვარის გადასახვითა და სიტყვებით: ,,მშვიდობა ყოველთა!“ ამიტომ ვინც შეარიგებს ადამიანებს და მშვიდობას დაამყარებს მათში, ის ადამიანი თვითონ ემსგავსება უფალ იესო ქრისტეს. აი, ასეთი ღირსეული საქმეა მშვიდობისმყოფელობა! ყოველი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, რომ შეიძინოს ეს სათნოება. მშვიდობისმყოფელი ადამიანები, რომელთაც დამშვიდებული სინდისი აქვთ ღვთისა და მოყვასის წინაშე, პირველნი ეძიებენ შერიგებას და ლოცულობენ თავიანთი მტრებისთვის, ისინი მშვიდობის მოძულეებსაც კი უსურვებენ მშვიდობას, წმინდა წინასწარმეტყველ დავითის მსგავსად, რომელსაც ზედმეტი და უსარგებლო სიტყვის თქმაც კი აშინებდა, რათა ამით მოყვასისათვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა. ნეტარ არიან, რომელნიც მთელი ქვეყნის მშვიდობას შესთხოვენ უფალს, მშვიდობას და სიყვარულს ამკვიდრებენ ყველგან. ნეტარ არიან ისინი, ვინც ცოდვილებს სინანულისკენ მოაქცევენ, და უფალთან არიგებენ. ნეტარ არიან ისინი, ვინც ურწმუნოებს მართმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოააქცევენ, ყველა მშვიდობისმყოფელი ემსგავსება თვით ღვთის ძეს, - ჩვენს უფალ იესო ქრისტეს: ამიტომ პირდება მათ ასე დიდ საბოძვარს: რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ; ისინი არა მარტო სახელით, არამედ მადლით იქნებიან ღვთის შვილნი. ,, იხილეთ“ , ამბობს ქრისტეს საყვარელი მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: ,,რაბამი სიყვარული მოგვცა ჩვენ მამამან, რათა შვილ ღვთისად ვიწოდნეთ.“ რა შეიძლება ადამიანს ამაზე მეტი მიეცეს? რა შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს ამაზე მეტი უსურვოს? მაშ მთელი გულით მივესწრაფოთ სიმშვიდეს, რათა ჩვენც ძეთ ღვთისად ვიწოდნეთ.
წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის(ქიქოძე) მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
ნანახია: (326)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას