logo.png

 

"არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად".

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(რომაელთა მიმართ 13, 8-14)

სხეულის გაშიშვლებამ და ასეთი სახით საზოგადოებაში გამოსვლამ დღეს ჩვეულებრივი სახე მიიღო. ზოგადად, ყველას თან დააქვს უცხო ქვეყანაში საკუთარი კულტურა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების დიდმა ნაწილმა, რომელთა ჩაცმულობა უფრო უკულტურობა და ზნედაცემულობაა, ვიდრე ჩაცმულობა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დააყენეს საქართველოში. ამ ოცდაათ წელიწადში უფრო მძიმე სულიერ და ზნეობრივ მდგომარეობაში ჩავარდნილან! დიდი რუსეთის მოქალაქეები ზოგიერთს თითქოს ტანთ აცვია, მაგრამ მერე ხვდები, რომ მხოლოდ ტატუირებული შიშველი სხეულით არის გარეთ გამოსული, შეიძლება მხოლოდ საცვლები ეცვას... აქაურ გარემოს, კულტურას წეს-ჩვეულებას არ ითვალისწინებენ, არაეთიკურ ფსევდოთავისუფალ, შეგნების დაბალი დონის, ზნედაცემული ცხოვრების წესის დღეს აქ დანერგვას ცდილობენ.

ახალგაზდები, ამ ყველაფრის შემყურენი, როგორც ბიჭები, ისე გოგონები, მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხის ქვეშ ექცევიან. ამასთან ერთად, ახალგაზდების ადრეულ ასაკიდან ინტერნეტის წვდომამ გააადვილა საქართველოში ამ ყოფისადმი ლოიალური დამოკიდებულება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს, ზნეობას, რწმენას, კულტურას, ტრადიციას. ასეთი დამოკიდებულებით ცხოვრება ბუნებითი სჯულის, სინდისის მოკვდინებას იწვევს. ამ დროს სირცხვილი, მორიდება, პატიოსნება ადამიანში კვდება და თავისთავად, კაციც კვდება ქრისტიანული აღქმისა და სულიერი მდგომარეობისთვის, ეს კი შემდეგ გაცილებით მძიმე სულიერ დაცემას იწვევს და უმძიმეს განზრახვებსა და გადაწყვეტილებებს აღებინებს ადამიანს – მის გონებას ვნება იპყრობს, არვის აზრი და შეხედულება აღარ აინტერესებს, არც ღმერთი არსებობს მისთვის. ვნება გონებას ბინდავს და ფიქრობს, რომ თვითონ როგორც გადაწყვეტს და ჩათვლის საჭიროდ, მხოლოდ ისაა მართებული, ამიტომ მას როგორც უნდა და რაც მოსწონს, ისე იცხოვრებს და იმოქმედებს. სინამდვილეში სწორედ ამ დროს არის ადამიანი მოტყუებული ეშმაკისგან, როგორც თავის დროზე ევა მოტყუვდა... ყველას ერთნაირად, ერთი ხელწერით აცდუნებს და აჯერებს თავის სიმართლეში, თვითრჯულით ცხოვრებისკენ უბიძგებს, თითქოს თავისთავის ღმერთია, თავისუფალია, თვითგანმსჯელი თავისი ქმედებისა. და ასე, საფეხურებრივად მიჰყავს დაცემისკენ. ძველი აღთქმის წიგნი გადმოსცემს: „და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს“ (დაბადება 3, 4-6.) წარმოსახვაში ეშმაკი მუდამ სიამოვნებით და კმაყოფილებით წარმოუჩენს ადამიანს თავის გადაწყვეტილებას, უფლის გვერდის ავლით და თვითმყოფად, თავისუფალ არჩევნად უსახავს, თუმცა შედეგით ის ბოროტებასაც გამოსცდის თავის თავში უფლის მცნებისგან დაშორების გამო. სიტყვა სიამოვნებაში სიამე დევს, ასე რომ, სიამეს ვნებაც მოყვება. ასეთ შემთხვევაში კი ადამიანი უამრავ სიბილწეს გამოსცდის და ვნებათა ჭაობში ეფლობა. „როგორც ღელვის სიმძაფრე უსაჭო ნავს იტაცებს, ისე უკრძალავსა და უდებებით მიშვებულს გონებას იტაცებს გულის-თქმა სიძვისა,“ – ამბობს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი.

ისეთ საშინელ შემთხვევებს ვისმენთ ყოველდღიურად, საერთოდ მიუღებელი და უცხო რომ არის ჩვენი ხალხის ცნობიერებისთვის, ამ ყველაფერს კი სიშიშვლე კვებავს. სწორედ აქედან იღებს ყველა მანკიერება სათავეს. არასდროს ყოფილა ამდენი სახის ზნედაცემულობა, უფრო და უფრო მძიმე ცოდვები გამოდის სააშკარაოზე: საკუთარ ბებიაზე ძალადობა, პედოფილია, საკუთარ შვილთან მამის მხრიდან ინცესტი, შეზღუდული შესაძლებლობის არასრულწლოვან გოგონებზე ძალადაობა, გადაღება და გავრცელება ინტერნეტში, – ასეთი ძალადობის გამო არასრულწლოვნებში სუიციდი, მკვლელობები მეუღლეების მხრიდან ღალატის ნიადაგზე, მამასა და შვილებს შორის მკვლელობები. სამწუხაროდ, კიდევ უფრო ბევრი სხვა დარღვევაა, რომლის ჩამოთვლაც ძალიან მძიმე სურათს ხატავს, თუ რა ცნობიერება და რა სულიერი მდგომარეობა ყალიბდება ჩვენს ქვეყანაში. ეკლესიისგან დაშორებამ, არასწორმა აღქმამ და ურთიერთობამ უფალთან გამოიწვია ეს ყველაფერი, ეშმაკი კი დაუძინებელი მტერია ის ბოლომდე ცდილობს ადამიანის განადგურებას. დღეს დედამიწაზე სიძვისა და მრუშობის გულსთქმით, მიწიერი სიამოვნებისა და გართობითაა ადამიანის გონება მოცული, ეს კი ამ ხალხის ეშმაკის ხელში მოქცევას ნიშნავს, არარელიგიულმა ადამიანმა არც კი იცის ამ სახელის უკან რამხელა ძალა დგას, რომელიც თავად ღმერთსაც კი შეგნებით ეწინააღმდეგება და ებრძვის. ადამიანი კი მის წინააღმდეგ ძალიან უსუსურია, თუ მან არ იცის უფლის მადლით როგორ მოიგერიოს და დაუსხლტეს ამ არსების თავდასხმებს და დაგებულ ხაფანგებს, ხშირად კი, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობიდანვე არ აქვს უფალთან შეხება და არარელიგიურ ადამიანად იზრდბა, ის ეშმაკის მსხვერპლი ხდება.

საზოგადოებაში გამოჩენილი ადამიანების პირად ცხოვრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისთვის, განსაკუთრებულად კი ახალგაზრდებისთვის, თუ ამ მხრივ მათ გარკვეული სისუსტეები აქვთ ან ზედაპირული განცდა ამ ყველაფრისადმი, ეს საკმაოდ დიდ ბიძგს აძლევს ადამიანებს ცოდვის დაშვებისაკენ. თუ სასულიერო პირებიც არ დგანან მოწოდების სიმაღლეზე, გაუჩერებლივ არ ამხელენ არასწორ ცხოვრებას და სიმინდით ცხოვრებით არ ქადაგებენ ქრისტეს სწავლებას, ამას ზნეობრივი და მორალური ქცევების მოშლა ჰყვება, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს დიდი ხნის განმავლობაში. უფალი ყოვლთვის მოთმინებით ელის ადამიანის მისკენ მოქცევას, რომ შეცვალოს ცხოვრება და სულის ხსნასა და ცხონებაზე იფიქროს. მისთვის მთავარი ადამიანის ცხონებაა, ამიტომ ის აფრთხილებს კიდეც მას. როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, „ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად“ (რომაელთა მიმართ, თავი 13, 11-14). სულ სხვა ეპოქა დგება, თუ სკოლიდან, უფრო სწორედ ბაღიდან არ ექნება ადამიანს უფლის მადლთან შეხება და ქრისტესთან ერთად ცხოვრებას ვერ ისწავლის, ვერ მიიღებს ამ გამოცდილებას, არ იქნება აღზრდლი ქრისტიანულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, რომელიც სულ საჭიროებს უფალთან ცოცხალ ურთიერთობას და საზრდოობას, არათუ მცირე ერების ცნობიერების შეცვლა და წაშლა მოჰყვება, არამედ დიდი ერებისა და ქვეყნებისაც. ეშმაკი ყოველთვის სულიერად კლავს ადამიანს თუ ერს, აშორებს უფალს და მასზე დამოკიდებულს ხდის, შემდეგ კი, მძიმე ცოდვაში მყოფს, მარადიული ტანჯვისთვის ამწესებს თავის სამფლობელოში – ჯოჯოხეთში, რომელსაც ჯერ აქვე გამოაცდევინებს, რაც უდიდესი სულის ტკივილია. „ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებასა და განადგურებას, მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისაგან, რომლის გამო ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი“ (იერემია, 18:7-8). კარგად უნდა გავიაზროთ და ვისმინოთ ღვთის სიტყვა, შეგვეწიოს უფლის მადლი, რომ დაიცვას თავისი ერი ყველა განსადელისგან და იდიდებოდეს უფლის სახელი საქართველოში უკუნითი უკუნისამდე ამინ.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (433)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას