logo.png

ბერი პიმენი

                                          ჩვენთან არს ღმერთი!

                                   (ჟამი სინანულისა - ნინევიელთა მსგავსად)

 


 

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ სამყაროში თავისი სიტყვა აქვთ ნათქვამი  სასულიერო პირებს. დღეს გთავაზობთ რუმინელი ბერის - ათონის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების კელიის წინამძღვრის, მამა პიმენის წერილს (https://www.facebook.com/OrtodocsiDePretutindeni/videos/516966505679746/?t=14)

 

„დღეს მრავალი ადამიანი  არის შეშინებული იმით, რაც მის გარშემო ხდება. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი მესაჭე უფალია, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა. ხოლო, როგორც წმინდა წერილში წერია, ყოველი ღერი დათვლილია თქვენს თავზე. ამიტომ, მინდა მოგმართოთ - ნუ შეშინდებით, ეს დაშვებულია უფლისაგან თქვენივ სიკეთისათვის.

თუ თქვენთან არს ღმერთი, რიღასი გეშინიათ? იყავით მშვიდნი და აუღელვებელნი.

მიმოიხედეთ - მიმდინარე ვითარება შეგიძლიათ გარდაქმნათ შესანიშნავ გარემოდ. თქვენი უმრავლესობა ახლა ზის სახლში - მშობლებიც და ბავშვებიც. ეცადეთ, ეს დრო კარგად გამოიყენოთ - ახლა ხომ  დრო საკმარისად გაქვთ!

ჰოდა, გამოიყენეთ  მეტი დრო ლოცვისათვის - ლოცვისათვის შინაურ წრეში: დაე, ერთმა წაიკითხოს ლოცვები და დანარჩენებმა უსმინონ!

შეიკრიბეთ ყველანი ერთად დილით და წაიკითხეთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი - საღამოსაც ასევე. შუადღისას კი იბაასეთ - მშობლებო, ესაუბრეთ თქვენს შვილებს. ადრე ამისთვის არ გქონდათ დრო მოუცლელობის გამო. ახლა კი გაგიჩნდათ.

გამორთეთ დროებით ტელევიზორი,  მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებანი და დაელაპარაკეთ ბავშვებს. მოუსმინეთ, რა აქვთ თქვენთვის სათქმელი. გადადეთ გვერდზე საუბრები გრიპზე. მიანდეთ ეს საკითხი უფლის მოწყალებას - ისაუბრეთ რაიმე სასიამოვნოზე, რის თაობაზეც დრო არ გქონდათ, გელაპარაკათ. იმაზე, რაც ოდესღაც გახარებდათ და ახლა მიგავიწყდათ; ეცადეთ, გაარკვიოთ, რის გაკეთება შეგიძლიათ საიმისოდ, რომ ხარობდეთ ერთმანეთით; ნუ იქნებით შეწუხებულნი და ერთმანეთზე დამტერებულნი.

გაიხსენეთ, რამდენი რამით გადავაბიჯეთ ნორმალურობის ზღვარს: აბორტებით,  გარყვნილებით, ლოთობით, ნარკომანიით  - ყველაფერი გავაუკუღმართეთ და დავიყვანეთ ჰომოსექსუალიზმის დონეზე - მთელი სამყარო თავდაყირა გვაქვს დაყენებული. რა არის გასაკვირი იმაში, რომ ღმერთს დაეშვა რამე ჩვენს გამოსაფხიზლებლად! არა აქვს მნიშვნელობა, საიდანმე მოვიდა ეს ვირუსი, თუ ხელოვნურად შეიქმნა - ის უფლის დაშვებით განხორციელდა, რათა სწორად დავეყენებინეთ ფეხზე. იმიტომაც დაუშვა განსაცდელი ჩვენზე.

მოდით, გავიხსენოთ ძველი აღთქმის ისტორია ქალაქ ნინევიის შესახებ. მაშინაც ის ხდებოდა, რაც ახლა ხდება მსოფლიოში -  ათას ბოროტებას სჩადიოდნენ იმ ქალაქში. როდესაც ღმერთმა დაინახა, რომ არ ბეზრდებოდათ ავი საქმეები,  გაუგზავნა მათ იონა წინასწარმეტყველი:

-წადი და ამცნე მათ, რომ  40 დღეღა დარჩათ და შემდეგ ქალაქი ნინევია დაინგრევა! (სწორედ ისე, როგორ სოდომი და გომორა დაინგრა -  აკი ამასვე ეუბნებოდა მათაც).

თავიდან იონას არ სურდა წასვლა, რატომ? იმიტომ, რომ იცოდა - მოწყალეა უფალი. ეტყვის მათ, რომ 40 დღის მერე დაინგრევა ქალაქი, ისინი მოინანიებენ და შეუდგებიან ღმერთს, პატიებას მოითხოვენ; ღმერთი აპატიებს მათ და მისი წინასწარმეტყველება აღმოჩნდება სიცრუე. ბოლოს და ბოლოს იონა უჯერებს ღმერთს, მიდის  და ეუბნება:

-40 დღეღა დაგრჩათ - 40 დღის მერე ნინევია დაინგრევა!

როდესაც ხმა მივიდა მეფემდე, მეფემ თქვა:

-მორჩა. დღევანდელი დღიდან ჩვენ აღარ დავუშვებთ ცოდვას.

მოიხსნა მანტია, გაიძრო სამეფო სამოსი, ჩაიცვა ფლასი,  თავზე ნაცარი დაიყარა და დაიჩოქა მიტევების ლოცვით.

უბრძანა ქვეშევრდომთ:

-მოინანიოს ყველა ადამიანმა, გამოასწორონ თავიანთი ბოროტი საქმეები, იმარხულონ და ილოცონ; არათუ ოდენ ადამიანებმა, დაე პირუტყვებმაც იმარხულონ. უკეთუ  ჩვენ, ადამიანებმა დავამწუხრეთ უფალი, პირუტყვებს არ დაუმწუხრებიათ. იქნებ მათმა შემზარავმა ღმუილმა და წკავწკავმა მოალბოს გული უფლისა, რათა არ მოავლინოს ჩვენს თავს სასჯელი!

და, როდესაც უფალმა დაინახა მათი სინანული - მეფიდან უკანასკნელ ადამიანამდე, თუ როგორ ლოცულობდნენ და ტიროდნენ თავიანთ შეცოდებებზე, შეიწყალა ისინი და აარიდა მათ სასჯელი.

ხედავთ? მან დაუწესა ორმოცი დღე, მაგრამ ისინი მოექცნენ. ღმერთი ხომ მოწყალეა - ღმერთი სიყვარულია! თუ ღმერთი დაინახავს ჩვენს მისკენ მოქცევას, იცით რა მოხდება? მთელი ეს ვირუსი და ყველაფერი განქარდება რადენიმე დღეში. მას მხოლოდ ჩვენი ოდნავი მიდრეკა სურს დაინახოს მისკენ! ხოლო, თუ ის შიშით გაქვავებულებს დაგვინახავს, მაშინ რა უნდა გითხრათ:

სხვა შიშს შევხედოთ - სიკვდილის შიშს! წმინდა ბასილი ბრძანებს: „სიკვდილის ხსოვნა - ეს უდიდესი სიბრძნეა“  - ოღონდ კეთილად ხსოვნა. რას ვაკეთებთ დღეს საიმისოდ, რომ ხვალ პირნათელი წარვდგეთ ღვთის წინაშე; რა დავაშავეთ, რომ მეტად აღარ ვცოდოთ?

შიშით პარალიზებულები ვსხედვართ ტელევიზორების წინ და ვისმენთ: რამდენი კაცი დაინფიცირდა, რამდენი მოკვდა, რა იქნება მერე - ასე, უსასრულოდ. რად გინდათ ეს? გამოთიშეთ, ილოცეთ და  იხარეთ. გახედეთ - ჩიტები ჭიკჭიკებენ, ყვავილები ყვავიან -  ყველაფერი თავისი წესითა და რიგით მიემართება და შენ რამ  მოგადუნა და ჩამოგაღვენთა?

მივემართოთ ღმერთისკენ, ვიხაროთ დღევანდელი დღით, რომელიც უფალმა გვიბოძა!

ღმერთს შეუძლია წაგვართვას ყველაფერი, მაგრამ მას სურს ჩვენი მხრიდან დაინახოს ერთი ნაბიჯი, ერთი წვეთი - სულ ოდნავ იმის მადასტურებელი, რომ ჩვენ გამოვსწორდით.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ გვყავს ღვთისმშობელი - ჩვენი მაკავშირებელი ზეცასთან. ყოველი მადლი ჩვენზე გადმოდის ღვთის დედის მეოხებით. წავუკითხოთ  დედა ღვთისმშობელს ყოველდღე დაუჯდომელი - ნახავთ, რა დახმარებას მიიღებთ! ის ჩვენი დედაა. მან ყველაფერი იცის, მას დედის გული აქვს და უწყის, რა არის ტკივილი, რა არის მწუხარება - ის ყოველთვის ჩვენთან არის, ჩვენს გვერდითაა.

გადაეცით ყველა დამწუხრებულს, შეშინებულს და სასოწარკვეთილს - ნუ ჩაუქინდრიათ თავი!

რისა უნდა გვეშინოდეს, თუ ჩვენთან არს ღმერთი და გვყავს ღვთისმშობელი - ჩვენი შუამდგომელი და მეოხი!

ნანახია: (1905)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას