და მაინც, რითი განსხვავდება ჭეშმარიტი ქრისტიანობა ოფიციალურისგან, თანამედროვე პაპების და პატრიარქების მიერ აშენებული მეინსტრიმული ორგანიზაციებისგან? - რითი და, ამაქვეყნის ძლიერებთან შეხმატკბილებული რელიგიური სისტემები ''დევნისაგან და შევიწროებისაგან თავის გადარჩენის'' იდეალებზეა აშენებული, რომელიც კონფორმისტი ქურუმების და მათი ადეპტების(თანამედროვე პატრიარქების) მიერაა დამტკიცებული მათი რწმენის საფუძვლად. ეს კი უკვე, არა ჯვარცმული ქრისტეს, არამედ ამ სოფელში პრივილეგირებულისა და კეთილდღეობაში მყოფის ქადაგებაა. ''ლეგალურად'' გაფუფუნებულისა, რომელიც არა დანგრეულ, მიტოვებულ და დაკეტილ ეკლესიებში, არამედ ოქროს გუმბათიან, მდიდრულად მორთულ გიგანტურ ''პირამიდებში'' იმყოფება. ეს კი უბრალოდ ის, ნამდვილი ქრისტე არ არის, არც სახარებაა მისი. ამის მიღება და გაგება ცხადია ძალიან ძნელია, მაგრამ სწორედ ესაა ის მთავარი და მტკივნეული წერტილი, მგრძნობიარე ნერვი ქრისტიანობისა, რომლის გარეშეც, პავლე მოციქულის სიტყვით, ქრისტიანობის ქადაგებას სისულელედ და საცთურად აღიქვამს ეს სოფელი. სერგიანელობა(რელიგიური კონფორმიზმი) არის მეთოდი, ხერხი ამ უმთავრესი ღერძისა და ნერვისაგან თავის დაღწევისა, გასხლტომისა. მანევრისა, რომლის შემდეგაც საკუთარ თავს დაარწმუნებ, რომ თითქოს ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი შენარჩუნებულია თავისი ჩინმენდლებით და ტიტულებით, სინამდვილეში კი სრული ფიქცია და სიყალბეა.
ჩვენი ღმერთი, ჯვარცმული ღმერთია და სწორედ ისაა ''გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება''(ინ.14,6). პრინციპში ჯვარცმა არის კიდევაც ქრისტიანობა და ჯვარცმის გარეშე ის უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად რელიგიური ლიდერები უკვე ათწლეულებია, საკუთარ ადეპტებთან ერთად, ქრისტიანობაში წარმოადგენენ უბრალოდ - ნულს და სხვა არაფერს. ნულს, ნულოვან ხარისხში.
ჩვენი ღმერთი ჯერ კიდევ გეთსიმანიაში ირჩევს ნებაყოფლობით ჯვარცმას, ''და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ გარდამომავალი ქუეყანასა ზედა''(ლკ.22,44). ამის შემდეგ კი ჯვარზე ადის ნებსით, მანამდე კი ცემას, დაცინვას, ნერწყვასა და მრავალ შეურაცხყოფას დაითმენს. ის ჯვარზე მიიღებს ჩვენი გამოხსნისთვის სიკვდილს, რის შემდეგაც აღდგება მკვდრეთით და ამაღლდება ზეცად ახალი სხეულით. ეს ამაღლებული სხეული ჩვენი სხეულია, თუკი მისი ეკლესიის ორგანული წევრები ვართ ჩვენ შევადგენთ მის სხეულს. რას ვეზიარებით ევქარისტიის საიდუმლოში? სწორედ იმ სხეულს,რომელიც ამაღლდა ზეცად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და ის ერთნი ვართ. ჩვენი სისხლი და ხორცი, მისი სისხლი და ხორცია იმავდროულად. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ცხოვრების გზა - მისი გზაა! მისი გზა კი გოლგოთის გზაა, ჯვარცმაა. და ამ გზას ვირჩევთ ჩვენ ნებსით, ყოველ კვირა დღეს, როდესაც ვეზიარებით. ეს, პროტესტანტები ეზიარებიან სიმბოლურად, ჩვენ კი სრულიად რეალურად, ქმედითად და არანომინალურად. მისი სისხლისა და ხორცის მიღებით სავსებით რეალურად შეუერთდებით მას, შევდივართ მის ცხოვრებაში საკუთარი ჯვრის მეშვეობით, რომელიც მისი ჯვრის სიახლოვეს უნდა მივიტანოთ და დავრგოთ, რათა საკუთარი ჯვრიდან ვჭვრეტდეთ მის მაცხოვნებელ ჯვარს. ეს სრულიადაც არ არის რაღაცა მოდური ''სულიერობანას'' თამაში, ეს სავსებით რეალური ჯვარცმაა, როგორც პავლე მოციქული მოგვიწოდებს: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისათვის სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცმულ არს და მე - სოფლისა" (გალ.6, 14). და თუკი, ჩვენც მხოლოდ სიმბოლურად ვეზიარებით, ანდა ზიარებისას ერთგვარი ''მაგიური პური'' გვსურს მივიღოთ, რომელიც ავტომატურად აღგვამაღლებს ზეცად, პირადი ჯვარცმის ანუ სარწმუნოებრივი სიწმინდის, ასკეტური ღვაწლისა და მისტიური გამოცდილების გარეშე, ამგვარი მაგია და ფოკუსები ქრისტიანობაში არ არსებობს, რაღაცა მსგავსს მხოლოდ მეინსტრიმულ რელიგიურ კონფორმიზმში პირდებიან ადამიანებს და ცხადია ატყუებენ.
გელასი აროშვილი
ნანახია: (304)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას