აღსარების საიდუმლო თავად უფალის მიერაა დადგენილი, მისი აღსრულების ძალმოსილება მოციქულებს მიმადლა მაცხოვარმა. შემდეგში კი მოციქულთა მიერ ხელდასხმით, მათ მემკვიდრე ეპისკოპოსებსა და მღვდლებს მიენიჭათ აღსარების საიდუმლოს აღსრულება. აღდგომის შემდეგ მაცხოვარი გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: ,,მიიღეთ სულიწმიდა”; ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც შეკრავთ, შეკრულები იქნებიან” , - ვკითხულობთ წმინდა მოციქულ იოანეს სახარებაში. მაცხოვარმა ჯერ კიდევ აღდგომამდე, ქადაგებისას აღუთქვა ეს ხელმწიფება მოციქულებს. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: ,,ამინ გეუბნებით თქვენ: რამდენსაც შეკრავთ ქვეყანაზე, შეკრული იქნება ცაში და რამდენსაც გახსნით ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში”. მოციქულთა მიერ აღსარების, იმავე სინანულის საიდუმლოს აღსრულების შესახებ საქმე მოციქულთაში ვკითხულობთ: ,,და მრავალი მორწმუნეთაგანი მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს”. მოციქულები მოუწოდებენ სინანულისკენ მორწმუნეებს და შეაგონებენ, რათა აღიარონ საკუთარი ცოდვები.
იოანე ღვთისმეტყველი თავის პირველ ეპოისტოლეში წერს: ,, თუ ვიტყვით, რომ არა გვაქვს ცოდვა, ჩვენ თავს ვაცდუნებთ, და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სარწმუნოა და მართალი, რათა მოგვიტევოს ცოდვები და ყოველგვარი უსამართლობისგან გაგვწმინდოს ჩვენ”.
მღვდელმსახური ღვთისგან ფლობს ხელმწიფებას, უფლის სახელით შეუნდოს ცოდვები, ის მხოლოდ ხილული იარაღია ამ საიდუმლოს აღსასრულებლად, რომელსაც უხილავად თავად ღმერთი აღასრულებს. არ არსებობს მიუტევებელი ცოდვა, თუკი ადამიანები გულწრფელად შეინანებენ. მადლის უხილავი მოქმედება განწმენდს ადამიანს ცოდვის სიმძიმისგან, კურნავს უკეთურებით მიყენებული წყლულებისაგან. ცოდვა დაცემაა, აღსარება ეხმარება მას წამოდგომასა და სწორ გზაზე დადგომაში. ქრისტიანს ნათლობისას ყველა ცოდვა მიეტვება, მაგრამ ადამიანი ცოდვისკენ მიდრეკილების გამო ისევ სცოდავს, რაც მას უფლისგან აშორებს და ღვთის მადლის მიღების შესაძლებლობას ართმევს. წმიდა მამები სინანულს მეორედ ნათლობას, ცრემლით ნათლობასაც უწოდებენ, რითაც მიუთითებენ მის განმწმენდელ, ამაღორძინებელ და განმაახლებელ თვისებაზე.
,,სინანული არის ნათლისღების განახლება. სინანული არის ღმერთის წინაშე აღთქმა ცხოვრების გამოსწორების შესახებ...სინანული არის ღმერთთან შერიგება იმ კეთილი საქმეების აღსრულების გზით, რომლებიც წინანდელი ცოდვების საპირისპიროა. სინანული არის სინდისის განწმენდა” - ამბობს იოანე კლემაქსი. ვინც იშვითად ამბობს აღსარებას ან საერთოდ არ ამბობს, როგორც წესი, სრულებითაც არ გრძნობს თავს ცოდვილად. ხშირად ვისმენთ ამგვარ სიტყვებს: -
- არ ვიცი რა ვთქვა აღსარებაში,
- ჩემზე უარესებიც არიან,
- ვცხოვრობ როგორც ყველა სხვა ადამიანი,
ვინ არის უცოდველი ჩვენს დროში?!
ის, ვინც ხშირად ამბობს აღსარებას, ყოველთვის პოულობს თავის თავში ნაკლოვანებას და მათ გამოსწორებას ცდილობს. მტვერი და სიბინძურე მხოლოდ იქ ჩანს, სადაც სინათლეა და არა ბნელ ოთახში. ადამიანი რაც უფრო უხლოვდება უფალს , ნათელს, იმდენად აშკარად ხედავს საკუთარ ცოდვებს. სინათლესთან მიახლოებისას ჩვენს უკან ჩნდება ჩრდილი და რაც უფრო მივუახლოვდებით სინათლეს, მით უფრო დიდდება იგი და აშკარად ვხედავთ ჩვენს უკან ჩვენსავე ჩრდილს. ამის მსგავისია საკუთარ ცოდვათა აღქმა უფალთან სიახლოვისას. აღსარება მიემართება ღმერთს, მღვდელი მოწმეა აღსარებისა და შენდობის მთხოვნელი, მღაღადებელი ღვთის წინაშე, ხოლო შენდობის აღმსრულებელი, მიმტევებელი თავად უფალია. როდესაც უფალმა დაადგინა აღსარების საიდუმლო, მან თავად განსაზღვრა ისიც, რომ ადამიანი აღსარებას ამბობდეს ადამიანის წინაშე. ღვთის ბევრს არ ცხვენია, რადგან მას ვერ ხედავენ, ადამიანის წინაშე აღიარება კი რცხვენიათ და უჭირთ, მაგრამ ეს არის მაცხოვნებელი სირცხვილი, რომელიც ცოდვის დაძლევაში გვეხმარება. გარდა ამისა, მღვდელი არის სულიერი მოძღვარი, რომელიც გვეხმარება სწორი გზის ჩვენებაში ცოდვის დაძლევისას. აღსარება არ შემოიფარგლება მხოლოდ ცოდვის აღიარებით, ის მღვდლისგან რჩევა-დარიგებასაც გულისხმობს. მოძღვარი თითოეულ აღმსარებელს ცალკე ესუბრება. აღსარების დამთვარების შემდეგ მღვდელი ოლარს აფარებს თავზე აღმსარებელს და შენდობის ლოცვას წარმოთქვამს. ზოგიერთ შემთხვევაში ეპიტემიას, ანუ სასჯელს ან ზნეობრივი სახის განწესებას უდგენს. აღსარების წინ მოძღვარი აფრთხილებს აღმსარებელს, რომ აღიარება სრული უნდა იყოს; იმ შემთხვევაში, თუ მონანული სირცხვილის ან სხვა მიზეზით ცოდვებს მალავს, საიდუმლო უქმად ითვლება. წმიდა წერილი შეგვახსენებს იმ შემთხვევებს თუ პირობებს, რომელთა დროსაც ცოდვათა მიტევება არ ხდება. საღვთო წერილი გვეუბნება, რომ ღმერთის გმობა არ მიეტევება ადამიანს არც ამ საუკუნეში და არც მომავალში. მაგრამ თუკი შეინანებენ და ღვთის გმობას განიდგებიან, მათაც მიეტვებათ ეს უმძიმესი ცოდვა. წმიდა იოანე ოქროპირი ღვთის გმობელებზე ამბობს: ,,უკეთუ შეინანებენ ეს ცოდვაც მიეტევებათ მონანულთ. ღვთის მგმობელთაგან შემდგომში, მიეტევათ ყველას, ვინც იწამა მაცხოვარი. შესცოდე?! შედი ეკლესიაში, მოინანიე შენი ცოდვა, აქ არავინ განიკითხება, არამედ თითოეულს მიეტევება ცოდვები”.
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
(ფოტოზე: წმიდა იოანე ნათლისმცემელი, საბურთალოს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი)
ნანახია: (1296)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას