მეექვსე ნეტარება: ,,ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ”
კაცი სახეს ხედავს, ხოლო უფალი - გულს
ღმერთი ჩვენგან, ქრისტიანთაგან, არა მარტო იმას მოითხოვს, რომ საქმით ვიყოთ წმიდა, არამედ გულიც წმინდა გვქონდეს. რადგან კეთილი საქმე კეთილი გულით, კეთილი განზრახვით კეთდება, ყოველი სათნოება უფალთან გვაახლოვებს, მაგრამ უმაღლესი ნეტარება იმაში მდგომარეობს, რომ ვუმზერდეთ ღმერთს და ჩვენი გული სულიწმიდის სამკვიდრებლად გადავაქციოთ. როგორც მაცხოვარმა გვასწავლა: ,,მოვედეთ მისსა, და მისთანა დავადგრეთ“. ამისათვის საჭიროა გული გავიწმიდოთ ვნებათაგან. ნეტარი თეოფილაქტეს განმარტებით, სარკე მხოლოდ მაშინ გვაძლევს ზუსტ გამოსახულებას, როცა იგი სუფთაა, ამის მსგავსად, ზოგჯერ ადამიანს აქვს მოწყალების სათნოება, მაგრამ თვითონ არაწმიდად ცხოვრობს და ამიტომაც ვერ ჭვრეტს ღმერთს. ვისაც წმიდა გული აქვს, მაცხოვარი მათ ღვთის ხილვას აღუთქვამს, რადგან ღმერთი უწმიდესი არსებაა და მისი ხილვა მხოლოდ წმიდა გულის მქონე ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი, ღმერთი არის ნათელი ბრწყინვალე; ამიტომ მას უწმიდური აზრებით დაბნელებული გულის მქონე ადამიანი ვერ მიეახლება. გულთამხილველი ამბობს, ,,გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი, კაცის კვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის წამებანი, გმობანი. ესენი არიან, რომელი შეაგინებენ კაცსა“. შენ შეიძლება არ მოგიკლავს კაცი, მაგრამ გულში მისი დაღუპვა გისურვებია: იცოდე რომ ამ ბოროტ ფიქრსაც მკვლელობას უწოდებს უფალი. იგივენაირდ აღიქმება ყოველი ცოდვა ღვთის წინაშე, რომელსაც ადამიანი გულში გაივლებს. კაცი სახეს ხედავს, ხოლო უფალი გულს, ადამიანი მხოლოდ საქმეებს განსჯის, ღმერთი კი შინაგან გულისთქმებსაც.
შესაძლებელია კი, რომ კაცმა სრულიად განიწმიდოს სული? ,,შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“, ,,ყოველივე შესაძლებელი არს მორწმუნისა“, ამიტომ ამბობს წმიდა მეფე დავით მეფსალმუნე: ,,გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი გამიახლე გვამსა ჩემსა“.
მართალია, ძალზედ დიდი შრომა და გმირობა მოუწევს მას, ვინც ისურვებს საკუთარი გულის განწმედას, მაგრამ ამისთვის ჯილდოც დიდია - ,,რამეთუ მათ ღმერთი იხილონ”. იმ ადამიანს, ვინც გული განიწმინდა, აქვე, დედამიწაზე, საკუთარ გულში შეუძლია ღვთის ჭვრეტა, ანუ განცდა უხილავი ღმერთის მადლიანი სიახლოვისა; ის ხილული თვალითაც კი შეამჩნევს ღვთის გამოცხადების ზოგიერთ ნიშანს. ისე, როგორც სამოთხეში მყოფ ადამს, რომელსაც გული წმიდა ჰქონდა, ღმერთი ეცხადებოდა და ესაუბრებოდა მას. ღმერთი გამოეცხადა აბრაამსაც სამი მოგზაურის სახით, ასევე მოსეს -მაყვლოვანში. ყველა ეს გამოცხადება მხოლოდ აჩრდილია იმისა, რასაც მართალნი ცათა სასუფეველში იხილავენ: მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში ამბობს: ,,რამეთუ ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ - პირსა პირისპირ“. თუ როგორი დიდებულია ეს ნეტარება, შეიძლება განვსაჯოთ იმის მიხედვით, რაც მოციქულებმა თაბორის მთაზე განიცადეს: ,,კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფა“, ამბობდა მოციქული პეტრე . მაგრამ როგორ უნდა მოვიპოვოთ იგი? როგორ განვიწმიდოთ გული ვნებებისაგან?-ღმერთმა ამისთვის დაადგინა საიდუმლო მსახურებები: ნათლობა, აღსარება, ზიარება. ვისარგებლოთ ამ მხსნელი საშუალებებით, და თავადაც გავისარჯოთ: შევასრულოთ ღვთის მცნებები, კეთილკრძალულებით ვიკითხოთ ღვთის სიტყვა, მოვითმინოთ მწუხარებანი, რომელსაც ღმერთი გამოგვიგზავნის, ყველაფერი მივიღოთ ღვთისადმი მადლიერებით, როგორც სამკურნალო მალამო ცოდვისმიერი ჭრილობებისთვის, ვიშრომოთ და გახსოვდეს: ,,სასუფეველი ცათა იიძულების“, როგორც ღირსი ისააკ ასური ამბობს, ,, უფალი მოვა შენთან, მხოლოდ მაშინ, როცა შენს გულში მისთვის იქნება სუფთა და შეუბღალავი ადგილი.
(ფოტოზე - ნიკორწმინდის ტაძარი, რაჭა)
მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
ნანახია: (367)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას