logo.png

მეოთხე ნეტარების განმარტება
 

შეიძლება იყოს text გამოსახულება

(ფოტოზე - ჯრუჭის ოთხთავის მინიტურა, დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში)

ცხონების მიღწევას აქ, ამქვეყნად იწყებს ადამიანი, ღვთიური სიმართლით კი იმქვეყნად გაძღება და ნეტარი იქნება ცათა სასუფეველში

,,ნეტარ-იყვნენ რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღნენ.”

რატომ არ თქვა უფალმა: ნეტარ იყვნენ, რომელთაც უყვართ სიმართლე, არამედ თქვა: ნეტარ-იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის? ნეტარს მხოლოდ ისეთ ადამიანს უწოდებს უფალი, რომელსაც სიმართლე უყვარს. როგორც მშიერ-მწყურვალს ურჩევნია ერთი ლუკმა პური ოქროსა და ბრილლიანტს, ასე უნდა უყვარდეს ადამიანს სიმართლე. სრული სიმართლე კი საღვთო სიმართლეა, რომლის სიყვარული უფლის მცნებებით ცხოვრებას გულისხმობს .
უფალმა არ უთქვამს უბრალოდ: ვინც ეძებს სიმართლეს, არამედ ვინც ღვთიურ სიმართლეს მოკლებული შიმშილსა და წყურვილს განიცდის და ეს სიმართლე მისთვის საციცოცხლოდ აუცილებელიაო. ღვთის მცნებაა ის საზრდო, რაც მის სულს სწადია. სწორედ ამ საზრდოზე ამბობს უფალი: ,, ჩემი ჭამადი არს, რათა ვყო ნება მომავლინებელისა ჩემისა და აღვასრულო საქმე მისი “. ეს სიმართლე შეიძლება შეიცნოს კაცმა მხოლოდ ღვთის სიტყვიდან, ამიტომაა ღვთის სიტყვა უხრწნელი საზრდო სულისა, როგორც ამბობს უფალი: ,, არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელიც გამოვალს პირისაგან ღმრთისა“. ღვთის მცებათა შესასრულებლად არ კმარა მხოლოდ მცნებათა ცოდნა. საჭიროა გვქონდეს სულიერი ძალა მის შესასრულებლად. ეს ღვთის მადლია, რომელიც კაცს ეკლესიის საიდუმლოთა მეშვეობით ეძლევა. ამიტომ ნეტარ არიან მშიერნი და მწყურვალნი იმ პურისა და სასმელისა, რომელზედაც ქრისტე ამბობს: ,,მე ვარ პური ცხოვრებისა... ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს“. ,,მიიღეთ და სჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი...ჰსუთ ამისაგან...ესე არს სისხლი ჩემი“. ეს ზეციური პური ჭეშმარიტად ამტკიცებს კაცის გულს და ანიჭებს უნარს მცნებათა შესასრულებლად. მაგრამ ადამიანი, მაინც უძლურია. მას ყოველი დადგენილი კიდეც რომ შეესრულებინა, ეს იქნებოდა მხოლოდ მოვალეობის მოხდა, და არა დამსახურება, ამიტომ მას მთელი იმედი ღვთის სამსჯავროზე გამართლებისა, დამყარებული უნდა ჰქონდეს მაცხოვარზე, რომელსაც ადამიანი ურთდება მის ყოვლადწმიდა და ცხოველმყოფელ საიდუმლოებებთან ზიარებით.
რას აღუთქვამს მაცხოვარი მათ, რომელთაც შიათ და სწყურიათ სიმართლისათვის? აღუთქვამს, რომ ისინი განძღებიან. ეს აღთქმა მათთვის ყველა სასყიდელზე უმჯობესია. რამდენადაც დამშეული ადამიანისთვის ბედნიერების და შვების მომტანია გაძღომა საჭმლით, რადგან შიმშილს სიკვდილის შიშიც სდევს თან და ამ შიშისგან თავისუფლდება ადამიანი. ასევე ვისაც შია სიმართლისათვის, უდიდესი ბედნიერებით აღივსება, როდესაც ის იხილავს სრულ სიმართლესა და სიცოცხლეს დაუსრულებლად, როდესაც ნახავს, რომ ბოროტება და უსამართლობა დასძლია ღვთის სამართლიანობამ .
სიმართლისათვის მშიერნი და მწყურვალნი ამქვეყნად სრულად ვერ განძღებიან, ეს მათ ღმრთის სასუფევლის დამკვიდრების შემდეგ მიეცემათ. მხოლოდ იქ იხილავენ სრულ ჭეშმარიტებას. როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი, ,,განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა“. რადგან ამდენად ძვირფასია ღვთის წინაშე სიმართლე, უნდა შევიყვაროთ ის. ვისაც საკუთარ თავზე გამოუცდია, როგორ სჭირდება კაცს ღვთისგან წყალობა, იგი ყოველთვის მზადაა სხვების დასახმარებლად. ვისაც შია და სწყურია სიმართლე, იგი თავადვე შეეცდება მართლად იმოქმედოს, შეეწიოს მოყვასს, სამართლიანი იყოს ყველასთან მიმართებით. ცხონების მიღწევას აქ, ამქვეყნად იწყებს ადამიანი, ღვთიური სიმართლით კი იმქვეყნად გაძღება და ნეტარი იქნება ცათა სასუფეველში.

მეოთხე ნეტარების განმარტება მამათა სწავლების მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

 

ნანახია: (463)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას