(ფოტოზე - წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი, სვანეთის მუზეუმი)
,, ღატაკი შენი კარია, შენ თავად კი ღვთის წინაშე მდგომი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, შენც ისევე მოგექცევა ღმერთი“
,,ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მოყვასისათვის დახმარების გაწევა არ შეეძლოს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც მოწყალე ღვთის მიერ აღთქმული ნეტარების მოპოვება არ შეეძლოს. ვინც მოწყალეა, უფალიც მას წყალობს, ვისაც ებრალება თავისი მოყვასი, მას უფალიც შეიბრალებს, ნეტარნი არიან ის ადამიანები, მოყვასს რომ უწევენ როგორც სულიერ, ისე ხორციელ დახმარებას, ქრისტიანისთვის მოყვასი ის ადამინია, ვისაც შენი დახმარება სჭირდება. ნეტარნი იქნებიან, რომელნიც მშიერთ აპურებენ, მწყურვალთ ასმევენ, სნეულებსა და საპატიმროებში მყოფთ ნახულობენ, ნუგეშს სცემენ , ნეტარნი იქნებიან, რომლებიც ობლებს გამოკვებავენ, ქვრივებს დაეხმარებიან, მოხუცებსა და დავრდომილებს უპატრონებენ, ნეტარნი არიან , რომლებიც გზააბნეულთ ჭეშმარიტ გზაზე დააყენებენ, ურწმუნოებს რწმენაზე მოაქცევენ, სიკეთეს მოკლებულთ ასწავლიან სიკეთეს და განსაცდელს აარიდებენ, კეთილი რჩევის მიცემა შეუძლიათ, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობენ. ნეტარნი არიან, რომლებიც გულით თანაუგრძნობენ უბედურებაში მყოფთ, იმათ, ვინც ცოდვებით არიან დამძიმებულნი, ნეტარნი არიან მოყვასისასთვის მლოცველნი, განსაკუთრებით კი მტრებისთვის მავედრებელნი. ნეტარ არიან ისინი, რომლებიც უყურადღებოდ არ ტოვებენ მიცვალებულებს. ღატაკებს ქრისტიანულად კრძალავენ, მოწყალებას გასცემენ მიცვალებულთა სახელზე, მათ სულებს იხსენიებენ წირვა- ლოცვაში: ეს მოწყალება არის ყველაზე უანგარო, ყველაზე სუფთა, და ყველაზე წმიდა, არავის არასდროს ისე არ სჭირდება მოწყალება , როგორც მიცვალებულთა სულებს. ტაძრებში ხშირად გვესმის სახარების სიტყვები მაცხოვრის მეორედ მოსვლის შესახებ, როდესაც მოხდება თითოეული კაცის განსჯა, და ეტყვის უფალი ცხონების ღირსთ: ,,მოვედით,კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასუფეველი დასაბამიდან სოფლისა: მშიოდა მე და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მომეცით სასმელი, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ მე, საპყრობილესა შინა ვიყავ და მომინახულეთ მე“. აი ძმაო,რა დიდი სათნოება არის მოწყალება, მოწყალე კაცი თავის სულს აცხოვნებს ,მოწყალებას ადამიანი ადამიანს კი არ აძლევს, არამედ თვით იესო ქრისტეს, ამის შესაბამისად, უმოწყალო ადამიანი თვით მაცხოვარს უარყოფს. აი ასეთია ცხონების, შეწყალების გზა. დაეშურე გაუკეთო მოყვასს სიკეთე, როგორც შეგიძლია, თუნდაც მცირეოდენი, ღმერთი კი ამისთვის მოგაგებს დიდ წყალობას.
ნეტარი ავგუსტინე ამბობს: ,, ღატაკი შენი კარია, შენ თავად კი ღვთის წინაშე მდგომი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, შენც ისევე მოგექცევა ღმერთი“... ამიტომ ამბობს უფალი: ,, ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ . ვინც გუშინ მოწყალებას გასცემდა, დღეს კი თვითონ ჩავარდა გასაჭირში, მას ხალხიც ხალისით ეხმარება; და ადამიანებსაც რომ დაევიწყებინათ, უფალი მის სიკეთეს მაინც არ დაივიწყებს: ღვთიური და ადამიანური შეწყალება, როგორც ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, ისევე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც სიკეთე და ბოროტება. თვით უფალი დაიცავს და შეიწყალებს ასეთებს ჭირსა და უბედურებაში, არ ჩააგდებს მას მტრის ხელში, ,,დღესა ბოროტსა იხსნას იგი“. უფალი საშინელ სამსჯავროზე მოყვასისათვის გაწეულ ყოველგვარ სამოწყალო საქმეებს თავისად მიიღებს და ამიტომ მათ, როგორც კურთხეულებს, ისე მოუწოდებს ზეციური მამის სამეფოში. ვიყოთ მოწყალენი, რათა ჩვენც შეგვიწყალოს უფალმა.
მეხუთე ნეტარების განმარტება წმინდა მამათა მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
ნანახია: (538)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას