ამბობენ ხოლმე, რომ ედემის ბაღში დაცემისას პირველად დაარღვია ადამიანმა მარხვა და ხშირად ჰგონიათ, რომ ამ მარხვის დარღვევა აკრძალული საჭმლის ჭამა იყო მხოლოდ. დაკვირვებით, რომ წავიკითხოთ ეს ადგილი (დაბ. 3,1-6), ნათელია, რა მოხდა სინამდვილეში და რაში მდგომარეობდა მათი შეცოდება. როცა ეშმაკმა ურჩია ადამიანს აკრძალული ხის ნაყოფის ჭამა, შეხედა ამ ნაყოფს ადამიანმა და დაინახა, რომ ა) კარგი და გემრიელი იყო საჭმელად ანუ ადამიანს გაუჩნდა სურვილი ხორცისა, ბ) მშვენიერი იყო ეს ნაყოფი სანახავად ანუ მოიხიბლა და ესიამოვნა თვალით და გ) არსებობის სიამაყეს ემსახურებოდა ანუ ეს ნაყოფი ილუზიას იწვევდა, რომ თუ შეჭამდნენ, ღმერთს გაუტოლდებოდნენ, ღმერთივით იქნებოდნენ ანუ დაიჯერეს, რომ რაიმე მატერიალურის ჭამით შეიძლებოდა უკეთესნი და სრულყოფილნი გამხდარიყვნენ. აი, ამ სამმა საცდურმა დასცა ისინი. სწორედ ამ სამი საცდურის წინააღმდეგ არის მარხვა. იოანე მოციქული ამბობს: “ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.” (1 ინ. 2,16) სწორედ ეშმაკის ეს სამი საცდური დაამარცხა ქრისტემ უდაბნოში 40-დღიანი მარხვის შემდეგ. ჩვენს მარხვაშიც ესაა მთავარი: 1) უარს ვეუბნებით ხორცის სურვილებს და სიამოვნებას, 2) უარს ვეუბნებით თვალის სურვილებს, სანახაობას, გართობას, გარეგნულს და ვუღრმავდებით სულს და შინაგანს და 3) უარს ვეუბნებით არსებობის სიამაყეს. ვგმობთ ილუზიას, რომ რაიმე მატერიალურს შეუძლია ღმერთამდე ან სრულყოფილებამდე აგვიყვანოს. ასეთი მარხვა კარგია, ასეთი მარხვა საჭიროა და სათნოა ღმრთისათვის. გვახსოვდეს, რომ 40-დღიანი მარხვის შემდეგ, როცა მოშივდა და დაიქანცა, სწორედ მაშინ დაამარცხა ქრისტემ ეშმაკის შემოტევა. მარხვა ამარცხებს ბოროტის შემოტევას.
დეკანოზი თამაზ ლომიძე
ნანახია: (366)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას