logo.png

ბექა ჭიჭინაძე

დიდი მოფრთხილებით და დაზოგვით მითხრა, დარჩი შვილო, მოისვენეო.

საიდუმლო სერობის ღამეს იოანე ღვთისმეტყველი იესოს გულზე მიეყრდნო, მიეხუტა, დავით კათალიკოსი (1470-წ.) ამაზე ასე, ლამაზად წერს:

,,იოვანე ღმრთისმეთქუი, რომელმან მკერდსა სამეუფოსა მიყრდნობით აღმოიწრიდნა წყარონი ღმრთისმეტყუელებისანი"

ღვთისმეტყველის რა ლამაზი ფორმაა ,,ღმრთისმეთქვი", ეს სახარებისეული ამბავი მშვენიერი ხატია დაღლილი გონების ქრისტეში მოსვენებისა, მისი გული ჩვენი მისაყრდნობელია, დასაყრდენი არა, მიწას ვერ ჩაგვინაცვლებს ვერაფერი, მაგრამ მიწაზე მდგართ შეგვიძლია მივეყრდნოთ საუფლო მკერდს, როგორც იოანე ღმრთისმეთქვი და განსვენება ვპოვოთ, აღთქმული დასვენება:

,,მოდით ჩემთან დაღლილებო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ".

ყურადსაღებია, რომ ბიბლიის ღმერთი ადამიანებისგან უმკაცრესად მოითხოვს კვირის ბოლო დღეს უქმეობას, მოსვენებას, ეს მეზობელ ხალხებს და განსაკუთრებით რომაელებს, მოგვიანებით, ძალიან უკვირდათ, კიდევ უფრო საინტერესოა, რომ იგივე ღმერთი ითხოვს ადამიანებმა დაისვენონ არამხოლოდ შაბათებს, არამედ მუშაობის დროსაც, შუალედებში:

,,...ხვნისას და მკისას შეისვენე (გამოსვლა, 34, 21).

რატომ, რისთვის ?

,,რადგან ყოველი არსებული გიყვარს... ყველაფერს უფრთხილდები, რადგან ყველაფერი შენია, სულისმოყვარეო უფალო. (სიბრძნე სოლომონისა, 11-24:26).

თანამედროვეობის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ბიბლიის ღმერთს, ჭეშმარიტებას, შემოქმედს სამყაროსთან აქვს კერძომესაკუთრული დამოკიდებულება, კერძო საკუთრებას კოლექტიური საკუთრებისგან ის გამოარჩევს, რომ კერძო მესაკუთრე თავის საკუთრებას ყოველთვის უვლის და უფრთხილდება, რადგანაც მისია, ხოლო კოლექტიური საკუთრება ყოველთვის გავერანებულია, რადგანაც ყველას საკუთრება საბოლოოდ არავის საკუთრებაა, აქედანვე ქართული სიტყვა ,,უპატრონო".

შემოქმედი ღმერთის ნაზი სიყვარული თავისი ქმნილებისადმი მჟღავნდება კატეგორიულ მოთხოვნებში და კანონებში მოსვენების აუცილებლობის შესახებ, რადგანაც კაცი კაცისთვის მხეცია, ექსპლუატორი და სულის ამომხდელი.

ვისაც უფლის სული წასცხებია, არ ეშლება ადამიანის მოსვენების აუცილებლობა, ამ ყველაფერზე ფიქრისას თავში პირველი მიტივტივდება სენაკის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის ერთი ღირსეული და საფუძვლიანად განათლებული მოძღვარი, თავისი შიზოიდი კოლეგებისგან განსხვავებით, ტაძარში დიდი სკამებიც მოათავსა რომ ხალხს სულის მოთქმა შესძლებოდა, ეს სკამები ალბათ უფრო ასაკოვანი ხალხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ერთ დღეს მეც მოვიკალათე, და ჩამთვლიმა, ცოტა ხანში, ამ ახმახი მოძღვრის რიხიანმა ღაღადისმა გამომაღვიძა, სწორედ ჩემს გვერდით პარაკლისის აღვლენა დაუწყია მიცვალებულისთვის, შეფეთებული წამოვვარდი და ამ დროს დაბალი ხმით, დიდი მოფრთხილებით და დაზოგვით მითხრა, დარჩი შვილო, მოისვენეო.

მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე

ნანახია: (271)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას