(ფოტოზე: ლენჯერის ტაძრის ფრესკული გამოსახულებები, სვანეთი)
„ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად“ (იოანე 5, 24).
ქრისტეს განკაცებით ღვთისგან ადამისთვის დადებული აღთქმა განხორციელდა, სამოთხისეული მდგომარეობა აღუდგინა უფალმა ადამიანს ქრისტეში, მას მიეცა ცათა სასუფეველში დაბრუნების საშუალება. ვინც შეისმენს მის სიტყვას და მიიღებს მას, მათთვის სამოთხის კარი ღიაა. ადამიანი სიკვდილიდან, ცოდვაში მყოფობიდან სიცოცხლეში, მარადიულ ნეტარებაში იბადება.
ადამის სამოთხეში დაცემისა და სამოთხიდან განგდების შემდეგ, ადამიანი სიკვდილს დაექვემდებარა. დაცემის შემდეგ, სამოთხეშივე, ადამს აღარ შეეძლო უფალთან ურთიერთობა, გაურბოდა მას, ემალებოდა, სინანული არ ჰქონდა ღვთის წინაშე. სამოთხეში კი იყო, მაგრამ უკვე ტანჯვას განიცდიდა... ამიტომ ადამი მარადიულად ტანჯვაში რომ არ ყოფილიყო, ღვთისკენ სინანულით გაეხედა, სამოთხიდან განიდევნა. შემდეგ მას სულისა და ხორცის გაყრა დაუდგინა უფალმა, რომელსაც ყველა ადამიანი ექვემდებარება. რადგან ცოდვის შედეგი სწორედ ეს არის – სულით უფლისგან დაშორება, სულიერი კვდომა და თავის ბუნებრივ მდგომარეობას მოკლება, სულისა და ხორცის განყრა. „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე“ (დაბადება 3, 19). ამის შემდეგ ადამიანი წუთისოფელში, ანუ დროში მარადიულობას მოკლებულ ყოფაში ცხოვრობს, დაქვემდებარებული სიკვდილს, ცხოვრობს სხეულში, რომელსაც სული აუცილებლად სიკვდილით დაშორდება, რასაც სულის ტანჯვა ჯოჯოხეთში დამკვიდრება მოჰყვება. „რამეთუ აღივსო ძჳრთაგან სული ჩემი, და ცხორებაჲ ჯოჯოხეთსა მიეახლა. შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი... და დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა“ (ფსალმ. 87, 4-5,7).
სიკვდილის მოლოდინი და ამსოფლიდან გასვლის შიში ადამიანს ეხმარება წუთისოფლის წარმავლობის აღქმაში, მის გონებას აიძულებს სიცოცხლის რაობის შესახებ ფიქრს, შემოქმედის აღქმასა და ღმერთთან სინანულით წარდგომას. სულისთვის სიკვდილი არ ნიშნავს დასასრულს, გაქრობას. მისთვის სიკვდილი სულიერ კვდომას ნიშნავს, რაკიღა სული საწყისს იღებს არა მატერიისგან, როგორც ადამიანის სხეული, არამედ უფლისგან შთაბერვით: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად“ (დაბადება 2, 7), ამიტომ რასაც შედგენილობა არ აქვს, მას არც დაშლა-დანაწევრება და გაქრობა ემუქრება, როგორც ამას ვხედავთ ადამიანის სხეულის შემთხვევაში, სხვადასხვა ნივთიერებებისგან შედგენილი სიკვდილის შემდეგ ამ ნივთიერებებად რომ იშლება, იხრწნება. სულისთვის მხოლოდ გარდაცვალებაა, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. თავისი პიროვნული თვისებებით, აღქმით, ნებით, განზრახვებით, სურვილებით, ინარჩუნებს ყოფიერებას. რადგან ის აკლდება ფიზიკურ მდგომარეობას, მოქმედება, საკუთარი სურვილების აღსრულება არ შეუძლია. გარდაცვალების შემდეგ მას წარადგენენ ღვთის წინაშე, მცირე სამსჯავროზე, მისთვის მარადიული ყოფის განსასაზღვრად, ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე. სულისთვის სწორედ მისი სულიერი მდგომარეობაა მთავარი და არსებითი, თუ რა მდგომარეობაშია მისი სული ღვთის წინაშე, პიროვნული არჩევნითა და მოქმედებით ის მორწმუნეა თუ მოწინააღმდეგე მაცხოვრისა, იცავდა ქრისტესი მცნებებს, თუ უარყოფდა, ამიტომ გაგვაფრთხილა უფალმა, როგორ გაგიყვან ამ სოფლიდან, ისეთი განგიკითხავო: „იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა.ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“ (ლუკა 16, 22-25).
ქრისტეს განკაცებამდე ყველა ადამიანის სული ჯოჯოხეთში მკვიდრდებოდა, მაგრამ აბრაამის წიაღში მართალთა სულები არ განიცდიდნენ ტანჯვას ღვთის რწმენითა და სასოებით მესიის მოლოდინში. ისევ უფლის განკაცებითა და აღდგომით მოხდა ადამიანის განთავისუფლება იმ მდგომარეობიდან, რასაც მიწადვე მიქცევა ჰქვია: „რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს“ (იოანე 5, 21). ვინც მიიღებს ქრისტეს რწმენით და იცხოვრებს მისი მცნებებით, მეორედ მოსვლის ჟამს აღუდგენს უფალი უხრწნელ ხორცში ცხოვრებას, ოღონდ ვინც უფლის მცნებებს დაიცავს, ის მარადიულად უფლის მარჯვნივ იქნება, ვინც უარყოფს და არ მიიღებს ქრისტეს, ის მარადიული ტანჯვისთვის განაწესებს საკუთარ თავს. „ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოანე 5, 28-29). თუმცა უფლის მოწყალება უსაზღვროა, ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც იბრძვის მისი სულის გადასარჩენად, მის მიერვე დადგენილი საეკლესიო მსახურებების მეშვეობით. რადგან ადამიანს გარდაცვალების შემდეგ მოქმედების საშუალება აღარა აქვს, ამიტომ ეკლესია მის სანაცვლოდ ითხოვს მათი სულებისთვის შემწეობას მიცვალებულთათვის დაგენილი მსხურებებით, წირვებითა და პანაშვიდებით. წირვაზე მღვდელი იღებს სეფისკვერიდან ნაწილებს იმ ადამიანთა სულებისთვის, ვისი სახელიც შეაგზავნეს მოსახსენებლად, გარდაქცევის ლოცვის შემდეგ, როდესაც პური და ღვინო სისხლად და ხორცად გარდაიქცევა, წირვის დასასრულს მღვდელი ჩაუშვებს ამ ამოღებულ ნაწილებს ბარძიმში და სთხოვს უფალს: „სისხლითა შენითა განწმინდე ცოდვანი ამათნი“. ვინც მონათლულია და ღვთის გმობით და შეგნებული თვითმკვლელობით არ არის გასული ამქვეყნიდან, ეკლესია ავედრებს გარდაცვლილის სულს ხსნისათვის, რაც მიცვალებულთა სულებისთვის არის არსებითად მნიშვნელოვანი, როგორც მიწიერ ყოფაში წყალი და ჰაერი, რათა მეორედ მოსვლის ჟამს მარადიულად უფლის გვერდზე, მარჯვენით ღვთისა დაიმკვიდრონ სასუფეველი: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად“ (იოანე 5, 24).
ამიტომ ყოველი ქრისტიანი უნდა შეეწიოს გარდაცვლილთა სულებს, როგორც წირვაზე მათი სახელების შეგზავნით და მოხსენიებით, ისე პანაშვიდებით, პირადი ლოცვით. ქრისტიანის ცხონების გზა სხვათა ცხონებაზე გადის, სხვათათვის ლოცვა ჩვენთვისაც საგზალია მარადიულ სასუფეველში. წირვა არის ღვთისმსახურება, როდესაც უფლის წინაშე ერთიანად წარდგებიან და მსახურობენ ღვთის ანგელოზნი, მწირველი ღვთისმსახურები და მრევლი წმინდანთა მეოხებით, ასევე ის გარდაცვლილი ადამიანები, ვისაც მოიხსენებს წირვაზე მღვდელი. ამიტომ ყველა ადამიანი უნდა ზრუნავდეს როგორც თავისი სულის ცხონებისთვის, ისე გარდაცვლილ ადამიანთა ცხონებისთვის ღვთისმსახურების მეშვეობით, რომელიც დაადგინა თავად უფალმა.
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (549)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას