"რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის
მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე,
ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“ (მათ. 24, 27).
მოხდება თუ არა ყველა ადამიანს განსჯა და განკითხვა.
„აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს“ (გამოცხ. 22, 12).
თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავს პროგრესულად, განვითარებულელად, განათლებულად აღიქვამს, ყველა სფეროში თავის აზრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, განსაკუთრებულად ადვილად გამოთქვამს აზრს ისეთ მნიშვნელოვან საკითხშიც კი, ადამიანის ცხონება რომ ჰქვია, ღვთისგან განსაზღვრულ საყოველთაო სამსჯავროზე, უფლის მიერ კაცთა განკითხვის განცხადებაზე თავისი შეხედულებებით მსჯელობს. დიდი უმრავლესობა ადამიანებისა ნაკლებად იცნობს ეკლესიის გარდამოცემას, წმინდა წერილს, მაგრამ მაინც მსჯელობს წმინდა წერილის შესწავლის გარეშე და თავის აზრს, შეხედულებას თუ სწავლებას ავითარებს. უმრავლეს შემთხვევაში ზედაპირული ცოდნის ან არცოდნის გამო, ამასთანავე, პიროვნული უარყოფითი დამოკიდებულებით განსჯის და აკრიტიკებს ეკლესიის სწავლებას. თვლის, რომ ადამიანს, ვისაც არ მოუსმენია ქრისტეს სწავლება, მის ქვეყანაში ეკლესიის არარსებობის მიზეზით, შესაძლოა, ურწმუნოების ან ათეისტობის გამო საერთოდაც არ უფიქრია ამ საკითხებზე, რატომ განსჯის მას უფალი, ეს ხომ უსამართლბა იქნება, ამით უფლის ყოვლადსამართლიანობა ხომ დაირღვევა?
ზოგიც ასე მსჯელობს: მე ათეიზმის პერიოდში დავიბადე, აკრძალული იყო ეკლესიაში სიარული, ტაძარში შესვლის გამო თუ არ დაგაპატიმრებდნენ, სამსახურს აუცილებლად დავკარგავდით... ასე გავიზარდეთ, ასე ჩამოვყალიბდით და ამის გამო როგორ განმსჯის უფალი? მთელი ოცდაათი წელი გავიდა ანტიქრისტიანული იმპერიის დანგრევიდან, მაგრამ მაინც ამით იმშვიდებს თავს.
გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფში წმინდა წერილის, როგორც მითს ისე განიხილავდნენ და ამბობდნენ, საერთოდ იქნება კი საყოველთაო სამსჯავრო, დარწმუნებულები არ ვართო, თავის გასამართლებლად გამოთქმაც მოიფიქრეს – „არცოდნა არცოდვააო“; ჰოდა, დაიმშვიდეს თავი. ეს ისე აიტაცეს, რომ არავის უნდა უფლის სწავლების მოსმენა.
ეშმაკს მრავალი სახის ცდუნება და სიცრუე აქვს მომზადებული ადამიანის უფლისგან დასაშორებლად და მათ შორის ესეც ერთ-ერთი მისი ხრიკია. სინამდვილეში საყოველთაო სამსჯავროზე ყველა ადამიანი წარსდგება და განიკითხება, როგორც ქრისტიანი, ისე არაქრისტიანი, ყველა სახის წარმართი, ვინც არის და ვინც არ არის რწმენაში, ყველა, ვინც კი დაბადებულა ამ ქვეყნად. როგორც პავლე მოციქული ამბობს „რადგანაც მიკერძოება უცხოა ღვთისათვის ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება“ (რომაელთა მიმართ 2, 11-12.)
ვინც ქრისტიანობა მიიღო და ცხოვრობს ქრისტეს მცნებებით, ეკლესიის წიაღში ღვთისგან დადგენილი საიდუმლოთა მეშვეობით სრულყოფს საკუთარ თავს, მას, როგორც ცხოვრებით სარწმუნოებაში მყოფს ისე განიკითხავს, მაგრამ თუ არ ცხოვრობს ღვთისნიერად, რჯულის არაღსრულების მიხედვით განსჯის. ვისაც არ აქვს რწმენა, მას ბუნებითი რჯულით – სინდისით განიკითხავს უფალი. ყველა ადამიანი იმხილება სინდისით, თუ მისი განზრახვა და მოქმედება ეწინააღმდეგება გულზე დაწერილი რჯულით: „როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს, საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ“ (რომაელთა მიმართ 2, 14-16.) სინდისის წინაშე როგორ მოქმედებდა – კლავდა, მრუშობდა, იპარავდა, ბოროტებას განიზრახავდა, ატყუებდა, ჩაგრავდა თუ არა – ასეთი სახით განსჯის მათ უფალი. ასე რომ, სამსჯავროს გვერდს ვერ აუვლის ვერც ურწმუნო და ვერც წარმართი.
მაცხოვრის მიერ საკუთარი სისხლის დაღვრა ადამიანის გამოსახსნელად უდიდესი წყალობა და მადლია, ასე რომ სწყურია ადამიანის სულს და ყველა, ვინც არ დაუფასებს ამ ღვაწლს და არ ეძებს მას, მისივე სინდისით ამხელს უფალი მის პიროვნულ უღმრთო გადაწყვეტილებაში.
ვინც არ მოინათლა ან მოინათლა, მაგრამ იმავე გამართლებით („არცოდნა არცოდვაა“) უამრავ ცოდვას იქმს, თუმც თავს ქრისტიანს უწოდებს, მათ პავლე მოციქული ასე ამხელს: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (პირველი კორინთელთა 6, 9-10).
ქრისტიანების არასწორი არაქრისტიანული ცხოვრება მათ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს, რადგან ურწმუნო და წარმართი ადამიანი შენს ცხოვრებას შემოცცქერის და იქიდან სჯის შენი სარწმუნოების ჭეშმარიტების შესახებ. განსაკუთრებულად იმ ერებს, ვინც ხმამაღლა აცხადებს ქრისტიანად თავს, მაგრამ აბსოლუტურად მცნებებისა და ქრისტიანული შეგნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ასევე ისეთ ერებს, როგორიც ჩვენ ვართ, რომელთაც მრავალი შენივე ეროვნების ადამიანი შემოსცქერის, სხვადასხვა ქვეყანაში გადასახლებისა თუ ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, რომელნიც იძულებით სხვა რელიგის აღმსარებლები გახადეს და მათთვის შენი ცხოვრება, შესაძლოა, ისევ უფალთან დაბრუნებისა და მათი ცხონების შესაძლებლობა იყოს... ამის საწინააღმდეგოდ კი, არასწორი და დაცემული ცხოვრების წესის გამო, ის მცირე იმედი და რწმენაც კი შეიძლება მოკლა მათში. ამავდროულად, თითქოს ფიქრობ მათზე და გინდა მათი ეკლესიის წიაღში დაბრუნება, რაც მცდარი დამიკიდებულებაა. ასეთ ადამიანებზე, სიტყვით ერთია რომაა და საქმით მეორე, პავლე მოციქულის ბაგეებით გვიცხადებს უფალი: „კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს? ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ? რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ? ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის“ (რომაელთა მიმართ 2, 21-24).
ადამი სამოთხეში იყო, მაგრამ გაურბოდა უფალს, აღარ შეეძლო მასთან ყოფნა, ემალებოდა მას, რაც არის ცოდვის შედეგი. მარადიულად ამ მდგომარეობაში რომ არ დარჩენილიყო , უფალს დროებით ყოფა შემოაქვს ადამიანისთვის დედამიწაზე, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ის ადამიანი, ვინც არ დადის ეკლესიაში, არ აბარებს აღსარებას, არ ეზიარება, არ სრულყოფს საკუთარ თავს, არ ემსგავსება უფალს და არ განიღმრთობა – ყველა იმავე მდგომარეობაში დგას, როგორშიც ადამი იყო სამოთხეში, რადგან ეკლესია არის ზეცა დედამიწაზე, ქრისტეს მიერ ამქვეყნად საკუთარი განკაცებით მოტანილი.
საკუთარი შეხედულებებით ნურვინ დაიმშვიდებს თავს. ვინც რწმენასა და სინდისსაც შეურაცხყოფს თავისი ცხოვრებით, პირველ რიგში სწორედ მას განსჯის უფალი, შემდეგ დანარჩენებს სინდისის მიხედვით განიკითხავს. „და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მისი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?“ (გამოცხ. 6, 16-17).
როგორც უფალმა გვითხრა, ვიწროა გზა, სასუფევლისკენ სავალი, ვინც მარხვით, ლოცვით, სინანულით, სასოებით და მადლის მიღებით განვლო, დაეწაფება ქრისტეს, ასეთები დაიმკვიდრებენ უფალთან ცათა სასუფეველს: „ ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს? რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“ (I კორინთელთა 6, 19-20). ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი.
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (2160)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას