logo.png

ხორციელის კვირა – საყოველთაო აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს შესახებ

მათე, XXV, 31-46

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: ჯრუჭის ოთხთავი, დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში)

,,ხოლო როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა მისი ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავის დიდების ტახტზე. და შეიკრიბება მის წინაშე ყოველი მოდგმა და გამოარჩევს მათ ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი არჩევს ცხვრებს თიკნებისგან”.

პირველ ყოვლისა, დღევანდელი სახარება ყოვლად უეჭველად გვიმოწმებს, რომ უფალი ღმერთი მის ანგელოზებთან ერთად მოვა დიდებით და აღასრულებს ყოველთა განსჯას, განკითხვას, იმის მიუხედავად, სწამთ ეს თუ არა სწამთ, მოელიან უფლის მეორედ მოსვლას თუ არა. იგი აუცილებლად მოვა და არ დააყოვნებს. შეიკრიბება ცისა და ქვეყნის მეუფის წინაშე ყოველი ხალხი, ყოველი ადამიანი, პირველი ადამიანიდან უკანასკნელი დროის ადამიანამდე, ვისაც უფლის მეორედ მოსვლა და განკითხვის საშინელი დღე ცოცხლებს მოუსწრებს; შეიკრიბებიან ყოველნი, მაგრამ უკვე ქვეყნიური ღირსებების ყოველგვარი განსხვავების გარეშე, განურჩევლად პატივისა, ხელმწიფებისა, დიდებისა, სიმდიდრისა, მხოლოდ ერთი გამასხვავებელი ნიშან-თვისება იქნება მათ შორის: რწმენა და ურწმუნოება, ესე იგი კეთილმსახურება და უკეთურება, სათნოებანი და მანკიერებანი, ცხოვრების სიწმიდე და ცოდვათა სიბილწე.

,,აი, შეიკრიბნენ ყოველნი, წერს წმიდა ეფრემ ასური, და თრთოლვით აღსავსე მდუმარებაში მოელიან ,,გამოჩინებას დიდებასა დიდისა ღმრთისა, მსაჯულისა, რომლის გარდამოსვლა განცხადდება გამოჩენით ცაზე ნიშისა სასწაულისა ძისა კაცისასა, ჯვრის გამოჩენით, რომელიც არის კვერთხი დიდი მეუფისა, რომლის ხილვაზეც ყველანი გულისხმა-ჰყოფენ, რომ მის შემდეგ მეუფე მოვა. მაშინ გაისმა ხმა: აჰა მეუფე მოდის, ღმერთი ყოველთა განსასჯელად, ყოველთა ცხოველთა და მკვდართა! მაშინ საყვარელნო ძმანო ჩემნო, იმ ხმისგან შეიძვრება ქვეყნის საფუძველი; და ყოველ ადამიანს შიში და თავზარი დაეცემა იმის მოლოდინისგან, რაც სამყაროს მოელის. მაშინ გამოჩნდებიან ანგელოზთა დასნი, ურიცხვი ანგელოზნი, და ძლიერებით იღაღადებენ: ,,წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო და რომელიც არს და რომელიც იქნება. მაშინ განიხვნებიან ცანი და გამოცხადდება მეუფე მეუფეთა, ყოვლად დიდებული ღმერთი ჩვენი, მსგავსად საშინელი ელვისა, მრავლითა ძალითა და შეუდარებელი დიდებით, როგორც გადმოგვცემს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, ,,აჰა მოდის ღრუბლებით, და იხილავს მას ყოველი თვალი, და ისინიც რომელთაც განგმირეს იგი. და ჰგოდებდეს მის წინაშე ქვეყნის ყოველი ტომი.“ რა შიში და ძრწოლა იქნება იმ ჟამს! მაშინ გადაიშლება საშინელი წიგნები, სადაც ჩაწერილია ჩვენი საქმეებიც და სიტყვებიც, ყოველივე ის, რაც გვითქვამს და გავიკეთებია ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში და რისი დამალვაც გვიცდია ღვთისგან. რამდენი ცრემლის ღვრა გვჭირდება იმ ჟამისთვის, რომ არ დაგვაყენოს უფალმა თიკანთა გვერდით. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს ,, ცხოვარნი და თიკანნი იმიტომ ითქვა, რომ უფალი ამით გვიჩვენებს ადამიანთა შინაგან მდგომარეობას, იმ თვისებებს, რომელთაც მართლმორწმუნეები და ცოდვილნი იძენენ, რაც ერთგვარ სულიერ შესამოსლად ემსახურება მათ, რომელიც მკაფიოდ განასხვავებს მათ ერთმანეთისგან“.

,,...მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნით მყოფთ: მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისა და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან, რადგან მშიოდა და მომეცით მე საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ მე, უძლური ვიყავი და მომხედეთ მე, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან.....მაშინ ეტყვის მარცხნივ მყოფთ: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის...”

როდესაც მართალებიც და ცოდვილებიც გაკვირვებულები კითხავენ მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხოობაში და უძლურებაში ან საპყრობილეში? მაშინ მიუგებეს მართლებს და ეტყვის: რაც გაუკეთეთ ერთ მცირეს ამ ჩემს ძმათაგან, მე გამიკეთეთ. ხოლო წარწყმედილთ ეტყვის: რაც არ გაუკეთეთ ამ მცირეთაგანს, მე არ გამიკეთეთ. მაშასადამე, მთავარი მიზეზი მართალთა ცხონებისა ის იქნება, რომ ისინი იყვნენ უამრავი მოწყალების გამცემი გაჭირვებულთათვის.

უმთავრესი მიზეზი წარწყმედისა ის იქნება, რომ მარცხნივ მყოფნი არ იყვნენ მოწყალენი. ძალიან საგულისხმოა ის, რომ უკანასკნელ წამს, როდესაც ყველა ადამიანი თავად ღვთის პირით საბოლოო განაჩენსა და თავის საუკუნო ხვედრს შეიტყობს, მაცხოვარი მოწყალების გარდა არაფერს სხვას არ გაახსენებს და არ მოუწონებს მართლებს. თუმცა უეჭველად მათ სხვა მრავალი სათნოებაც შეამკობს. ცოდვილებსაც, სხვას არაფერს დააყვედრებს გარდა იმისა, რომ ისინი არ იყვნენ მოწყალენი. თუმცა სხვა მრავალი ცოდვაც ექნებოდათ თავის ცხოვრებაში ჩადენილი. რა არს ამის მიზეზი? რატომ არ ეუბნება მაცხოვარი მარჯვენით მდგომთ, რომ ისინი აღვსილი იყვნენ სარწმუნოებით, სასოებით, ყოველთვის მარხულობდენენ, გულმოდგინეთ ლოცულობდნენ, ბევრმა მათგანმა მოწამებრივად ადიდა ქრისტე. რატომ არ ეუბნება მაცხოვარი ცოდვილებს, რომ ისინი იყვნენ ურწმუნოები, უწმიდურები, კაცის მკვლელები, და სხვა ამის მსგავსი მრავალი ცოდვის ჩამდენნი? იმიტომ საყვარელო ძმაო, რომ მოწყალება არის ნაყოფი, ცხადად გამომხატველი ყველა სხვა სათნოებისა, სარწმუნოებისა, სასოებისა, სიყვარულისა. ისევე, როგორც უმოწყალობა ყველა სხვა ცოდვის ნიშანია. მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს საქმესა და მოქმედებას და არა მხოლოდ სიტყვასა და უნაყოფო აზრს. კარგად დავუკვირდეთ მაცხოვრის ამ სიტყვებს. იგი გასწავლის, რომ პირადად შენი ხელით, შენი მოქმედებით ემსახურო გაჭირვებულებს. როდესაც შენ ვინმეს ხელით გაუგზავნი გლახაკს მოწყალებას, ამას არ მოაქვს შენთვის დიდი სიკეთე. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მოწყალების მცნება. როდესაც შენ პირადად, უშუალოდ შენი ხელით ემსახურები გაჭირვებულს, იმ ადამიანის მიმართ სიყვარული გიჩნდება და გულიც გიკეთილშობილდება.

შენ, საყვარელო ძმაო, იქნებ გაქვს სარწმუნოება და სასოება და მრავალი კეთილი განზრახვა გულში, გიფიქრია ამის შესახებ, სურვილიც გქონია მის შესასრულებლად, მაგრამ არ აღასრულე, სურვილი სისრულეში არ მოიყვანე.. მაშინ შენ ვერ გაერევი მარჯვენით მდგომთა შორის და ვერ ცხონდები. ნახე, როგორ ამბობს უფალი: შიშველი ვიყავი, უცხო ვიყავი, საპყრობოლეში ვიყავი. ესე იგი, როდესაც შენ ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკს, მაშინ თვით ქრისტეს ემსახურები. მრავალჯერ მოგვისმენია ეს დიდი ჭეშმარიტება, მაგრამ ბევრჯერ თქმასა და მოსმენას ისე მიეჩვია ჩვენი ყური და გონება, რომ ის დიდად აღარ მიგვაჩნია, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ამაზე უფრო სანატრელი არაფერია. როდესაც ემსახურები გაჭირვებულ ადამიანს, მაშინ ემსახურება თვით ქრისტეს და სიკეთეს ასესხებ უფალს საუკუნო ცხოვრებისთვის. აქ, ამქვეყნად ადამიანი ადვილად და ხშირად სცოდავს იმის იმედით, რომ მის ცოდვას ვერავინ გაიგებს. ყველა ადამიანი თავმომწონეა და ეშინია, რომ ვინმემ ცუდი რამ არ იფიქროს მასზე. ყველა ცდილობს დამალოს და დაფაროს თავისი ცუდი თვისებები და ძრახვები. ცოდვას უყვარს დუმილი და სიბნელე. ადამიანი თუკი ვერ შეძლებდა ცოდვის დაფარვას, თუ ის დარწმუნებული იქნებოდა იმაში, რომ იმავე წამსვე ცნობილი გახდებოდა ყველასთვის მისი შეცოდების შესახებ, უეჭველია რომ, ის ვერაფრით ვერ გაბედავდა ცოდვის ჩადენას. ადამიანები კი ვცოდავთ, მაგრამ ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ მოვინანიებთ ჩვენ ცოდვებს, თუმცა ხშირად ვარღვევთ რჯულს, მაგრამ მრავალ მიზეზს ვიგონებთ საკუთარი თავის სანუგეშოდ და მრავალნაირად ვაჩუმებთ ჩვენს სინდისს.

იმ საშინელ დღეს ცოდვაში მყოფ ადამიანს აღარ ექნება თავის მართლების არანაირი საშუალება და ნუგეში. რით გაიმართლებ თავს, როცა მონანიებისთვისაც კი აღარ გექნება დრო, რადგან მოისმენ უკანასკნელ განაჩენს, რომ მართალთაგან გამოგყო უფალმა და დასჯილთა შორის დაგადგინა. შენი სინდისი, რომელიც განთავისუფლდა, იწყებს შენს მხილებასა და ტანჯვას. ყოველი მისი სიტყვა და საქმე როგორც დაუნდობელი ლაშქარი, წინ დაგიდგება და იწყებს შენს ტანჯვასა და წამებას. მაშინ გაგახსენდება შენ ძმაო, შენს მიერ ჩადენილი ყველა ბოროტება. რამდენი დრო დაკარგე უნაყოფოდ შენი სულისათვის, რამდენი მადლი და ნიჭი დაკარგე შენი ურჯულოების გამო, რამდენჯერ მოგცა ღმერთმა საშუალება სინანულისა და ცოდვათა მიტევებისა, მაგრამ შენ უგულებელყოფდი მას. წუხილი, კვნესა და გოდება ამაო იქნება მაშინ, ამაოდ აღაპყრობ ხელებს, გვიანია სინანული, დამთავრდა დრო შეწყალებისა და მიტევებისა. ითქვა უკვე ,,წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში.” მაშინ ის ადამიანი ინატრებს, რომ არ გაჩენილიყო საერთოდ.

გარდა ამისა, ისიც უნდა გაიაზრო, რომ ამქვეყნად რაც არ უნდა სამწუხარო რამ შეემთხვეს ადამიანს, მაინც ინუგეშებს თავს, რადგან როდესღაც აუცილებლად დასრულდება მისი ტკივილი. შეიძლება ისეთი რამ შეემთხვეს ადამიანს, წუხილი და ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე მისი დასათმენი იყოს, მაგრამ სიკვდილი მაინც ასრულებს ამ ტკივილს. ხოლო უკანასკნელი სამსჯავროს განაჩენს აღარა აქვს სასრული და აღარც შეიცვლება, ამიტომ წარწყმედილი ადამიანისთვის ეს საშინელი შიშისა და ტკივილის მომგვრელი იქნება, რადგან იქ ადამიანის ტანჯვა იქნება დაუსრულებელი. გევედრები, წარმოიდგინე, ძმაო ჩემო, მდგომარეობა ცოდვაში მყოფი ადამიანისა გეჰენიაში, ტანჯვასა და ტკივილში, რომელსაც აღარ ექნება დასასრული. საპირისპიროდ ამისა ვინ შეძლებს გამოხატოს და გადმოსცეს ის ბედნიერება და ნეტარება, რომელსაც გრძნობს მართალი ადამიანის გული, როდესაც მოისმენს ღვთის სიტყვას: ,,მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისა და დაიმკვიდრეთ სასუფეველი,” და განძღებიან ისინი ღვთის ტკიბილი სიტყვით, ხილვითა და სიყვარულით, ვისი ნახვაც შიოდათ და სწყუროდათ ამქვეყნად.

გლოცავთ.. შეგეწიოთ ღმერთი, საყვარელნო ძმანო! ვიდრე დრო გაქვთ და უფალი კიდევ ითმენს თქვენს ცოდვებს, ხშირად გაიხსენეთ საუკუნო სამსჯავრო, რათა სიფრთხილით იცხოვროთ და თუ გსურთ იმ დროისათვის გამართლებული ადამიანის ხვედრი, ისიც გავიგონეთ დღეს წაკითხულ სახარებაში: ,,მშიოდა და მომეცით მე საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ მე, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ მე, უძლური ვიყავი და მომხედეთ მე, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან”. აი, რა აცხონებს ადამიანს! თუკი გსურს ცხონება, შენც ასე იცხოვრე და აირიდე საუკუნო ტანჯვა, ამინ!

წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

 

 

ნანახია: (339)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას