დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ისტორია ადამიანს ოდითგანვე აინტერესებდა. მეცნიერებამ ამ მხრივ ბევრი ახალი გვითხრა და როგორც ჩანს, ახლა საბოლოო პასუხს კიდევ უფრო მივუახლოვდით. მკვლევრებმა, შესაძლოა გაარკვიონ ის თუ როგორ წარმოიქმნა პირველი უჯრედები.
კალიფორნიის სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ჯგუფის განცხადებით, ქიმიური პროცესი, რომელსაც ფოსფორილირება ეწოდება, შესაძლოა უფრო ადრე მომხდარიყო, ვიდრე აქამდე ეგონათ.
ეს პროცესი მოლეკულას ატომების ჯგუფებს ამატებს, რომლებიც ფოსფორს შეიცავს. შედეგად ცხიმები, რომლებსაც პროტოცილებს უწოდებენ, უფრო მრავალმხრივ, სტაბილურ, კომპლექსურ და ქიმიურად აქტიურ ნივთიერებად იქცევა.
მიჩნეულია, რომ ამ პროტოუჯრედებმა 3,5 მილიარდი წლის წინ ბიოქიმიის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. ეს ელემენტები კი სავარაუდოდ ოკეანეების ქვეშ ჩამოყალიბდა, რამაც საბოლოოდ უფრო რთული ბიოლოგიური სტრუქტურების გაჩენას დაუდო საფუძველი.
"ყველას გვაინტერესებს ის თუ საიდან მოვედით. ეს აღმოჩენა გვეხმარება უკეთ გავერკვიოთ დედამიწის ქიმიურ გარემოში. შედეგად ჩვენ კიდევ უფრო მივუახლოვდით იმას, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე და რა სახით განვითარდა ის ადრეულ ეტაპზე", — თქვა ქიმიკოსმა რამანარაიანან კრიშნამურტიმ.
კრიშნამურტის აზრით, ფოსფორილირება პროტოცილების ფორმირების ადრეულ ეტაპებზეც ხდებოდა.
დედამიწის ადრეული დღეების სიმულირებისთვის, მკვლევრებმა ლაბორატორიაში ცხიმოვანი მჟავები და გლიცეროლი ერთმანეთში შეურიეს. ამით მათ უფრო რთული ვეზიკულების შექმნა სურდათ. ეს ბუშტების მსგავსი (პროტოცილები) სტრუქტურებია, რომლებიც ხელს უწყობს უჯრედების ჩამოყალიბებას.
ტემპერატურისა და მჟავიანობის გარკვეული ცვლილებით, მკვლევრებმა შეძლეს და მიიღეს ქიმიური რეაქციები, რამაც დაადასტურა, რომ ფოსფორილირებამ პროტოუჯრედების "პირვანდელ სუპის" გარდაქმნაში დიდი როლი ითამაშა. სწორედ ამ "პირვანდელ სუპში" უნდა ჩამოყალიბებულიყო პირველი უჯრედები.
"ექსპერიმენტების დროს ვეზიკულები ცხიმოვანი მჟავის გარემოდან ფოსფოლიპიდურ გარემოში გადავიდა. ეს აჩენს მოსაზრებას, რომ მსგავსი ქიმიური გარემო ოთხი მილიარდი წლის წინ არსებობდა და პირველი უჯრედების ჩამოყალიბებას სათავე სწორედ ამან დაუდო", — თქვა ქიმიკოსმა სუნილ პულეტიკურტმა.
თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო იმის ზუსტად გასაგებად თუ როგორ ჩამოყალიბდა სიცოცხლე დედამიწაზე.
მილიარდობით წლით უკან გახედვა, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. მიუხედავად ამისა, მეცნიერები იკვლევენ იმას, თუ რა მოხდა დედამიწის ჩამოყალიბებისთანავე.
კვლევა Chem-ში გამოქვეყნდა.
წყარო: ScienceAlert
ნანახია: (242)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას