logo.png

მესამე ნეტარების განმარტება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი, ატენის სიონის ფრესკა)

ნეტარება მესამე: ,,ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა”.

მშვიდი ის ადამიანია, რომელიც არავის აწუხებს, არავის აწყენინებს, პირიქით, ყველას შეიწყნარებს და შეეწევა. მას კთილი და სახიერი გული აქვს, თავმდაბლად იტანს წყენას, არ ურისხდება იმ ადამიანებს, ვისგანაც წყენა მიიღო და არ პაუხობს მათ იმავე მოქმედებით. მშვიდი ადამიანი არ ესწრაფვის ძალაუფლების მოპოვებას, მისთვის მთავარი იმ სულიერი მდგომარეობის მიღწევაა, რომელსაც მაცხოვარი გვასწავლის: ,,აიღეთ უღელი ჩემი თქვენზედა და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულითა, და ჰპოვებთ თქვენი სულების მოსვენებას”.

ასეთი ადამიანები ყველანაირ დაძაბულობას სიმშვიდით განმუხტავენ, სიმშვიდით მართავენ გარემოს. უფალი ასეთ ადამიანებს აღუთქვამს ქვეყნის დამკვიდრებას. როგორ შეიძლება მშვიდმა, ძალაუფლების არმაძიებელმა ადამიანმა დაიმკვიდროს ქვეყანა? ღმრთის ეს აღთქმა ხშირად ხორციელდება. მშვიდი და წყნარი იყო დავით მეფსალმუნე, რომელიც მწყემსი იყო, არც უფიქრია მეფობაზე, მაგრამ ღმერთმა აღამაღლა მეფის ტახტზე. მოციქულები და პირველი ქრისტიანები იყვნენ დევნილები, შეურაცხყოფილები, მააგრამ სწორედ მათ დაიმკვიდრეს ქვეყანა. უფალს უყვარს მშვიდი და კეთილი ადამიანები. თუ ასეთ ადამიანს შეემთხვევა რაიმე უბედურება, მას სწრაფად უწევს დახმარებას. თავად ბრძანებს: ,,ვის მივაპყრობ მზერას – გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს”. მაშასადამე, მშვიდი ადამიანი ღვთის განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშაა. სწორედ ქრისტიანული ღირებულებები და აზროვნებაა დღემდე ზოგადსაკაცობრიო ფასეულობისა და ადამიანთა სწორი აზროვნების განმსაზღვრელი.

მშვიდ ადამიანს ყველა უყვარს, ცდილობს სხვათა გულის მოგებას, თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი შეურაცხმყოფელის დამშვიდებასაც კი. აკურთხებს თავის მოძულეს, მტრისთვის ისე ევედრება უფალს, როგორც თავისი კეთილისმყოფელისა და ახლო მეგობრისთვის. იგი ნაკლებად მოლაპარაკეა, საუბარში თავშეკავებული. სულის ამგვარ მდგომარეობას სიმშვიდე და სიწყნარე ეწოდება. ეს არ არის გულჩვილობა, რომელსაც შეუძლია მიიყვანოს ადამიანი ყველაფრის მიმართ გულგრილობამდე. მღვდელმთავარი ელი თავადაც დაიღუპა და შვილებიც დაღუპა ასეთი სიმშვიდით. მშვიდი იმას შეიძლება ეწოდოს, ვინც გრძნობს მრისხანების მოქმედებას, მაგრამ მართავს საკუთარ თავს, ანეიტრალებს მას და იმარჯვებს მასზე. ,,მშვიდ გულში, ამბობს წმინდა იოანე კიბისარმწერელი, უფალი მკივიდრედება, ხოლო მეამბოხე სული საყუდარია ეშმაკისა”. მშვიდი ადამიანი ყველაფერში ეყრდნობა ღმერთს, მძიმე განსაცდელის ჟამსაც, მართალი იობის მსგავსად, ადიდებს უფლის სახელს. აი, რატომ შენატრის ასეთებს თავად გულით მშვიდი და მდაბალი უფალი : ,,ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მატ დაიმკვიდრონ ქვეყანა”. იგი მშვიდ ადამიანებს ჰპირდება ცოცხალთა მიწასაც, რომელზედაც მართალნი ,,დაემკვიდრებიან უკუნითი უკუნისამდე”, იმ ახალ მიწას, სადაც მუდამ იცოცხლებენ და არ მოკვდებიან. აი, სად არის ჭეშმარიტი, წაურთმეველი ქონება მშვიდთა, - ზეციური მამის მარადიულ სამეფოში. და შენც, მშვიდო ქრისტიანო, იქ ასწილად იპოვი იმას, რაც აქ დაგიკარგავს. რაც უფრო მეტად შეიცნობს კაცის სული თავის ცოდვებს, მით უფრო ხედავს, რომ ,,არა განმართლდეს ყოველი ხორციელი”, რომ ყველა ჩვენი სიმართლე, იგივეა, რაც არაწმინდა ძონძი ღვთის წინაშე; ამასთან, სინდისი ითხოვს რჯულის შესრულებას, სულს სწყურია და ეშურება ღვთის სამსავროზე გამართლებას და გულის სიღრმიდან გამოდის ღვთისადმი შემდეგი სიტყვები: ,,უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?” და ,,ნუ შეხვალ მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველ ცხოველი”. ყველამ, ვისაც აქვს სურვილი მარადიული ნეტარებისა, ყური მივაპყროთ უფალს, რომელიც ბრძანებს: ,,ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”.

წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის(ქიქოძე) ქადაგებათა მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა.

 

 

ნანახია: (493)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას