logo.png

მეორე ნეტარების განმარტება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე - წმიდა პეტრე მოციქული, მინიატურა დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში)

მეორე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ."

მეორე ნეტარებას ღმერთი მას აღუთქვამს, ვინც გულით მწუხარე და მგლოვიარეა. მწუხარება ორგვარია: ერთი ხორციელი, ამსოფლიური, მეორე – სულიერი. ამსოფლიური მწუხარებისას კაცი ხორციელი ზარალის გამო წუხს, მაგალითად, სნეულების, სიკვდილის, სიდუხჭირის ან რომელიმე სხვა უბედურების გამო. სულიერი მწუხარებისას ქრისტიანი წუხს საკუთარი უღირსებისთვის. პირველი ნეტარება – სულიერი გლახაკობა მეორეს – სულიერ გლოვას შობს. სულით გლახაკი ადამიანი, გათავისუფლებული სულიერი და ფიზიკური გულისთქმისაგან, შეუძლებელია არ გლოვობდეს საკუთარ თავს და, ზოგადად, კაცობრიობის დაცემულ მდგომარეობას. ასეთი კაცი სულიერ მადლს მიიღებს. აკი თქვა კიდეც უფალმა: ,,რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ”, მაგრამ როდის იქნებიან ისინი ნუგეშინისცემულნი? სრული ნუგეშისცემა მომავალ საუკუნეში, მარადიულ ყოფაში მოხდება, როდესაც ცოდვათაგან გათავისუფლებასა და სრულ ნეტარებას მიიღებენ. ამსოფლადაც ხდება ნუგეშის მიღება. ალბათ ბევრ თქვენგანს გამოუცდია, მწუხარებით დამძიმებულს როგორ მისცემია შვება, თუ მას უტირია გულიდან მომდინარე ცრემლით. მგლოვარე ადამიანი მეტად დამძიმდება, თუკი ცრემლი არ მოუვა. მის გულს ეს მწუხარება მეტად ამძიმებს, რადგან ის ცრემლს გარეთ ვერ გამოაქვს. ასეთი თვისება აქვს ცრემლს: შინაგანი მწუხარება გარეთ გამოაქვს და დარდს უმსუბუქებს მლოვიარეს. უმეტესი შვება და გამოუთქმელი ნუგეში მიეცემა მგლოვიარე ადამიანს, როცა ის ცრემლს ლოცვას შეუერთებს. ვისაც ერთხელ მაინც ულოცია ხატის წინაშე, მან კარგად იცის, რომ არანაირი ნუგეში არ ათბობს ადამიანის გულს ამის მსგავსად. ამიტომაც ყოველგვარ მწუხარებაში მაცხოვარს ვთხოვოთ ნუგეშისცემა, რადგან იგია სიტკბოების უშრეტი წყარო მისთვის, ვინც გულს უფალს გაუხსნის. მან უწყის ჩვენი ყოველი სისუსტე და უძლურება. მან თავად გამოსცადა ყველანაირი კაცობრივი მწუხარება და იტირა მეგობრის საფლავზე. იგი ეტყვის მწუხარეთ: ,,მოვედით ჩემდა ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ. როგორც ძლიერი წვიმის შემდეგ დგება კარგი ამინდი, ასევე მოჰყვება ცრემლს სიხარული და სიმშვიდე სულისა. მეფე დავით ცრემლით დაალბობდა თავის სარეცელს და ამით იღებდა მადლიან შვებას. დაუცხრომლად ტიროდა ცოდვილი დედაკაცი მაცხოვრის ფეხებთან და პასუხად გაისმა: ,,მოგიტევნენ შენ ცოდვანი შენნი”. მწარედ ტიროდა პეტრე მოციქული უფლის უარყოფის გამო და უფალიც აღდგომის შემდგომ პირველივე დღეს ეჩვენა მას. ასე ამშვიდებს უფალი ყველას აქვე, ამსოფლად თავის ცოდვებს ვინც დასტირის.

მაგრამ რა შეიძლება შეედაროს გამოუთქმელ სიხარულს ღვთის სასუფეველში? განუზომელია მოწყალება ღვთისა! ცოდვით დამძიმებულის დამშვიდებისთვის საკმარისი იყო ცოდვების პატიება, მაგრამ უფალი მას ნეტარებას ჰპირდება ზეციურ სამეფოში. ,,როცა ღმერთი ანუგეშებს ადამიანს”,- ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი,- ,, ათასობით მწუხარებაც რომ ჰქონდეს, ის ყველაფერს აქარწყლებს”. თუ ვინმე იკითხავს: როგორ ვისწავლოთ სულისთვის სასარგებლო გლოვა, წმინდა ისააკ ასური ასე პასუხობს: ,,ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, იმას განა ჭირდება ტირილის სწავლა?” იყვნენ ისეთი მამები, რომელთაც მთელი თავისი ცხოვრება სინანულის ცრემლში გაატარეს, ისე, როგორც პეტრე მოციქულმა. გადმოცემის მიხედვით, მას თვალები სულ ცრემლით ჰქონდა სავსე მაცხოვრის სამგზის უარყოფის გამო – ასე გლოვობდა თავის შეცოდებას. ის, ვინც ჭეშმარიტად გლოვობს საკუთარ ცოდვათა გამო, სიხარულით ხვდება ყოველგვარ ტკივილს. მაცხოვარი სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობს: ნეტარ იყვნენ მგლოვარენი, რამეთუ იგინი ნიგეშინისცემულ იყვნენ.

წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის(ქიქოძე) ქადაგების მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა.

ნანახია: (256)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას