"შეუძლებელია კაცი ღმერთის არსებობის აღიარებამდე არ მივიდეს. აქ მის რწმენაზე არ არის საუბარი, ეს კიდევ სხვა ფენომენია. ოდნავი ყურადღებითაც, რომ დააკვირდე ადამიანის შესაძლებლობებს, მის სტრუქტურას, მასში ჩაქსოვილ უნიკალურ სისტემებს, მათ ჰარმონიულ თანამოქმედებას, რაც მთავარია ადამიანში ჩადებულ ზნეობრივ კანონს, რაც მას ყველა სხვა ქმნილებისაგან განასხვავებს, რითიც მას შეუძლია არ იყოს მხოლოდ პირუტყვი, მხეცი, ქვეწარმავალი, არამედ რაღაც სრულიად სხვა რამ ფრთოვანი და მშვენიერი.
ადამიანს ერთი უცნაური თანადაყოლილი თვისება გააჩნია, - ყველა ადამიანი საკუთარ თავს, განუმეორებელი სიკაშკაშის ინდივიდუალურობად აღიარებს, სწორედ ეს შეფარული იდეა აძლევს კიდევაც ადამიანს, ამ სოფლის დაუნდობელ ჯუნგლებში ცხოვრების მთავარ მოტივაციას. სხვა შემთხვევაში ის მალევე დაამთავრებდა სუიციდით, კიდევ უფრო ადრე ვიდრე მას სხვა ადამიანები შეჭამდნენ. ეს აზრი, ერთის მხრივ მანკიერად მოქმედებს ჩვენს პიროვნებაზე და მის დეგრადირებას იწყებს მასში უკიდურესი ეგოიზმის, ნარცისიზმის, ქედმაღლობის და ამპარტავნების კულტივირებით, რაც საბოლოოდ ფსიქიურ აშლილობას იწვევს. მეორეს მხრივ კი, საკუთარი უნიკალური ინდივიდუალურობის განცდა, შემოქმედებით აქტივობის, საკუთარი პიროვნების რეალიზაცია-გასაჯაროების, ერთადერთი იმპულსია.
ნუთუ ეს ურთულესი არსება, ისე თავისით გაჩნდა, ან კონვეირულად ერთ საერთო ყალიბშია სერიულად ჩამოსხმული? ანდა თუ მაინც, სათითაოდ ხელნაკეთი არტპროდუქტია, უბრალოდ ვინმემ შექმნა, დაქოქა და უპატრონოდ გაუშვა დაუნდობელ ჯუნგლებში? - ალბათ არა, რადგან მაშინ, მასში ჩადებული ამდენი შრომა, ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. მაშასადამე, ამ განუმეორებელი, თავისუფალი ინდივიდის გონიერი მართვა და წინამძღოლობა, ერთის მხრივ თავად ადამიანის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, და როგორი სიბრძნე, დახვეწილი აზროვნება და რამხელა შრომაა ამისთვის საჭირო. მაგრამ, როგორც კაცობრიობის ისტორიამ აჩვენა, მხოლოდ ადამიანს, სამწუხაროდ არ შეუძლია საკუთარი ძალებით და უნარებით გაიაროს ამ ცხოვრების მღელვარე ოკეანე, ისე, რომ ღირსეულად, ადამიანურად მიაღწიოს გარდაცვალების ნაპირს. მას აუცილებლად სჭირდება მეგზური, ერთგული მეგობარი და რაც მთავარია ენერგიის წყარო, საიდანაც ის მუდმივად მიიღებს და შეივსებს დახარჯულ ენერგიას. მოკლედ, თავად ის, ვინც დააპროექტა და შექმნა ადამიანი, ვინც ცხოვრების საზრისი ჩადო მასში. მხოლოდ მასთან ერთად თანამოქმედებაში და თანამშრომლობაშია შესაძლებელი, ადამიანმა მოახდინოს საკუთარი პიროვნების რეალიზაცია, მისი განვითარება, გასუფთავება და გამშვენიერება, რასაც ასე ელტვის ქვეცნობიერად ყველა და რისი ნოსტალგიაც მუდმივად თან სდევს ადამიანს."
გელასი აროშვილი
ნანახია: (750)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას