მეტაბოლიზმი გულისხმობს მთელ პროცესს, რომლითაც საკვები გარდაქმნება ენერგიად, რათა ჩვენი ორგანიზმის მიერ მისი გამოყენება მოხდეს სხვადასხვა ფუნქციებისთვის.
ორგანიზმში მეტაბოლური პროცესის დაქვეითება ან მოშლა სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს, როგორიცაა, მაგალითად:
ინსულინისადმი წინააღმდეგობა (როდესაც ორგანიზმის უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ ინსულინზე, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას), სიმსუქნე, დისლიპიდემია, ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება,
მეტაბოლური სინდრომი (მეტაბოლური დარღვევების ჯგუფი, მათ შორის მაღალი წნევა, სისხლში შაქრის მომატებული დონე, მაღალი ქოლესტერინი და მუცლის ცხიმის მომატება).
მეტაბოლურმა დარღვევებმა უამრავი ქრონიკული დაავადება შეიძლება გამოიწვიოს, მეორე ტიპის დიაბეტიდან დაწყებული, საკვერცხის პოლიკისტოზით და უნაყოფობით დამთავრებული.
რა კავშირია ნაწლავის ჯანმრთელობას და მეტაბოლურ ჯანმრთელობას შორის?
მეტაბოლური დისფუნქცია ნაწილობრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის ბარიერის გამტარიანობის გაზრდით.
ნაწლავის ბარიერი ნაწლავის შიგთავსს სისხლის ნაკადისგან ჰყოფს. როდესაც ნაწლავის ბარიერი, სხვადასხვა მიზეზებით, ზედმეტად გამტარი ხდება, საკვები ნივთიერებების გარდა, ენდოტოქსინი, ლიპოპოლისაქარიდიც (LPS) ხვდება სისხლის მიმოქცევაში. ლიპოპოლისაქარიდი ააქტიურებს ანთების გამომწვევ ციტოკინებს და იწვევს ქრონიკულ, დაბალი ხარისხის ანთებას, რაც ასოცირდება როგორც წონის მატებასთან, ასევე უზმოზე გლუკოზის მაღალ დონესთან.
ლორწოს ფენა, რომელიც ფარავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შიდა კედელს, გადამწყვეტ როლს ასრულებს ნაწლავის პათოლოგიური გამტარიანობისგან დაცვაში. ზოგიერთი ბაქტერია, როგორიცაა, მაგალითად, Akkermansia muciniphila, იკვებება ლორწოს ფენის შემადგენელი გლიკოპროტეინებით, მუცინებით. როდესაც Akkermansia muciniphila მოიხმარს მუცინს, ნაწლავის კედელი აძლიერებს მუცინების გამომუშავებას, რითაც ხელს უწყობს დამცავი ფენის შევსებას და შენარჩუნებას. ეს აძლიერებს ნაწლავის ბარიერის მთლიანობას და ხელს უწყობს ზოგადად ნაწლავის ჯანმრთელობას.
შესაბამისად, ნაწლავის დისბიოზმა, ანუ ნაწლავში აკერმანსიას და სხვა ბაქტერიების არარსებობამ ან სიმცირემ, შეიძლება ზემოთ ნახსენები ნაწლავის პათოლოგიური გამტარიანობა, ეგრეთ წოდებული “მჟონავი ნაწლავი” გამოიწვიოს.
ნაწლავის ბარიერის მთლიანობის გარდა, მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს ნაწლავში გარკვეული მეტაბოლიტების, განსაკუთრებით კი ბუტირატის წარმოება.
ბუტირატი არის მოკლე ჯაჭვოვანი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოიქმნება ნაწლავის ბაქტერიების მიერ ბოჭკოვანი საკვების დუღილის (ფერმენტაციის) შედეგად. მას უამრავი სარგებელი აქვს, მათ შორის ანთების შემცირება, ნაწლავის ბარიერის ფუნქციის გაუმჯობესება, მადის დარეგულირება და ინსულინისადმი მგრძნობელობის გაზრდა. ეს ეფექტები ხელს უწყობს წონის და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციას და აუმჯობესებს მეტაბოლურ ჯანმრთელობას.
როგორც ვხედავთ, ნაწლავს მნიშვნელოვანი როლი აქვს მეტაბოლურ ჯანმრთელობაში. ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნება და ბოჭკოთი მდიდარი დიეტა გადამწყვეტია წონის კლებისთვის, სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის და ზოგადად, მეტაბოლური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.
წყარო:
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC9459697/
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7230435/
https://www.frontiersin.org/…/10.3389/fnut.2023.1120168/full
ნანახია: (245)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას